19-წლამდელებმა მეორე თამაში მოიგეს
19-წლამდელებმა მეორე თამაში მოიგეს
22.12.2018
ავტორი:


ისევე, როგორც ნოემბრის ამხანაგური თამაშების დროს, დეკემბერში გამართული ამხანაგური შეხვედრებიდანაც, ფუტსალში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლატვიის წინააღმდეგ პირველი მატჩი წააგო 0-1, მეორეში კი დამაჯერებლად, ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა.


„პირველ შეხვედრაში ბიჭები მოიდანზე ისე გავიდნენ, რომ მოწინააღმდეგეს მეორეხარისხოვნად უყურებდნენ. ფაქტია, რომ პირველი თამაში გვიჭირს ხოლმე. ასე იყო აზერბაიჯანთანაც. პირველი მატჩი წავაგეთ, მეორე მოვუგეთ. ცოტას, ნერვიულობენ კიდეც, რადგან ნაკრებს ახალი დაწყებული აქვს ერთად თამაში.  პირველი მატჩსას,  მეორე ტაიმში მიხვდნენ, რომ შეიძლება ყველა გუნდთან თამაში. მოგვიანებით, ღამითაც კარგად გავაანალიზეთ ჩატარებული მატჩი, ყველა ის შეცდომა, რაც  ლატვიასთან პირველი მატჩის დროს დავუშვით გავარჩიეთ და შევეცადეთ, მეორე თამაშის დროს აღარ გვქონოდა.  როგორც დღეს გამოჩნდა, ეს სწორი მცდელობა იყო. მარტამდე ძალიან ცოტა დროა და მაქსიმალურად, ბევრის გაკეთება უნდა მოვასწროთ. იცით, რომ ძალიან მძიმე ჯგუფში ვართ, მაგრამ ამ მოგებული თამაშების შემდეგ,  ბიჭებს რწმენა მოსდით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, TSFF.GE-სთან საუბრისას.




საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გუშინდელთან შედარებით დამაჯერებლად იასპარეზა და ლატვიელთა კარში, 3 გოლის გატანა და საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. გოლები ლევან სვანიძემ, ლუკა ბერიაშვილი და ბექა ბექაურმა გაიტანეს.


19-წლამდე ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში, ლატვიასთან 2 ამხანაგურ შეხვედრის ჩასატარებლად ავთანდილ ასათინს გამოძახებულები ჰყავდა მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), მიხეილ ბახუტაშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი; წინა ხაზის მოთამაშეები: ნიკა ხარატიშვილი (თსუ), რომან კუხიანიძე (თსუ), ბექა ბექაური (თსუ), დაჩი ჩადუნელი (თსუ), გიორგი ღავთაძე (თსუ), გიორგი ზუნტუროვი (თელასი), გეგა კოშაძე (თელასი), დათა მოგელაძე (თელასი), ნიკა ნადარეიშვილი (თელასი), ლუკა ბერიაშვილი, გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), გიორგი კურტანიძე (ილიაუნი)




შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება, სადაც მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს კი 2019 წლის 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.


სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი