ბერძნებმა პირველი რაუნდი მოგვიგებს, თუმცა, საქართველოში ჩამოსასვლელები არიან
ბერძნებმა პირველი რაუნდი მოგვიგებს, თუმცა, საქართველოში ჩამოსასვლელები არიან
14.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის გრძელ გზაზე, საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი შეხვედრა წააგო, ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე, "ლეოფოროსზე", ანგარიშით 3-0 (მატჩის სტატისტიკა).


ალბათ, თავშივე უნდა ვთქვათ, რომ სვანაძის გუნდმა, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისგან განსხვავებული შემადგენლობით ასპარეზობდა, ორი სხვადასხვა ტაიმი ითამაშა. პირველი, სადაც მეტოქემ გვაჯობა და მეორე, რომელშიც ჩვენ ვაჯობეთ, თუმცა, ვერ გამოვიყენეთ პენალტი, გაგვიუქმეს ერთი გოლი და რეალურად, დავნებდით.


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ამ ფორმაციით სულ მეოთხე შეხვედრას ატარებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი იეღოიანი ტრავმის გამო აკლდა. არ იყო სანდრო ნარიმანიძე, რომელიც ეროვნულშია გამოცხადებული. წინა შეხვედრასთან შედარებით იყო ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც და რაც მთავარია, ამჯერად, ჩვენი ნაკრების კარს პაპუნა ბერუაშვილი იცავდა, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი, რომელსაც არა მხოლოდ 21-წლამდეთა სასტარტო შემადგენლობაში, ზოგადად ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.


თუმცა, გაშვებულ გოლებში, ალბათ, ყველაც მცირე წვლილი სწორედ ჩვენი ახალგაზრდული გუნდის მეკარეს მიუძღვის. პირველ შემთხვევაში, საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს, პენალტი გაუტანეს, არადა, კუთხეს მიუხვდა. ამის შემდეგ, პირველ ტაიმში კომპენსირებულ დროში გავუშვით - გოლი სტანდარტს მოჰყვა და რეალურად დაცვაში თამაში ჩაგვივარდა. როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტაიმი განსხვავებულად, უკეთ ვითამაშეთ, გავიტანეთ გოლიც, თუმცა, მსაჯებმა თამაშგარე ჩათვალეს (ამ ტურნირზე VAR არ არის, შესაბამისად, არც გადამოწმებულა, თუმცა, „თუმცა" ძალაშია). ამის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ლუკა წულუკიძესთან ბერძნები საჯარიმოში დაჯარიმდნენ და ახლა, პენალტი მათ კარში დაინიშნა. წულუკიძემ, რომელიც მინდორზე 3 წუთის შემოსულიც არ იყო, თავად გადაწყვიტა დაერტყა (ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ფეხბურთელი ალბათ, ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა ბურთს კარგად) და ძელს გაარტყა. ამ მომენტის შემდეგ პირველივე შეტევისას, კვლავ სტანდარტულის შემდეგ, ბერძნებმა ამ შეხვედრაში მესამე გოლი გაგვიტანეს და ჯგუფში, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, უკვე თბილისში, მიხეილ მესხზე გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაშია. ჩვენს გუნდს კი, თქვენი, ქართველი ქომაგის მხარდაჭერა სჭირდება.

 

 

სფფ-ის ფოტო