სანდრო მაჭავარიანმა მსოფლიოს საუკეთესო 16 მშვილდოსანს შორის იასპარეზა
სანდრო მაჭავარიანმა მსოფლიოს საუკეთესო 16 მშვილდოსანს შორის იასპარეზა
12.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამხრეთ კორეაში, 5-12 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა მშვილდოსნობაში, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობდა. ერთეულთა თანრიგში წარმატებით იასპარეზა სანდრო მაჭავარიანმა, რომელმაც თანმიმდევრობით დაამარცხა ბანგლადეშელი მია რაკიბი 6-0, რუსეთის წარმომადგენელი ალდარ  ციბიკჟაპოვი 7-1, ინდოელი რაჰიბ რაჰული  6-5 და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, სადაც მისი მეტოქე იყო უძლიერესი ტაივანელი მშვილდოსანი ჩინ - ჩუნ ტანგი. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაძაბულ ბრძოლაში 7-3 დამარცხდა ტაივანელთან.


აღსანიშნავია, რომ ქალაქ გვანჯუში, მამაკაცთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში, 154 უძლიერესი მშვილდოსანი მონაწილეობდა.  საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მერვედფინალის მიღმა დარჩნენ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონები, კორეელი კიმ ვუ - ჟინი, თურქი მეთე გაზოზი, იტალიელი ნესპოლი.


სანდრო პირველი ქართველი მშვილდოსანი მამაკაცია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდა. მისმა ასპარეზობამ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ცნობილმა ფირმა „ვინ ვინმა" სანდროს მშვილდის სრული კომპლექტი აჩუქა.