მოგებებს, „დიდ გუნდებს“ არ ურიგებენ, ფირიო როხა ხვალაც ცივსისხლიანად აპირებს ითამაშოს
მოგებებს, „დიდ გუნდებს“ არ ურიგებენ, ფირიო როხა ხვალაც ცივსისხლიანად აპირებს ითამაშოს
14.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" ესპანელები, როგორც სახლში ისე იქცეოდნენ და თუკი, ჩვენც მასპინძლებს გვიკვირდა, სტუმარი გუნდის წარმომადგენლების „შინაურივით" ქცევა, დღეს არც ის გაგკვირვებია, რომ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ბანერი შეიცვალა, კამერების ობიექტივის დასანახად კი, ჩვენი ხვალინდელი მეტოქის სპონსორების პროდუქცია გამოჩნდა, ცოტა მოულოდნელი იყო, პრეს-კონფერენციის დროის შეცვლა, რომელიც როგორც წესი, უეფა-სთან (მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შესარჩევია, მიმდინარეობას, ევროპული საფეხბურთო სახლი აკონტროლებს) შეთანხმებით ცხადდება, ესპანეთის მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს პრეს-კონფერენცია ნახევარი საათით ადრე დაიწყო.


„საკმაოდ რთული თამაში იქნება. ისეთი არა, როგორიც ეს ორნახევარი წლის წინ იყო. მათ გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც ევროპის უძლიერეს ლიგებში თამაშობენ, მათ შორის, ესპანურ ლიგაშიც. ჩვენ ამ თამაშისთვის კარგად უნდა მოვამზადოთ და ისე ჩავატაროთ, როგორსაც ამას ჩვენგან მოელიან, რათა ეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. ამასთან არ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი შესაძლოა გამოდგეს ჩვენთვის", - ამბობს დე ლა ფუენტე.


ესპანური მედია მიიჩნევს რომ ნაკრებში ლამინე იამალის არ ყოფნა საკამათო საკითხია. ჩვენ შეგატყობინეთ, რომ ლამინმა შეკრებაზე შესვლამდე, პახზე მსუბუქი ოპერაცია გაიკეთა.


„ყველაზე სასიხარულო ის ამბავია, რომ მას ჩვენთან 15-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ აწმყოზეც და მომავალზეც. აწმყო ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მოთამაშეებს, გავიმარჯვოთ და პრაქტიკულად გავინაღდოთ ფინალი. ჩვენ, ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ყველაფრის გაუმჯობესება შეიძლება, ყველა ეცდება, მაგრამ ჯერ ხვალინდელი თამაში უნდა ჩავატაროთ კარგად და უნდა გავხდეთ სრულყოფილები", - ამბობს დე ლა ფუენტე.


მოგეხსენებთ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარე სერიაში ესპანეთის ნაკრები დაუმარცხებელია (30 მატჩიანი წაუგებელი სერია საერთო ჯამში). გაგრძელდება თუ არა ეს წაუგებელი სერია - ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფურიო როხას მთავარი მიზანი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. სტატისტიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების გარდა, ჩვენ უნდა მოვიგოთ რომ მუნდიალზე ადგილი გავინაღდოთო. ამის მისაღწევად, ხვალ, „დინამო არენაზე", ესპანეთის ნაკრები „ყველაფრის სწორად გაკეთებას" შეეცდება.


სანაკრებო თამაშებისთვის, ესპანეთის ნაკრების თავკაცს მიაჩნია, რომ სამდღიანი შეკრებაც სრულებით საკმარისია. ბუნებრივია, შესათამაშებლად ეს მცირე დროა, თუმცა, რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშე გვყავს და ვინც გამოვა მოედანზე, საკმაოდ კონკურენტუნარიანიაო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, ხვალინდელი შეხვედრის წინ, თავს მშვიდად გრძნობს.


„ყოველი თამაში, განსხვავებულია, წინასაგან. ხვალ, სხვა, შესანიშნავ გუნდს იხილავთ მოედანზე, სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებით", - ამბობს დე ლა ფუენტე. „ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებიც ამ მომენტში ტრავმირებულები არიან, მალე მოახერხებენ დაბრუნებას. ტრავმები, ფეხბურთის ნაწილია. წინ კიდევ ბევრი დროა და ის მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმები აქვთ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულად გამოჯანმრთელებულები იქნებიან. ღმერთს შევევედრებით, რომ მეტი სერიოზული ტრავმა ჩვენს ფეხბურთელს აღარ ჰქონდეს", - ამბობს დე ლა ფუენტე. „ყოველთვის ამაღელვებელია ის გარემოება, როგორც ქვეყანა ასეთი ენთუზიაზმით ეპყრობა საფეხბურთო გუნდს. ჩვენ ვართ პროფესიონალები, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ცივსისხლიანობა. აქ, არავინ არაფერს არიგებს, გამარჯვება საკმაოდ რთულია. საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია... საკმაოდ რთულია გამარჯვება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესი, მაგრამ არა ერთ თამაში, ერთბაშად. ზოგჯერ საჭიროა ცივი გონებით მიუდგე საქმეს".


როგორც ჩანს ესპანეთის ნაკრების ქომაგები ამ ბოლო დროს თვლიან, რომ მათ გუნდს სანაკრებო კარიერა უკანა პლანზე აქვთ და წინ საკლუბოს აყენებენ. ესპანელთა მწვრთნელს დღეს, ამის თაობაზეც ჰკითხეს.


„ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვილაპარაკია. არის ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც უწევთ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება. თუმცა, ეროვნული ნაკრები ყველას საქმეა, მათ შორის მედიის. ჩვენ ერთად უნდა შევეცადოთ გავიზარდოთ, ვიყოთ თვითკრიტიკულები იმასთან მიმართებაში, თუ რა შეუძლია გააკეთოს ეროვნულმა ნაკრებმა. ლაპარაკია ეროვნული იდენტობის შეგრძნების გაზრდაზე. ეს არის ის, რაც მთელს ქვეყანას აერთიანებს", - ამბობს დე ლა ფუენტე, რომელიც არ უარყოფს რომ ამ გუნდს და ამ ბიჭებს მიეჩვია. ახალ მოთამაშეებს კი მედიის საშუალებითაც ცდილობს შეახსენოს, რომ ესპანეთის ნაკრები უნდა იყოს ისეთივე ლეგენდარული, როგორც ეს 2008-2012 წლებში იყოო.


მარჯვენა მცველები - პედრო, მარკოს ლორენტე უნივერსალები არია, თუმცა, არიან სხვებიცო, მიუთითებს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ესპანურ მედიას - მოთამაშეები ახალგაზრდულ გუნდში, ვიზეც გირჩევდით ყურადღება მიგექციათო და დასძენს, ისინი, პრემიე-ლიგაში და პორტუგალიაში თამაშობენ და დიდი პოტენციალი აქვთ. ყოველთვის გამოვირჩეოდით იმით, რომ მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი ჰქონდათ. ამ და სხვა პოზიციებსაც აქვს მომავალი.


კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვის შესახებაც ესპანელთა თავკაცს შეეკითხნენ დანი ოლმოა. მედიას მიაჩნია, რომ ის გაუწონასწორებელია - როგორც ჩანს ესპანეთში ეს თემაც ბევრს ადარდებს. თუმცა, ესპანელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეჭვი არ ეპარება. „ის იმ მოთამაშეებს განეკუთვნება, რომლებიც კლუბში თუ კი არ გამოსდით თამაში, მოდიან ნაკრებში და თამაშის მაღალ ხარისხს უჩვენებენ. ევროპის ჩემპიონატზე, ფიზიკური მომზადების მხრივ, მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა, თუმცა, მაინც მაღალ დონეზე ითამაშა. ადამიანიც, მაგარი ბიჭია. ითამაშებს თუ არა, გუნდში მის ყოფნას, ყოველთვის მოაქვს შედეგი", - ამბობს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი.


ისე, ქართულ მედიას მხოლოდ სამი შეკითხვის დასმის უფლება მოგვცეს - რა დაგიმალოთ და ამასაც შეჩვეული ვართ. თუმცა, დაგვიანებული სტატიისთვის მაინც გიბოდიშებთ, რადგან სამწუხაროდ, ესპანურს არ ვფლობთ და თარგმანმა დაგვიგვიანა.