პირველად, 2018 წლის რჩეულებს ოლიმპიური კომიტეტი დაასახელებს
პირველად, 2018 წლის რჩეულებს ოლიმპიური კომიტეტი დაასახელებს
20.12.2018
ავტორი:

ქართული სპორტული სამყარო ხვალიდან, 21 დეკემბრიდან განვლილი 2018 წლის სპორტული შედეგების შეჯამებას იწყებს. თბილისში, 17:00 საათზე, „ივენთ ჰოლში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი წლის საუკეთესოებს დაასახელებს. სეოკ-ის ვერსიით ნომინაციაში 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი).

თუმცა, „ივენთ ჰოლში" შეკრებილთათვის ხვალ, მხოლოდ წლის საუკეთესოების დასახელება არ იქნება მთავარი. მორიგი საანგარიშო სესია გაიმართება. სეოკ-ის ოფიციალური გვერდები იტყობინებიან, რომ სესია მრავალფეროვანი, ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო იქნება. მას, დაესწრებიან სპორტულის უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები. სესიაზე, მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ცნობილია, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები. 2018 წლის საუკეთესო სპორტული წლის შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები - წლის სპორტსმენი ქალი, წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის სპორტსმენი ზამთრის სპორტში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის პარტნიორი.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.

TSFF.GE ხვალ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან შეეცდება სესიის მიმდინარეობის შესახებ გამცნოთ. 2019 წლიდან კი ჩვენ, ცალკე რუბრიკებს დავუთმობთ საქართველოსში ოლიმპიური მოძარაობის შესახებ ინფორმაციებს.