
ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ერთი, ორრაუნდიანი ფლეი-ოფი აშორებს. 18 და 23 სექტემბერს ჩვენი გუნდი კერ თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, შემდეგ კი, ბრატისლავაში, სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც ჩვენი ვებ გვერდი იუწყებოდა, ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, არასრული შემადგენლობით აგვისტოში მომზადების სამფაზიანი ეტაპი გაიარა, თუმცა, იმის გამო, რომ უეფა-ს ე.წ. ფანჯარა არ იყო, გუნდმა სპარინგი სანაკრებო დონეზე ვერ ჩაატარა. შესაბამისად, ფლეი-ოფის თბილისური შეხვედრაც, ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის, სერიოზული გამოცდა იქნება, რეალურად გადამწყვეტი, გასვლითი შეხვედრის წინ.
„თამაშის მნიშვნელობა ყველამ ვიცით. ყველას გათავისებული აქვს ის თამაში რაც იქნება 18-ში. ვემზადებით გეგმის მიხედვით. ძალიან რთული მეტოქე შეგვხდა. ჩვენ, ჩვენსას ვეცდებით. ფლეი-ოფზე გვითამაშია, გვითამაშია ევროპის ჩემპიონატზე, 1/4 ფინალი ევროპის ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ბიჭებს გამოცდილება დაგროვებული აქვთ. გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეებიც და ზუსტად ამიტომ, იმ გამოცდილებას ძალიან დიდი როლი ექნება, რათა გამოცდილმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდების ნერვიული და ემოციური ფონი დააბალანსონ. დიდ იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივრის. ვფიქრობ, რომ ერთად, შეგვიძლია ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. 18-ში დარბაზი უნდა გავავსოთ ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტი იქნება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას, ასათიანის გუნდი, როგორც უკვე გითხარით, 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. გულშემატკივარის, მატჩზე დასწრება თავისუფლად შეუძლიათ. ასე რომ იმედს ვიტოვებთ, ასათიანის გუნდს, 18 სექტემბერს ტრიბუნაზე საჭირო მოთამაშე ეყოლება.
„მთელი შესარჩევი ციკლი, ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრები, ამ დღისთვის და ამ ორი თამაშისთვის ვემზადებოდით. თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი, ამ ნაკრების ოცნება და მიზანი, კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, ახდეს. მზადების პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიდის. როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა, გადამწყვეტი თამაშების წინ, თუმცა, პროცესი იგივეა, რაც ორი წლის მანძილზე თითოეული თამაშს წინ იყო. ჩვენი მიზანია, საპასუხო თამაშზე, თუნდაც, მცირე უპირატესობით წავიდეთ. დანარჩენი, სლოვაკეთში გადაწყდება და დიდი იმედი მაქვს, რომ გავახარებთ ქართველ ხალხს და გულშემატკივარს და მოვიპოვებთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურს", - ამბობს ირაკლი თოდუა, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშე.
მზადება კი, საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, რომელთა შორის ერთი დებიუტანტია, პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევი. ნაკრები სრული შემადგენლობით 14 სექტემბრიდან მოემზადება - გიორგი ღავთაძე გუნდს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება. ფლეი-ოფის მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი", ტაჯიკეთი); წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი", ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), საბა ტყეშელაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), გიორგი ხაბალაევი (პსპ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").
და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებები, ერთმანეთს, პირველად 9 წლის წინ დაუპირისპირდნენ. გუნდებმა თბილისში ორი ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელთაგან ერთი თამაში საქართველოს ნაკრებმა მოიგო, მეორე კი, ფრედ დასრულდა. მას შემდეგ, ბუნებრივია ბევრი რამ შეიცვალა და ქართული გადმოსახედიდან, ყურადღება ალბათ, იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ განსხვავებით სლოვაკებისგან, რომლებიც ამ წლების მანძილზე „შენებას" ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ, ჩვენ ორი წლის წინ რადიკალური ცვლილებების გატარება მოგვიხდა. თუმცა, ამის ფონზეც, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ზედიზედ მეორედ შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი