
მალე საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს დაასახელებენ. ნომინანტთა შორის უკვე მეოთხედ, საუკეთესო ქალ ფეხბურთელსაც გამოავლენენ. ნამდვილად არ ვიცი, რესპოდენტები ვის მიანიჭებენ უპირატესობას ქართულ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეს თუ, ქართული ლეგიონიდან ვინმეს, მაგრამ იმ ჟურნალისტის აზრი თუ გაინტერესებთ, რომელიც წლებია ქალთა ფეხბურთს აშუქებს, იცნობს თითქმის ყველა ფეხბურთელ გოგონასა და იცის მათი შესაძლებლობები, მაშინ 2018 წლის სეზონზე მისი არჩევანი ტატა მატვეევაზე შეჩერდებოდა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების 28 წლის შემტევზე, რომელიც ნორვეგიაში, „სენდვიკენში" თამაშობს.
„როდესაც ნორვეგიაში უცხოელი ჩადიხარ და თამაშობ ძირითად შემადგენლობაში, ეს, უკვე თავისთავად დიდი წარმატებაა. ახლა იქ, ჩემპიონატი დასრულებულია. ჩვენ კი მე-3-5 ადგილებს ვიყოფთ კიდევ 2 გუნდთან ერთად. ყველას 39 ქულა გვაქვს. თუმცა, ბურთების შეფარდების მხრივ, მე-4 ადგილი ჩვენ მოგავნიჭეს. ნორვეგიულ ტოპსერიაში, 12 გუნდი თამაშობს. არის ძალიან დიდი კონკურენცია. ბოლო ადგილზე მყოფი გუნდიც კი, ისეთ წინააღმდეგობას გიწევს, რომ შეიძლება მაქსიმუმ 2-0 ან, სულაც 1-0 მოუგო. ასე, რომ მე-4 ადგილზე გასვლა, საკმაოდ კარგი შედეგია", - ამბობს ტატა მატვეევა.

ტოპსერიაში, ქართველ ფეხბურთელ ქალს ბევრი გოლი არა აქვს გატანიული. ნორვეგიაში ყოფნის 3 წლის მანძილზეც, ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ 4 გოლი და 3-იც პირველი ნორვეგიული გუნდის შემადგელობაში სათასო მატჩებში აქვს გატანილი. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი, თამაშის დროს შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ხშირად ყურადღების ცენტრში მოხვედრილა.
„ნორვეგიაში, როგორც იცით ქალები პროფესიონალურ ფეხბურთს ვთამაშობთ. ამიტომ ბევრი არც თავისუფალი დრო გვაქვს და არც გართობის უფლება. იქ, ყველაფერი ფარგლებშია. ველოდები ვარჯიშის დროს. ვარჯიშამდე, ისევ ვვარჯიშობ, ტრენაჟორებზე ან ისე. ვარჯიშის შემდგე, ვცდილობ დავისვენო და ძალები აღვიდგინო. წიგნის წაკითხვას ვცდილობ ან, ტელევიზორს ვუყურებ" - ამბობს ტატა.
სამი წლის წინ, როდესაც ტატა მატვეევა პირველად ჩავიდა ნორვეგიაში, მახსოვს, როგორ მწერდა იქაურ კლიმატურ პირობებზე, უჩვეულო სიცივეებზე, ქრონიკულ „ღამეზე", მზის სხივების ნაკლებობაზე და მიუხედვად იმისა, რომ ფეხბურთელს წლები თურქეთში ჰქონდა გატარებული, ფეხბურთსადმი ნორვეგიელთა უჩვეულოდ, პროფესიულ დამოკიდებულებაზე. ბუნებრივია, წლების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ქალი მიეჩვია იქაურ გარემოს და ისე გაშინაურდა, რომ მისი პირველი ნორვეგიული კლუბი, ტატას სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, მზად არის სამწვრთნელო შტაბში სამუშაოც კი შესთავაზოს. ინფორმაციისთვის, ტატა ერთ-ერთი პირველი ქალი ფეხბურთელია, ვინც უეფა-ს მწვრთნელთა B ლიცენზია მიიღო.

