ახალგაზრდულმა პირველი მატჩი ფრედ ითამაშა
ახალგაზრდულმა პირველი მატჩი ფრედ ითამაშა
09.09.2025
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლი, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ აღებული ქულით დაიწყო. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა, რომელმაც მიმდინარე წელს, 2025 წლის ახალგაზრდულ ევროზე იასპარეზა, ახალი შესარჩევისთვის რადიკალური ცვლილება განიცადა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალურ თამაშებამდე, ახალი ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს, არც ერთი ამხანაგური შეხვედრა არ ჰქონია. შესაბამისად, სვანაძის გუნდს, დღეს პირველი გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი.


„ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებთან მივიტანოთ ჩვენი დავალებები და გუნდის მენტალური მხარე, რათა რაც შეიძლება მალე გუნდი შეთამაშდეს და რაც მთავარია, სწრაფად შეიძინოს ხასიათი. დღევანდელი თამაშის ტაქტიკურ-ტექნიკური მხარის განხილვას არც დავიწყებ, შეთამაშების პრობლემა რომ გვექნებოდა, ეს ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო. რაც შეეხება, მოედანზე მენტალობას და ხასიათს, ამაზე ბიჭებთანაც მქონდა საუბარი და პრეტენზიაც მაქვს, რადგან ხასიათი და საქმისადმი სწორი მიდგომა გვჭირდება, ასევე ლიდერი, რომელიც მოედანზე გამოჩნდება და დღეს ამის პრობლემა იყო. ამ მხრივ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ისევე, როგორც ზოგადად, რადგან ჩვენი პირველი შეკრება იყო. გვაქვს ამბიცია, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, რომელიც ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს და მაქსიმუმს გაიღებს. თაობები რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გავს, ყველას აქვს თავისი პლუს-მინუსები, მაგრამ ჩვენი მიზანია მაქსიმუმი მივიღოთ ამ თაობისგან, რომლისგანაც ჯერ მაქსიმუმი არ გვინახავს და იმედი მაქვს, მომავალში უფრო დავლაგდებით და მაქსიმუმს ვაჩვენებთ," - ამბობს რამაზ სვანაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ის, რომ საქართველოს ახალი ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს, დღეს, სვანაძეს დავესესხები, „მაქსიმუმი" არ უჩვენებია  ორმა განსხვავებულმა ტაიმმაც გვაჩვენა. პირველში, რომელშიც ქართველები დომინირებდნენ, ყოველ შემთხვევაში პირველი 30 წუთი და დანარჩენი, სადაც განწყობა გვაკლდა. სხვათა შორის ამ გარემოებას გაუსვა მატჩის შემდგომ ხაზი, რამაზ სვანაძემ:


„არ ვგულისხმობ, რომ დღეს ვინმემ მაქსიმუმი არ გაიღო მოედანზე, არამედ ვგულისხმობ გუნდურ სულისკვეთებას, რომელიც საჭიროა ასეთი მატჩების მოსაგებად. დრო დაგვჭირდება, რამდენიმე შეკრება და დარწმუნებული ვარ, გუნდი სრულყოფილ სახეს მიიღებს მეორე წრის დასაწყისიდან. რამდენიმე ასპექტზე ერთდროულად გვიწევს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ამ დონეზე პირველი მატჩი იყო და ამითაც იყო განპირობებული სირთულეები. თუმცა, გვახსოვს ძველი თაობებიც, სადაც თავიდან არ იყო ყველაფერი დალაგებული და ამიტომ, ეს დროის საკითხია. რაც უფრო მალე მოვახერხებთ ამას, მით უფრო კარგი ყველასთვის", - ამბობს სვანაძე.


ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-7 წუთზე გახსნა. უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა გოლის ავტორის ვინაობა იმდენჯერ შეცვალა, რომ ჩვენ, თავად ფეხბურთელთან ვეცადეთ გადამოწმება ასეა თუ ისე, გოლი გაბრიელ სიგუას ანგარიშზე. ქართველთა გუნდს, ამ გოლის შემდეგაც ჰქონდა ანგარიშს გაზრდის შესაძლებლობა. მათ შორის მეორე ტაიმშიც, თუმცა, ეს ყოველივე სტუმართა გუნდის სახიფათო „კბენების" ფონზე მიმდინარეობდა და რაღა დაგიმალოთ და გოლიც ჩვენს კარში მწიფდებოდა. 66-ე წუთზე კი, მცველისა და მეკარის შეუთანხმებელ მოქმედებას, მართლაც მოჰყვა გოლო. საბოლოოდ, მატჩი, როგორც გითხარით ფრედ, 1-1 დასრულდა.


გუნდურის სულისკვეთების გარდა, სვანაძემ დღეს, მატჩის შემდგომ მედიასთან შეხვედრისას ხაზი იმ გარემოებსაც გაუსვა, რომ მის გუნდში ბევრს ფეხბურთელს ან ცოტა ან საერთოდ არ აქვს სათამაშო დრო. რეალურად, ეს პრობლემა (ცოტა სათამაშო) ეროვნულ ნაკრებსაც ჰქონდა ახალი შესარჩევის პირველ მატჩში, თუმცა, განსხვავებით ახალგაზრდული ნაკრებისგან, ეროვნულს უფრო „ღრმა კავშირი" აქვს და შესაბამისად, ბულგარელებთან უკვე აწყობილი ჰქონდათ ეს საკითხიც.


„ფეხბურთელების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელსაც პრობლემები აქვს თამაშის ინტენსიობასთან და დღეს, ეს ყველამ ვნახეთ. ვნახეთ, რომ ჩრდ. ირლანდიელ ფეხბურთელებს ამ მხრივ არ ჰქონიათ პრობლემა, დავინახეთ მათი მოძრაობა, ინტენსივობა, საერთოდ არ დაგვიტოვეს თავისუფალი სივრცე, ამიტომაც გაგვიჭირდა თამაში, ამ დონეზე რეალურად სხვა ტემპია, სხვა ინტენსივობაა. ფეხბურთელებმა ამაზე აქცენტი კლუბებში უნდა გააკეთონ, რადგან ნაკრებში, ამის მოგვარება შეუძლებელია, იმდენად ცოტა დროა შეკრებაზე სამუშაოდ.


ვიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი. დღეს პირველ რიგში, მე ვარ უკმაყოფილო, რადგან ლოგიკურია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ თამაშის შემდეგ ამბიცია გაზრდილია. გვინდა მაქსიმუმი გავიღოთ, ხოლო ამ თაობის მაქსიმუმი რა იქნება, ამ ყველაფერზე თამამად საუბარს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ შევძლებ", - ამბობს სვანაძე.


გაზრდილი თამასის და არსებული პრობლემების ფონზე, რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას გასვლაზე, 10 ოქტომბერს ლატვიის, 14-ში კი, მალტას წინააღმდეგ ჩაატარებს. ვიმედოვნებთ, რომ სვანაძის გუნდი F ჯგუფში სადაც საფრანგეთის, გერმანიის, ჩრდ. ირლანდიის, ლატვიისა და მალტის გუნდებთან მოგვიწევს ბრძოლა მინიმუმ საუკეთესო მეორე ადგილისთვის, ოქტომბრის ფანჯარას უფრო „ინტენსიურად" მომზადებული შეხვდება.


სტატია რედაქტირებულია 10.09.25, 01:00