
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს გამთენიისას ათენში ჩაფრინდა და საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მსუბუქად ივარჯიშა კიდეც. ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში, რამაზ სვანაძის გუნდი, თავდაპირველად საბერძნეთის ნაკრებს, შემდეგ კი, ჯგუფის ლიდერს, გერმანიას დაუპირისპირდება.
საბერძნეთში, 14 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაში ჩვენს ნაკრებს ირაკლი იეღოიანი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ნიდერლანდურ „ექსელსიორში" მოთამაშე იეღოიანს ტრავმა აქვს. არადა, ირაკლიმ, 8 ნოემბერს, „ჰერაკლესის" წინააღმდეგ მატჩში, მე-8 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და მინდორზე 90 წუთი დაჰყო, თუმცა, როგორც ჩანს მატჩის მიწურულს კუნთი დაუზიანდა.
ირაკლის გარეშე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ასე გამოიყურება - მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ მურსია", ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"); მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ოთარ ჩოჩია („გაგრა"), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913", ფოთი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი"), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე („დინამო" ბათუმი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა" ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა"), ლუკა პარკაძე („ზალცბურგის აუსტრია", ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე", ტყიბული).
საბერძნეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების მატჩი 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონზე, „ლეოფოროსზე", თბილისის დროით, 19:00 საათზე, დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, მატჩზე დასწრებას, საბერძნეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები გეგმავენ. ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში საბერძნეთში მყოფი ემიგრანტების გვერდებზე ერთგვარი გამოცოცხლებაა და თამაშზე დასწრების მსურველთა მზადყოფნაც.
და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი თამაში ელის, თბილისში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ (ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე), არაა გამორიცხული იეღოიანის ნაცვლად, სვანაძის სამწვრთნელო შტაბმა, სხვა ფეხბურთელი დაიმატოს.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







