
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში ირლანდიას უმასპინძლებს. 1 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა „დინამო არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში თავსხმა წვიმაში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშამდე, ტრადიციულად, ეროვნული გუნდის დებიუტანტმა ეროვნული ნაკრებისგან, სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით სიმბოლური ვიმპელი გადასცა. მანამდე კი, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტის სტარტზე გამარჯვება მიულოცა და მომდევნო თამაშებში წარმატება უსურვა.
"მინდა კალათბურთელებს დიდი წარმატება მივულოცო, ვარჯიშის მერე რაც მოვასწარით, ყველამ ვუყურეთ. გვეამაყება ყველა წარმატება, თუნდაც 19-წლამდე ნაკრები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ერთ ტაიმის მაღალ დონეზე თამაშის მიზეზი სხვადასხვაა, რისი დასახელებაც შემიძლია, იგივე სათამაშო პრაქტიკის არქონა. როდესაც არ თამაშობ კლუბში სისტემატურად, რთულია ითამაშო ნაკრებში 90 წუთი. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს არ გვაქვს, ან არ აქვს ეს პრაქტიკა, ეს არის სწორედ ჩვენთვის პრობლემა, ეს არის პრობლემა მწვრთნელისთვისაც. უნდა შევეცადოთ უკეთესად თამაში შევძლოთ და ეს პირველ რიგში შედეგში ავსახოთ", - ამბობს გურამ კაშია.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ირლანდიელები ცხელ ამინდს და საკუთარი მოთამაშეების სათამაშო პრაქტიკის (ახლადდაწყებული ჩემპიონატის გამო) ნაკლებობას უჩიოდნენ. თუმცა, იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ხვალ, ერთ-ერთი რთული თამაში ელით. ამ თამაშისთვის კი ვლადიმირ ვაისს შემდეგი შემადგენლობა ჰყავს განაცხადში: მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
„ჯერჯერობით სამი ქულა არ მოგვიპოვებია და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველა დარჩენილი შეხვედრა პრინციპულია. იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგ თამაშს ჩავატარებთ და მათ გავახარებთ. ყოველთვის ვამბობ, რომ პოტენციალი ჩვენს ნაკრებს აქვს, მაგრამ შედეგი მოგებული თამაშებით განისაზღვრება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან ბოლომდე დაიხარჯება" , ამბობს ვაისი.
საქართველო - ირლანდიის მატჩი, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა კი ბორჯომის ტყის საფარის აღდგენას მოხმარდება.








ჩვენ








