საქართველოს ნაკრები ესპანეთს ყოველთვის „ურთულებდა“ - რა მოხდება ხვალ?
საქართველოს ნაკრები ესპანეთს ყოველთვის „ურთულებდა“ - რა მოხდება ხვალ?
14.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დინამო არენაზე" ქართველ და ესპანელ მედიასთან, უფრო თუ დავკონკრეტდებით, ესპანელ და ქართველ მედიასთან, რადგან ისევე, როგორც დე ლა ფუენტეს შემთხვევაში იყო, ქართული თარგმანი აქაც „პოსლეზე" იყო, შესახვედრად ფეხბურთელი ამოვიდა. ამჯერად, წინა შესარჩევი ციკლიდან განსხვავებით, ეს გაკვეთილი, ჩვენ ქართველებმა კარგად შევისწავლეთ და დარბაზიდან არ გავსულვართ  - ჯიუტად დავესწარით ფეხბურთელთან შეხვედრას. საპრესკონფერენციო კი, ამჯერად ამოვიდა.


„საქართველოს ძალიან კარგ კლუბებში რამდენიმე მოთამაშე ჰყავს: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე... მაგრამ ეს ფეხბურთელები არიან გუნდის და სისტემის ნაწილი, შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანია, რა სისტემით თამაშობენ.  საქართველოს ნაკრები, ყოველთვის ძალიან გვირთულებდა საქმეს. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.ბურთის დაკარგვის შემდეგ, სწრაფად ცდილობენ მის დაბრუნებას და ამან წინა თამაშში პრობლემები შეგვიქმნა. ზოგჯერ, კარგად ვერ ვაკონტროლებდით სიტუაციას და შეიძლებოდა ეს ჩვენთვის ცუდად დასრულებულიყო. ამიტომ, ახლა, მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან კონცენტრირებულები და ზუსტები უნდა ვიყოთ", - თქვა სუბიმენდიმ.


თუმცა, ეს ესპანელმა მოგვიანებით თქვა. მანამდე კი, დე ლა ფუენტეს მსგავსად, ესპანეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოსული ესპანელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


"გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ წარმომიდგენია (მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში). თუმცა, ჯერ კიდევ უნდა გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. ბოლო მატჩამდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ამ მომენტში მხოლოდ საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობთ. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ ერთიანი გუნდი გვყავს. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს გვეხმარება საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაში.


მერინო? გოლების გატანის მისი უნარი მაოცებს. დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ თამაშის ამ ასპექტის გაუმჯობესება სურდა. ის ძალიან გაუმჯობესდა. ის გულმოდგინედ ვარჯიშობს. კალენდარი? არ ვიცი, რაზე საუბრობენ. ბევრი მატჩია, მაგრამ მირჩევნია გავაგრძელო თამაში და ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ", - ამბობს მარტინ სუბიმენდი.


რადგან სიტყვამ გოლები მოიტანა, გეტყვით, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ სერიაში, ჩვენს ჯგუფში ყოველ შემთხვევაში, ესპანეთი ის ნაკრებია, რომელსაც გოლო არ გაუშვია... საქართველოს ნაკრები კი, ის გუნდი, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე" გააქვს.


ისე, რამდენჯერაც ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე, „დინამო არენაზე" ელექტრო ენერგია გამოირთო და ადრე ასე ყოფილა, ყველა თამაში წავაგეთ. დღეს, „შუქი" არ ჩამქრალა, ასე, რომ იქნებ ხვალ, ეს ნავსიც გავტეხოთ.


საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.