ყველაზე რთული ჯგუფი, რომლის მოგებასაც ქართველები გეგმავენ
ყველაზე რთული ჯგუფი, რომლის მოგებასაც ქართველები გეგმავენ
12.12.2018
ავტორი:

დღეს, ფუტსალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის წინასწარი შესარჩევი და შესარჩევი ეტაპების წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ევროპის  იმ 48 ქვეყანამ მიიღო, რომლებიც ფინალური ტურნირისთვის 6 საგზურს მოიპოვებენ და საბოლოოდ, 2020 წლის 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მონაწილეობას ფინალურ ტურნირში მიიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი კი, 24 გუნდის მონაწილეობით ლიტვაში იგეგმება. თუმცა, ლიტვამდე საქართველოს ნაკრებს საკმაოდ გრძელი გზის გავლა უწევს -  წინასწარი შესარჩევი, შესარჩევი და ელიტ-რაუნდის თამაში.

წინასწარი შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2019 წლის 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 8 ქვეყანაში გაიმართება, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში დანიის, გერმანიისა და ისრაელის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩვენი ნაკრების ჯგუფური თამაშები თბილისში გაიმართება.

„ქვედა რაუნდში დაკომპლექტებულ ჯგუფებს შორის ყველაზე რთული ჩვენი ჯგუფი გამოვიდა. თუმცა, ჩვენი ნაკრები, მხოლოდ და მხოლოდ ჯგუფიდან გასვლისთვის ითამაშებს" , - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE-სთან გაკეთებულ კომენტარში.

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებული გახდება, მომდევნო შესარჩევი ჯგუფის თამაშებს 2019 წლის 22-27 ოქტომბრის პერიოდში პოლონეთში გამართავს, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი პოლონეთი, ესპანეთი და H ჯგუფის (ფინეთი, მოლდოვა, უელსი, ჩრდ. ირლანდია) მეორე ადგილოსანი იქნება.

თუკი საქართველის ნაკრები D ჯგუფში მეორე ადგილზე გავა, მომდევნო შესარჩევი რაუნდის თამაშების გამართვა პორტუგალიაში მოუწევს, სადაც მასპინძელი პორტუგალიის გარდა ისინი ჩეხეთისა და A ჯგუფის (ლატვია, ინგლისი, კვიპროსი, გიბრალტარი) გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 22-27 ოქტომბრის მთავარი შესარჩევი რაუნდის შემდეგ, კვლავ ჯგუფებში გამარჯვებული 2-2 საუკეთესო ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ელიტ-რაუნდის წილისყრა 2019 წლის 7 ნოემბერს გაიმართება, თამაშები კი,  2020 წლის 28 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით.