
გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ტრავმების, გიორგი ქოჩორაშვილი კი, ყვითელი ბარათების გამო, 15 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებენ. ამის შესახებ, დღეს მეოთხე ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სფფ-ის სანაკრებო გვერდმა გაავრცელა განცხადება. ჩვენი ინფორმაციით, სიგუას და გაგნიძეს ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების(ჰამსტრინგი) აწუხებთ, შესაბამისად გართულებების თავიდან ასაცილებლად, ფეხბურთელებს გარკვეული თამაშების გაცდენა მოუწევთ. სამწუხაროა, რომ მათ რიცხვში, ესპანეთთან და ბულგარეთთან დაპირისპირებებიც არის.
მათ გარეშე, დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე კი გუნდის მეოთხე სავარჯიშო დღეს, სანიოლის გუნდმა კვლავ 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები."
გიორგი გოჩოლეიშვილი: „ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლოს წინა ტურის შეხვედრა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შორის, „დინამო არენაზე" 15 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







