ქართველებმა ჩემპიონთა ლიგაზე იბარტყეს...
ქართველებმა ჩემპიონთა ლიგაზე იბარტყეს...
01.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაშინ, როცა სბოლოოდ გაირკვა, რომ  უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო ფანჯარაში, „ბარსელონასთან" შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის გამო გამოტოვებდა, ბუნებრივია, ქართველი ქომაგის მთელი ყურადღება 1 ოქტომბრის ორ სხვა შეხვედრაზე გადავიდა „ვილიარეალი" - „იუვენტუსის" დაპირისპირებაზე, რომელიც 1 ოქტომბერს, Estadio de la Cerámica-ზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი მიქაუტაძე სასტარტოდან დაიწყებს და ნეაპოლში, პარალელურად ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომელშიც Stadio Diego Armando Maradona-ზე „ნაპოლი", გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს" უმასპინძლებს.


თუმცა, მანამდე იყო 30 სექტემბრის ორი თამაში, რომლებშიც ქართველები შემადგენლობაში კი იყვნენ, თუმცა, სათადარიგოში. ამ ორიდან პირველი შეხვედრა ალმათში, გადატენილ Ortalyk Stadion-ზე ჩატარდა და ადგილობრივმა „კაირათმა", მადრიდის „რეალს" უმასპინძლა. გიორგი ზარიას ყაზახურმა გუნდმა, პირველ ტაიმში სათანადო წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს და რომ არა მბაპეს მიერ 25-ე წუთზე გატანილი 11-მეტრიანი, შეხვედრის ეს მონაკვეთი ფრედ, 0-0 დასრულდებოდა. თუმცა, კილიანმა მეორე ტაიმში 52-ე წუთზე კიდევ გაიტანა, 73-ზე კი ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. შესაბამისად, როდესაც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, მოედანზე 79-ე წუთზე ქართველი გამოჩნდა, ანგარიში უკვე 0-3 იყო სტუმრების სასარგებლოდ. უნდა ითქვას, რომ „ზარო" კარგად შემოვიდა და კარგად იმუშავა გუნდზე, თუმცა, აშკარად, ამ შეხვედრაში გუნდებს შორის კლასში სხვაობა იყო. დარჩენილ დროში კი, მადრიდელებმა კიდევ ორჯერ აიღეს მასპინძელთა კარი, ედუარდუ კამავინგამ 83-ე და ბრაიმ დიასმა კი, 90'+3-ე წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ, 0-5 მოიგეს.


სტამბოლში, „გალათასარაისა" და „ლივერპულის" დაპირისპირებაში, გამარჯვებული, მე-16 წუთზე მასპინძელთა მიერ გატანილმა პენალტმა გამოავლინა. „გალამ" ოსიმენის გოლის წყალობით გაიმარჯვა. „ჩემთვის ეს იყო განსხვავებული თამაში ბურთით და ბურთის გარეშე. პირველი ტაიმი ვითამაშეთ საკმაოდ კარგად და გვგქონდა კარგი შანსი 0-1-ითაც დავწინაურებულიყავით. პირველ ტაიმში ბევრი რამ დავინახეთ, მაგრამ მეორე შედარებით სუსტი იყო. რთული იყო თამაშში მომენტი დაგვეჭირა. სხვაობა მცირე იყო, თუმცა, ზედიზედ მეორედ ჩვენს სხვა მხარეს აღმოვჩნდით", - ამბობს არნე სლოტი, „ლივერპულის" თავკაცი მატჩის დასრულების შემდეგ.


„ლივერპულმა" ძალიან მაგარ და დინამიურ შეხვედრაში 0-1 წააგო, თუმცა, სტამბოლში, Ali Sami Yen Spor Kompleks-ში ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა. 56-ე წუთზე, ალისონმა შეცვლა ითხოვა და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ტურნირში, გიორგი ზარიას შემდეგ დებიუტი გიორგი მამარდაშვილსაც ჰქონდა. ვერ გეტყვით, რომ თურქულმა გუნდმა „მამარდა" დიდად შეაწუხა, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც ქართველს მინდორზე ყოფნა მოუხდა, ემჩნეოდა სითამამე, დამაჯერებლობა (რამდენჯერმე თითქმის მოედნის ცენტრში ითამაშა მინდვრის მოთამაშესავით) და საერთო ჯამში დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.


ქართული ლეგიონის საკლუბო ამბებს ჩვენ ხვალაც დავუბრუნდებით, თუმცა, დღეს, ამ სტატიას დავასრულებთ, თემით, რითაც დავიწყეთ - ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც პსჟ-მ „ბარსელონასთან" 21-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა და „კვარას" გვარი ვერ ამოვიკითხეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისს და კომპეტენტურ წყაროსთან გადავამოწმეთ - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ტური წინ არის, თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ხვიჩა კვარაცხელია, ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის, ვილი სანიოლის გუნდს, ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდება.