
მომავალი, 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, იმ წლის შემაჯამებელ სესიაზე საუკეთესოთა შორის სათამაშო სახეობების წარმომადგენლებსაც დაასახელებს. ამის შესახებ, დღეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის შემაჯამებელ სესიაზე გამოაცხადეს. თუმცა, მანამდე ცვლილებების შესახებ სეოკ-ის პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში დააანონსა.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოდ, რომ სათამაშო სახეობებში მსოფლიოსა თუ ევროპის სარბიელზე, ქართველ სპორტსმენებს აქვთ წარმატებები. ასე, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე, ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ თემაზე საუბარი და მომავალში სათამაშო სახეობების წარმომადგენლებსაც მიექცევათ ყურადღება", - აღნიშნა TSFF.GE-სთან საუბარში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დღეს, კი თბილისი „ივენთ ჰოლში" ოლიმპიელებმა 2018 წელი შეაჯამეს და ოლიმპიელთა ვერსიით წლის საუკეთესო დაასახელეს.
„ძნელია, კონკრეტულად გამოარჩიო რომელიმე სპორტსმენი. ვინაიდან, არიან მსოფლიოს ჩემპიონები - მოჭიდავეები, ძიუდოისტები. ასევე, არ შემიძლია არ ვთქვა რეზი დავითაძეზე, ძალოსანზე, ახალგაზრდა სპორტსმენზე, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. ბევრი სპორტსმენი იმსახურებს წელს იყოს საუკეთესო. გული მწდება, რომ ბევრი მათგანი ვერ არის ისე დაფასებული, როგორც ამას იმსახურებს", - ამბობს ლაშა ტალახაძე, ქართველი ძალოსანი TSFF.GE-სთან საუბარში, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე „ივენთ ჰოლში" გამართული შემაჯამებელი სესიის დელეგატები, მას 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს მიანიჭებდნენ, ოლიმპიელთა ვერსიით.

ძნელია, არ დაეთანხმო, 3-გზის ოლიმპიელთა რჩეულს, როდესაც სხვა სპორტსმენების „დაუფასებლობაზე" ლაპარაკობს. დღევანდელ „არჩევნებამდე" კი, საუკეთესოს ტიტულისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე იყვნენ ნომინირებულები.
კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები ლაშა ტალახაძემ მიიღო. მსოფლიოს 7-გზის რეკორდსმენი ზედიზედ მესამედ, სეოკ-ის რჩეული გახდა. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი" გადაეცა. სეოკ-ის გენერალური სპონსორისგან, „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორისგან, კახა კიკნაველისგან კი, ქართველმა გოლიათმა 4 000 000 პლუს ქულის ღირებულების ვაუჩერი იიღო საჩუქრად.
„საქართველოს ბანკმა" დღეს, კიდევ ერთი სპორტსმენი დააჯილდოვა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის გიორგი ჩხიკვაძეს ფულადი ჯილდო 10 000 ლარი ერგო. სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი" - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი" - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი" - ტელეკომპანია „იმედი"; „რეგიონალური აქტივობისთვის" - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის" - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი."

„ივენთ ჰოლში" გამართული საღამოს კიდევ ერთი საზეიმო ცერემონია ოლიმპიური ჩემპიონების ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოება იყო. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდა 23 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. მათთვის შესაბამისი მოწმობების გადაცემის ცერემონია გაიმართა 23 მაისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. სესიაზე კი, შედგა უშუალოდ ორდენების გადაცემის ცერემონია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში ქართველების მონაგარში 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალია. მათ შორის 3, მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალია.
„შედარებისთვის, თუ წინა ოლიმპიური ციკლის პირველ 2 წელს _ 2013-2014 წლებში მხოლოდ 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა, ახალი ციკლის 2 წელიწადში - 7 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. 2018 წელს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ უფრო მეტის იმედით და მოლოდინით ვეგებებით ახალ, 2019 წელს", - ამბობს, ლერი ხაბელოვი.

ფაქტია, რომ 2018 წელი ქართული სპორტისთვის, მიუხედავად, რიგ სახეობებში უთანხმოებისა და დაძაბული ფონისა წარმატებული გამოდგა. ეს კი იმის საფიძველს იძლევა, მომავალ 2019 წელს და 2020 წლის ოლიმპიურო თამაშებოს დროს ქართველ სპორტსმენთა წარმატების შანსები იზრდება.
„წარმატებული წელი იყო ჩემთვის. მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ამასთან ერთად, წლის ბოლოს მასტერსის მოგებაც მოვახერხე. გახარებული ვარ. მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს მომზადებაში წვლილი შეიტანა. ამ წელს, ჩემს წონაშიც და საერთო რეიტინგშიც პირველ ადგილზე ვასრულებ. შევეცდები, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს და მიღწეულზე არ გავჩერდე. მომავალი წელი ოლიმპიური ლიცენზიის წელია და ამიტომ, უმნიშვნელოვანესი", - ამბობს გურამ თუშიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ივენთ ჰოლში" დასახელებული საუკეთესო სპორტსმენის გარდა, საკუთარ ვერსიებს წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სპორტული უწყება დაასახელებს.
სეოკ-ის ფოტომასალა / ავტორი: გოგა ჩანადირი





ჩვენ








