მადლობა ქომაგობისთვის, ათენში თავს შინაურულად ვგრძნობდით
მადლობა ქომაგობისთვის, ათენში თავს შინაურულად ვგრძნობდით
15.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუშინ, ათენში, ევროპის 2027 წლის შესარჩევი ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, მასპინძლებთან საბერძნეთის 21-წლამდე ნაკრებთან წააგო. თუმცა, არ შემიძლია არ დავეთანხმო რამაზ სვანაძეს და არ აღვნიშნო, რომ ანგარიში 3-0 (იხილეთ სტატია), არ ასახავს თამაშის მსვლელობის რეალობას. მით უმეტეს, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ 2-0-ზე გოლი არ ჩაგვითალეს. ამ თამაშებზე, მოგეხსენებათ VAR არ მუშაობს, უკრაინელ მსაჯთა ბრიგადამ კი, საეჭვო თამაშგარე დაგვიფიქსირა. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ 11-მეტრიანი. რასაც ლოგიკური გაგრძელება, გოლი ჩვენს კარში მოჰყვა.


„ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. საბერძნეთის ეს თაობა გამორჩეულია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ყველა თამაში მოგებული აქვს და დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენს ჯგუფს. თამაშს რაც შეეხება, მონაკვეთებად იყო დაყოფილი, პირველი ტაიმის თავი და ბოლო, თავიდან ბოლომდე ჩავაგდეთ. იყო ინდივიდუალური შეცდომები და ეს შეცდომები, პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გამოუცდელი გუნდი ვართ. რეალობა ისაა, რომ დღევანდელი თამაშის პირველი ტაიმი, განსაკუთრებით ბოლო წუთები, მთლიანობაში გამოუცდელობის ბრალია. მეორე ტაიმს რაც შეეხება შევძელით თამაშში დაბრუნება და ძალიან დასანანია ის, რომ როდესაც უპირატესობა გვგქონდა და ბევრ ვუტევდით, ვერ გამოვიყენეთ 11-მეტრიანი. თუმცა, ფეხბურთია - ხდება ეს ყველაფერი. რეალურად, გაგვიჭირდა იმ დანაკლისების შევსება. მოსალოდნელიც იყო, რადგან ისედაც ახალი გუნდია და ამას დაემატა ის გარემოება, რომ პირველი სამი თამაში სხვა დაცვით ვითამაშეთ. ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ერთია სპორტული მხარე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ და მეორეა მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ახალგაზრდული ნაკრები და რა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ის ორი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებში არის და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი, კიდევ გაიზრდება", - ამბობს რამაზ სვანაძე მატჩის დასრულების შემდეგ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნებთან მატჩში აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და რეალურად გუნდს გადაწყობა მოუხდა. ამას გარდა, მატჩის მსვლელობისას გამოგვაკლდა ლუკა ლაცაბიძე, რომლის ტრავმაც, ვიმედოვნებთ არაა სერიოზული და 18 ნოემბერს, თბილისში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, „დინამო თბილისის" მცველი ითამაშებს.  


აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისში, საქართველოსა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშზე, მიხელ მესხზე, ჩვენს გუნდს სათანადო მხარდაჭერა ექნება. ბილეთები, რომელთა ფასი 5 ლარია გაიყიდება და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ქომაგი ეყოლება. მანამდე კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სახელით რამაზ სვანაძე მადლობა უხდის, საბერძნეთში ქართველ სათვისტომოს, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე, ომახიანად ამხნევებდა ჩვენს გუნდს.

 


„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ათენში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაგანაც ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა. ნამდვილად, თავს შინაურულად ვგრძნობდით, ამიტომ კიდევ ერთხელ, მთელი გუნდის და რა თქმა უნდა ჩემი სახელით, მათ მადლობას გადავუხდი მოსვლისთვის. ბოლომდე ვიბრძოლეთ - ვთვლი, რომ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო ეს თამაში, ბოლომდე ვიყავით ჩართული და ეს ის პლიუსია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ", - ამბობს რამაზ სვანაძე.


ევროპის ახალგაზრდული ევროს F ჯგუფში რომელშიც საქართველოს ნაკრები საბერძნეთის, გერმანიის, ჩრდ. ირლანდიის, ლატვიისა და მალტას ნაკრებების გვერდით ასპარეზობს, სვანაძის გუნდი 5 ქულით მე-4 ადგილზეა. სატურნირო ცხრილს, ქულების მაქსიმუმით, 12 ქულით, ბერძნები ლიდერობენ. გერმანია კი, რომელსაც მე-5 ტურში ვეთამაშებით, 9 ქულით მეორე ადგილზეა.


და ბოლოს, აქვე გეტყვით ჩვენს ჯგუფში გამართული კიდევ ორი შეხვედრის შედეგს:


ჩრდ. ირკანდია - ლატვია 1-0

გერმანია - მალტა 6-0