ორი ფრე საბერძნეთთან და დარჩენილი ორი სპარინგი ოფიციალურ თამაშებამდე
ორი ფრე საბერძნეთთან და დარჩენილი ორი სპარინგი ოფიციალურ თამაშებამდე
10.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

7 და 9 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, თბილისში, „პეტრო არენაზე" საბერძნეთის 19-წლამდე ნაკრებს  უმასპინძლა. ვასილ მაისურაძის გუნდი, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება, რეალურად აღნიშნულ შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდს აკლდა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომლის ტრანსფერიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ გარემოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყო, ფეხბურთელის გამოძახება. ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ნაკრებს გიორგი გვასალია. სხვათა შორის, მეორე თამაშისთვის ახალგაზრდული ნაკრებიდან 19-წლამდებს მათე შათირიშვილი შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელი „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილია და მთავარ გუნდში თამაშობდნენ ნაკრების კომპლექტაციის დროს.


საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ორივე შეხვედრა კი, ფრედ, 0-0 დასრულდა. საერთო ჯამში კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოსცადა თითქმის ყველა ფეხბურთელი, ვინც ამ ეტაპზე ჰყავდა გამოძახებული. მათ შორის, ჰალიდ დოლტმურზიევი, რომელიც „დინამო თბილისში" ირიცხება და ჯამალ კაიაშვილი, რომლის შესახებაც ქართულ მედიასთან სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:


„არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მიზანია საქართველოში დავაბრუნოთ ყველა ფეხბურთელი ქართული ფესვებით. უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ნაკრებში წარმატებით მოთამაშე ფეხბურთელების. ეს სჭირდება ნაკრებს და ქვეყანას. ჯამალ კაიშვილთან დაკავშირებით დეტალებში არ შევალ. მან რთული პერიოდი გაიარა და გარკვეული პრობლემები აქვს საბუთებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. უახლოეს მომავალში საქართველოში პირველად ჩამოვა, რაც ძალიან მახარებს. ვეცდებით, რომ ნოემბერში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა, ამის გარანტია ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს", - აღნიშნა მაშინ, იაშვილმა. ჩვენი გვერდი შეეცდება, აღნიშნულ თემას მოგვიანებით, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროსაც დაუბრუნდეს, ვინაიდან ამავე პერიოდში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, კიდევ ერთხელ შეიკრიბება


ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, ვასილ მაისურაძის ნაკრები 10 და 12 ოქტომბერს, ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრებში. ეს იქნება ბოლო შეკრება ოფიციალურ თამაშებამდე, რომელშიც 19-წლამდე საქართველოს ნაკრები 12-18 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ტურნირი ხორვატიაში ჩატარდება და ქართველ 19-წლამდე ნაკრებს მასპინძელი ხორვატიის, სერბეთისა და გიბრალტარის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.


სექტემბრის თამაშებზე კი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა -  მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია), მათე ღაღვიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე დადეშქელიანი („კოლხეთი 1913", ფოთი); მცველები: ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), ანრი ჭითანავა („ტორპედო", ქუთაისი), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი", თბილისი), საბა მურვანიძე (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი); ნახევარმცველები: ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), რევაზ ნარმანია (იბერია 1999), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999"), ხალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი"), გიორგი ფერაძე („შტურმი", სართიჭალა), ჯამალ კაიშვილი („მიუნხენ 1860", გერმანია).