თოკო შენგელიას „ბარსელონამ“ „ვირტუსი“ დაამარცხა
თოკო შენგელიას „ბარსელონამ“ „ვირტუსი“ დაამარცხა
15.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანის, თოკო შენგელიას „ბარსელონამ", ევროლიგის მე-11 ტურში, ქართველის ყოფილი გუნდი „ვირტუს ბოლონია" 88-81 დაამარცხა.


ქართველმა ძირითად ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზეც ყველაზე მეტი დრო, 24:22 წუთი გაატარა. შეიძლება ითქვას, მოხვდა ყველაზე მეტი, მათ შორის თავში რეპორტაჟზე მომუშავე ოპერატორის შტატივის ფეხი, თუმცა, საბედნიეროდ ქართველი ტრავმას გადაურჩა. ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ვირტუსის" წინააღმდეგ თამაში, შენგელიასთვის არც თუ საუკეთესო იყო - პირველი ტაიმის შემდეგ თოკოს ანგარიშზე მხოლოდ 3 ქულა (ერთიდან ერთი ზუსტი 3-ქულიანი) იყო და მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივაც არ იყო გამორჩეული, მხოლოდ 2 %. თამაშის დასრულების შემდეგაც, შენგელიას ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა, თუმცა, ბოლო პერიოდი ქართველისთვის დღეს, საუკეთესო იყო.


საინტერესო გამოდგა თამაშის ორივე ტაიმი. თუკი, პირველში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას" გამარჯვებით, 45-43 დასრულდა, პერიოდების მიხედვით, სხვაობა, მხოლოდ თითო-თითო ქულას შეადგენდა. აი, მესამე მეოთხედში კი,  „ვირტუსმა" მოახერხა დაწინაურება, მონაკვეთ 16-24 მოიგო და გადამწყვეტი მონაკვეთის წინ,  6 ქულით, 61-67 დაწინაურდა. ბოლო მონაკვეთში კი, „ბარსელონამ" ერთ მონაკვეთში 16-ქულიანი გაქცევა მოახერხა და მონაკვეთი 27-14 მოიგო. საბოლოოდ კი, სხვაობამ 7 ქულა შეადგინა.


საინტერესო დეტალი, დღევანდელ მატჩამდე, 2000 წლის შემდეგ, „ბარსელონა" და „ვირტუს ბოლონია" რვაჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს, საიდანაც სამჯერ „ბარსელონამ" მოიგო, ხუთჯერ კი, „ვირტუსმა".


ამავე ტურში, სტამბოლში, ჩვენი ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ლეგიონერმა კამარ ბოულდვინის „ბაიერნი", „ანადოლუ ეფესთან" 2 ქულით, 74-72 დამარცხდა. ბოულდვინმა, აღნიშნული თამაში ტრავმის გამო გამოტოვა და როგორც ჩანს ის, ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ნოემბრის თამაშებში.


11 ტურის შემდეგ, გათამაშებას „ანადოლუ ეფესი" ლიდერობს, რომელსაც მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" დაუპირისპირდება. რაც შეეხება „ბარსელონას", ის მე-6 პოზიციაზეა, 7 მოგებითა და 4 მარცხით.



ფოტო: ©FC Barcelona Basket