ამ თამაშებით უნდა გავიგოთ სად არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ადგილი...
ამ თამაშებით უნდა გავიგოთ სად არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ადგილი...
03.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ოქტომბრის ფანჯრის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ქართულ მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიდრე საფეხბურთო ამბებზე ვილაპარაკებთ, გეტყვით, რომ ელჩეში და იზმითში დაგეგმილ თამაშებზე, ქართველი ქომაგისთვის განკუთვნილი ყველა ბილეთი გაყიდულია.



„ძალიან ვამაყობთ, რომ ბოლო წლებში გულშემატკივარი გასვლით თამაშებს ესწრება. როგორც ვიცით, ამჯერადაც ქართველების სექტორში, ესპანეთის ასევე თურქეთის თამაშებზე, ქართველების გამოყოფილი ყველა ბილეთი გაყიდულია. ასე რომ ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნება, ეს დიდი მოტივაციაა და ამას ვაფასებთ", - გვპასუხობს ალექსანდრე იაშვილი TSFF.Ge-ს დასმულ შეკითხვაზე. ბუნებრივია, მომავალი საასპარეზო სტადიონებისა და ქალაქების შესახებ უფრო დაწვრილებით, ჩვენს მომავალ სტატიებში გიამბობთ, ისევე როგორც ქომაგების მზადებაზე. მანამდე კი, „იაშკამ" სფფ-ისა და სანაკრებო სამწვრთნელო შტაბის სახელით, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ვერც ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სრული მხარდაჭერა გამოთქვა: „ჩაკვეტაძე, ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აქტიური ფეხბურთის დროს, ყველას გვქონია რთული პერიოდი გამოვლილი, მაგრამ ვიცით, რომ „ჩაკვე" ნაკრებში ძლიერად დაბრუნდება და მანაც კარგად იცის, რომ ჩვენგან მას, სრული მხარდაჭერა აქვს".



„ჩაკვეს" როდის ველოდოთ? მეტი ინფორმაცია, რაც უკვე არის გავრცელებული, არ მაქვს. რა თქმა უნდა, მისთვის რთული მომენტია, ძალიან გაეწელა ტრავმა... მას დასჭირდება დრო. ვერ გეტყვით როდის დაიწყებს თამაშს, მაგრამ მარტამდე ნაკრებში მისი დაბრუნება ამ ეტაპზე, გამორიცხულია. შეგვიძლია, ნოემბერზეც ვილაპარაკოთ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, როდესაც სრულად გაქვს აღდგენა და არ არის ახალი ტრავმის რისკები. ზოგადად, გრძელვადიანი ტრავმის შემდგე, რთულია ფორმა მალე აკრიფოს. ძალიან გვაკლია, მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდება. ის რაც ჩაკვეტაძის თავს ხდება, ფეხბურთია და ზოგჯერ, ყოველდღიურად გიწევს რთული შრომა, რომ დაბრუნდე. მისი მენტალიტეტი ძლიერია და ყველაფერს გააკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად", - ამბობს ვილი სანიოლი.


რადგან ტრავმირებულს შეეხო თემა და სამწუხაროდ, სანაკრებო სიის გამოცხადებამდე, ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან ეროვნულში გადმობარგებულმა საბა ხვადაგიანმა, შესაბამისად, ისედაც პრობლემატურ დაცვის ხაზში, ახლა, ეს თავსატეხიც დაგვემატა, საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვით მხარეზე გადავწყვიტეთ დღეს ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, რომ თემას, ვილი სანიოლი, დღევანდელი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას რამდენჯერმე შეეხო.  



„რა თქმა უნდა, თავდამსხმელებისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა. თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ შეტევა არაა მთავარი, მნიშნელოვანია დაცვაში კარგად თამაშიც. ჩვენ კი, ბოლო დროს განსაკუთრებით დაცვაში გარკვეული გამოწვევები გვქონდა, სადაც თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ახლა ჩემი მოვალეობაა, სწორი ბალანსი ვიპოვო.


„კაშოსთან" მიმართებაში, ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. ხვადაგიანი დაშვებულია, საზონოვი არ თამაშობს. გოგლიძეს არ  აქვს სათამაშო დრო, დვალს დიდი ხანი არ ჰქონდა გუნდი, ხოჭოლავამ დაასრულა 2 წლის წინ... ჩვენ, ამ რგოლში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან ინდივიდუალური სიტუაციები ჩვენთვის არის გამოწვევა. რა თქმა უნდა როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უნდა ავეწყო ამ გარემოებებზე, რადგან ზოგჯერ რეალობა ჩემს გეგმეს ცვლის. რა თქმა უნდა, პირველ თამაშში დაგვაკლდება „ლოჩო", რომელსაც დისციპლინარული სასჯელი აქვს. ეს არ არის ჩემს მუშაობაში მარტივი ნაწილი, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვო", - ამბობს ვილი სანიოლი.