„კი, თავიდან რომელ ქალაქშიც ვიყავი ჰაერის ტემპერატურა -10 -15 გრადუსიც კი იყო. ასეთ სიცივეში მიხდებოდა თითქმის, მთელი 2 წლის მანძილზე თამაში. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. ამ სეზონზე, სხვა ქალაქში გადავედი - ბერგენში. იქ, წინა ქალაქთან ჰარდშტადთან შედარებით, სულ „ზაფხულია". ჯერჯერობით, ნორვეგიაში B ლიცენზია არ გამომიყენებია, მაგრამ მწვრთნელად მუშაობის პრაქტიკის შესაძლებლობა მაქვს. საქმე ისაა, რომ ნორვეგიაში ჩასულ უცხოელ ფეხბურთელებს, რომლებსაც სამსახურები და შესაბამისად მუშაობის საშუალება არ გვაქვს, პერიოდულად, დაბალი რანგის გოგონების და ბიჭების გუნდებში მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევენ. ასე, რომ ხანდახან სამწვრთნელო საქმიანობაც მიწევს. ალბათ, რომ იყოს მწვრთნელად მუშაობის შემოთავაზება, დიდი სიამობნებით დავთანმხდები რომელიმე კლუბში მუშაობასაც. მაგალითდ, ნორვეგიაში ჩემი პირველი კლუბიდან, მას შემდეგ რაც მწვრთნელმა გაიგო ლიცენზიის შესახებ, მითხრა, რომ გელით მწვრთნელადო. კი, სამომავლოდ ნამდვილად ვფიქრობ სამწვრთნელო კარიერაზე. თუმცა, ჯერ არ მაქვს ზუსტად გადაწყვეტილი სად იქნება ეს და რა პირობებზე", - ამბობს ტატა მატვეევა, რომელიც ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს კონკრეტულ თამაშზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ნორვეგიაში სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებაზე.

კონკრეტულად კი, ტატას გუნდს, ნორვეგიის ჩემპიონატში ასე თუ ისე, წარმატებული ფინიშის შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი, ქალთა შორის ნორვეგიის თასის ფინალი ელოდა. აქვე, მოვლენებს წინ გადავუსწრებ და გეტყვით, რომ ტატას გუნდმა სათასო ფინალი 2 დეკემბერს ითამაშა და 0-4 წააგო. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი ქალი ამ მატჩამდეც თვლიდა, რომ მისი გუნდისთვის და პირადად მისთვისაც, თვად ის ფაქტი, რომ ნორვეგიის თასის ფინალში ითამაშა მისასალმებელია.
„ნორვეგიის თასზე იმედია, რომ კარგად გამოვალთ. მარტივი მატჩი არ იქნება, ნორვეგიის ჩემპიონებს ვეთამაშებით. თან, ის გუნდი უკვე 5 წელია ზედიზედ, ქვეყნის ჩემპიონი ხდება. თამაშობს, ქალთა ჩემპიონთა ლიგას და საკმაოდ წარმატებულადაც. ვფიქრობ, ძლიან გაგვიჭირდება. თუმცა, ჩემპიონატის შეხვედრაში ბოლოს, 0-0 ვეთამაშეთ. არის შანსები" - ამბობს ტატა.
საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქართველი ფეხბურთელი, ტატა მატვეევა, საფეხბურთო კარიერას ისე იწყებდა, როგორც ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი გოგონა იწყებს, ეზოში, ბიჭებთან ერთად. შემდეგ იყო სანაკრებო თამაშები (რადგან ქალთა გუნდები საქართველოში თითქმის არ იყო, თუ არ ჩავთვლით 3-დღიანი ჩემპიონატებისთვის შეკოწიწებულ გუნდებს) და გადაბარგება თურქულ კლუბში. თუმცა, ეს ისეთივე გზა იყო, როგორც ფეხბურთის თამაშის მსურველი ბევრი ქართველი გოგონასი.

„ნორვეგიამდე, თურქეთში ვთამაშობდი. ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ქალთა ფეხბურთში, დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველო და თურქეთი უფრო ახლოს არის ერთმანეთთან. ნორვეგიაში წასვლის შემდეგ, როგორც ფეხბურთელმა, ბევრი ვისწავლე. მაყურებლისთვის, შესაძლოა ხისტი ვჩანვარ, მაგრამ ვიცი, რომ მსაჯებთან შელაპარაკებას აზრი არ აქვს. რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს, აზრი არ აქვს შეკამათებას. ამიტომ ნორვეგიაში, ჩუმად ვართ ყველანი" - ამბობს მატვეევა.
მსაჯების მომენტი ტატასთან საუბრისას, შემთხვევით არ გამხსენებია. უეფა-ს ქალთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისას, რომელიც თბილისში, „მიხეილ მესხზე" გაიმართა და ჩეხეთის გამარჯვებით 0-3 დასრულდა, ტატა, ირლანდიელმა ქალმა მსაჯმა მინდვრიდან გააძევა. მაშინაც და ახლაც, ვთვლი, რომ გუნდის კაპიტანს მსაჯთან ლაპარაკის უფლება ჰქონდა. თუმცა, როგორც სჩანს, ის რასაც მამაკაცი მსაჯები იოლად უმკლავდებიან, ქალი არბიტრებისთვის ჯერ კიდევ რთულად დასაძლევი ბარიერია. ასეა თუ ისე, ტატას, იმ დღეს, მეორე ტაიმის ყურება ტრიბუნიდან მოუხდა.

„ეროვნულ ნაკრებს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, თურქეთთან, ორი ამხანაგური მატჩი გველის. თურქეთის ნაკრებში თამაშობენ გოგოები ვისთან ერთადაც მითამაშია და ისეთები, ვის წინააღმდეგადაც. ვიცნობ, ფაქტიურად ყველას. თურქები, ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით უფრო მომზადებულები არიან. ამიტომ, ალბათ ეს ამხანაგური თამაშებიც, ამ ეტაპზე თურქების სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შვეეწინააღმდეგოთ", - ამბობს საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი, რომლის გუნდიც ნოემბრის ამხანაგური თამაშებისთვის თითქმის 2-წლიანი პაუზიუს შემდეგ, პირველად შეიკრიბა.
სიმართლე გითხრათ, ამ 2 წლის მანძილზე, ტატასთან, მხოლოდ ინტერნეტით მიწევდა ლაპარაკი, ამიტომ თითქმის 2 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა და ამხანაგური თამაშისთვის შორეული ნორვეგიიდან ჩამოსული ფეხბურთელში აღმოჩენილმა ცვილებებმა, აშკარად გამაკვირვა. 2 წლის წინანდელი ტატასგან განსხვავებით, რომელსაც ძალიან უყარდა თავისუფლება, მანქანები და ზოგჯერ ვარჯიშზე დაგვიანებაც, სრულიად გასხვავებული და საფეხბურთოდ დაბრძენებილი სპორტსმენი დამხდვა. ქალთა ნაკრებმა კი, ის ამხანაგური შეხვედრები წააგო. თუმცა, მათ საქომაგოდ მისულმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ქალთა ფეხბურთში პროგრესი არის. გუნდმა, ფეხბურთი ითამაშა. სწორედ, ამ პროგრეისის მიზეზი ვკითხე ტატასაც, რომელმაც ასე ახსნა:
„კი, სხვაობა არის. ჯერ ერთი, საქართველოში მესამე წელია ქვეყნის ჩემპიონატი ტარდება. ეს ძალიან კარგი რამეა, რადგან სულ ტემპში იქნებიან და სულ ექნებათ ვარჯშიები, რასაც ჩვენ მოკლებულნი ვიყავით. ბევრი მსმენია, რომ ბავშები ხედავენ ამ ყველაფერს და უფრო მეტ პატარა გოგოს უნდა, რომ ფეხბურთზე იაროს. ეს იყო მთავარი, რაც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო - საქართველოში ქალთა ჩემპიონატი. მოდის თაობა და იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი გოგონა დაინტერესდება საქართველოში ფეხბურთის თამაშით. ნაკრებებს რაც შეეხება, ამ ახალი თაობების და ჩემპიონატის ჩატარების დამსახურებაა, რომ ოდნავ, ეს ნახევარია თუ, მთელი ერთი ნაბიჯი, საქრათველოში ქალთა ფეხბურთმა, წინ გადადგა"- ამბობს ტატა მატვეევა.

ჩვენი საუბრისას ტატას ერთი უხერხული ამბავი გავახსენე, რომელიც 2015 წელს იტალიაში ყოფნისას გადაგხვდა. ქალთა ეროვნული ნაკრები, თავის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშის წინ, ფეხბურთის „ქომაგთა" დაუმსახურებელ ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა. ასაკობრივი ნაკრების მარცხით გამოწვეული აგრესია, მაშინ გულშემატკივარმა, დაუმსახურებლად თავს ეროვნულ ნაკრებს დაატეხა. თითქმის, ანალოგიური რისხვა დაატყდათ თავს წელს, გოგონათა 17-წლამდე ნაკრებს, რომლებმაც მართალია ჰოლანდიასთან დიდი ანგარიშით წააგეს, მაგრამ შემდეგ 2 მატჩის მოგება მოახერხეს და პირველად ასაკობრივი გუნდების დონეზე ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
„ნორვეგიის მაგალითზე გეტყვი. იქ დღეს, 110 ათასი ქალი ფეხბურთელია დარეგისტრირებული. გოგოები და ბიჭები გარკვეული ასაკის მიღწევამდე ერთად ვარჯიშობენ, დაახლოებით 12-14 წლამდე. იქ ეს, არავის უკვირს. ალბათ, ამიტომ ქალთა ფეხბურთი ნორვეგიაში, თუნდაც სხვა დანარჩენ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად არის განვითარებული. გოგოები და ბიჭები, გარკვეულ ასაკამდე ერთად იზრდებიან. შემდეგ უკვე, კლუბებში ან სკოლის აკადემიებში გადადიან და იქ თამაშობენ. ამიტომ არის ქალთა ფეხბურთი, წარმატებული სპორტის სახეობა ნორვეგიაში. მონდომება არის და ოჯახებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ გოგო ფეხბურთს თამაშობს. რა ვიცი, საქართველოშიც, რომ იგივე იყოს, ოჯახების და ხალხის მხრიდან მხარდაჭერა და დადებითი მიდგომა, ასევე ხელის შეწყობა, ნორვეგიის ანალოგიური სურათი თუ არა ოდნავ ზევით ავიწევდით მაინც", - ამბობს მატვეევა.

ახლა, რომ გაიხსენო ის წლები, როდესაც შენ იწყებდი თამაშს, როდესაც ქალთა ნაკრები ე.წ. „ჟვანადასებით", ბიჭების ასაკობრივი ნაკრებების გამონაცვალი და სამრეცხაოდან, პირდაპირ აეროპორტში დაწეული, ჯერ კიდევ ნესტიანი ფორმებით გიხდებოდათ თამაში და დღევანდელი დღე, როდესაც არა მხოლოდ ქალთა ეროვნულ ნაკრებს, არამედ ასაკობრივებსაც საკუთარი ფორმა, შეკრებები და სავარჯიშო გარემო აქვს შექმნილი, რა რჩევას მისცემდი გოგონებსთქო, ტატამ დაუფიქრებლად მიპასუხა: „ალბათ, ბევრი რამე მაქვს სათქმელი, მაგრამ არ გამოდის. თუ უნდათ, რომ ფეხბურთი ითამაშონ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ჯერ არ გვაქვს ისეთი დონე, როგორც ევროპაში არის, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. ეს მონდომება სულ, რომ მარტო მოგიწიოს ვარჯიში, კერძო მწვრთნელთან ერთად - უნდა ივარჯიშო, უნდა მოინდომო, უნდა დაიხარჯო. თავი არ უნდა დაზოგო და აუცილებლად მოვა შედეგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა"- ამბობს ტატა მატვეევა, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც შორეული ნორვეგიიდან თბილისში, 2 ამხანაგური მატჩის სათამაშოდ რამდენიმე დღით ჩამოფრინდა.
ამ სტატიის მიზანი, ქართველი გულშემატკივრისთვის ჩვენი ფეხბურთელი გოგონების გაცნობაა. 2019 წლიდან მათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები ელით. ამიტომ, თუ არ იცით იცნობდეთ, ვინც იცის - მათ კი გახსენებთ ტატა მატვეევას, 28 წლის ქართველ ფეხბურთელ ქალს, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და არ უყვარს ოცნებები. არის რეალისტი და აქვს მიზნები, რომლებსაც თუკი დაისახავას, აუცილებლად შეასრულებს.





ჩვენ