ქართული გუნდის დაცვის ხაზში არსებული ამ არასახარბიელო ვითარებიდან გამომდინარე, დღეს, მედიასთან შეხვედრისას, ვილი სანიოლის არ უხსენებია გიორგი გველესიანი. თუმცა, თუკი, „გველესას" ბოლო დროინდელ მდგომარეობას გადავხედავთ, ისიც, სხვა ყველა ზემოთხსენებული მცველის მსგავს ვითარებაშია.



„რა თქმა უნდა, რაც უფრო თავდაჯერებულია ფეხბურთელი, ეს უფრო მეტად გვეხმარება", - ეს ფრაზა ვილიმ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული კომენტარისას გააკეთა: „კარგია, რომ მიქაუტაძე კარგ ფორმაშია, რადგან „ვილიარეალმა" მასში ძალიან დიდი თანხა და გადაიხადა და ჩვენთვისაც ძალიან კარგია, რომ ფორმაშია".


ბუნებრივია, ეროვნული ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია და იქ მოთამაშეები მოდიან, იზრდებიან და შემდეგ, როდესაც დრო გადის, ადგილს სხვას უთმობენ. თუმცა, სანიოლი თვლის, რომ ფეხბურთელები „ჩვენს შემდეგ", ანუ კლუბებშიც უნდა განვითარდნენ (სარედაქციო - ალბათ, ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებში მოსვლამდე), მათ შორის განვითარდნენ დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად. ეროვნულ ნაკრებში კი, თუნდაც, მოახლოებული ორი თამაშით რომ ვიმსჯელოთ, განვითარებისთვის ცოტა დრო რჩება.


„ძალიან რთული თამაში გველის. განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩის შემდეგ, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება თურქეთთან თამაშზე. თუმცა, ჩვენთვის არაფერი იცვლება.



ჩვენი მიზნები გრძელვადიან და მოკლევადიან პროექტებთან დაკავშირებით უცვლელია. შედეგი ყოველთვის მნიშნელოვანია. ამ ორ თამაშში ვეცდებით ავიღოთ ქულები. გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი შანსები. შეგვიძლია, დავგეგმოთ გრძელვადიანი გათვლით, მაგრამ ეს ორი თამაში ახლა მნიშვნელოვანია და შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ. ჩემი აზრით ამ თამაშებით უნდა გავთვალოთ სად ვართ და როგორ ვგანვითარდეთ მომავალში. როგორ ვეთამაშოთ თურქეთ, ესპანეთს და სად არის საქართველოს ადგილი რეალურად ევროპაში. ჩემი აზრით უკვე ის დროა და უნდა ვანახოთ, რომ საქართველო აღარ არის პატარა საფეხბურთო ქვეყანა  და ის, გახდა იმ ნაკრებების ტოლი, რომელთან თამაშის წინ, უნდა იფიქრონ, რამდენად რთული თამაში ელით. ეს არის ჩემი მიზანი. შედეგი დამოკიდებული ბევრ რამეზე. ჩემი მიზანია, რომ გუნდი გავხადო ისეთი, ოპონენტებმა მასთან თამაშის წინ იფიქრონ", - ამბობს სანიოლი.


მიზანი წინსვლა განვითარება, ამის მიღწევის შემთხვევაში სასურველი შედეგი იქნება, თვლის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოთარ კიტეიშვილმა გუშინ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე გოლი გაიტანა, კიდევ უფრო „მშვიდად დაეძინება".



„კიტეიშვილთან და „კიტეს" გარეშე განსხვავებული გუნდია და ამ თემაზეც ხშირად  მითქვამს. „კიტე", საკვანძო მოთამაშეა, აქედან გამომდინარე, ასეთი ფეხბურთელი, მინდა სულ ჩვენთან იყოს. მას შეუძლია სხვადსხვა პოზიციაზე ერთნაირად თამაში და კარგია, რომ ზოგადად, ასეთი მოთამაშე გვყავს. მიხარია, რომ ტრავმის შემდგე დაგვიბრუნდა. კარგია, ისიც რომ  დაბრუნდა მალე, მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა (სარედაქციო - კიტეიშვილმა მამა შაბათს,  27 სექტემბერს დაკრძალა) ის დაბრუნდა და კარგად ითამაშა. როდესაც ნაკრებში „კიტეა" თავს ყოველთვის მშვიდად მძინავს", - ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს - თურქეთს. თავის მხრივ, ესპანეთში ვერ, თუმცა, თურქეთიდან ჩვენ, ცოცხალ რეჟიმში შევეცდებით, თქვენამდე საინტერესო ამბების მოტანას.



სტატიაში გამოყენებულია სფფ-ის, უეფა-სა და ქეთი გულიაშვილის ფოტოები