შესაძლოა ესპანეთის წინააღმდეგ 10 ვარიანტი განიხილო, მაგრამ ის 3-4 ნაბიჯით სულ წინ იქნება
შესაძლოა ესპანეთის წინააღმდეგ 10 ვარიანტი განიხილო, მაგრამ ის 3-4 ნაბიჯით სულ წინ იქნება
16.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სხვა ნაკრებებისა რა გითხრათ, მაგრამ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისთვის „დინამო არენა" ბოლო წლებში უფრო მშობლიური გახდა ვიდრე „ბერნაბეუ". საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მორიგი მატჩის დასრულების შემდეგ კი, ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მედიასთან შეხვედრისას იტყვის, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც მან დე ლა ფუენტეს გუნდის წინააღმდეგ გუნდი გაიყვანა - „იმედი მაქვს ესპანეთთან თამაში აღარასდროს მოგვიწევს, თუ მაინც შევხვდით, თამაშამდე პოსტს დავტოვებ"-ო. თავის მხრივ, დე ლა ფუენტემ, საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით, იმ მცირე დეტალზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში ჯიუტად, არ გვინდა გავიგოთ, რადგან დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათამს გვირჩევნია.


„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი სუსტი თამაში იყო. საქართველოს ნაკრებს ჰყავს კარგი ფეხბურთელები. ესპანეთი კი, დიდი გუნდია, ამის გარდა, დღეს დიდი სამუშაო გასწია და ამიტომ მოვახერხეთ გამარჯვება. საქართველოს კი, აქვს კარგი ბაზა, რომელთანაც უნდა იმუშაო და ამ გადმოსახედიდან აქვს მომავალი", - ამბობს ესპანელთა ნაკრების თავკაცი, ლუის დე ლა ფუენტე, მატჩის დასრულების შემდეგ.


საქართველოს ნაკრებთან დღევანდელ დაპირისპირებამდე, ესპანელთა ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლის გუნდთან სხვა თამაშს ელოდა, თუმცა, ესპანეთის ნაკრებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მატჩის შემდგომაც, როდესაც გიორგი მამარდაშვილის კარში დანიშნული პენალტის მომენტს რამდენჯერმე გადავხედეთ და ზოგადად თამაშს, VAR-ის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი დაიდებოდა თუ არა, გავიდოდა თუ არა, რეალურად, ასეც და ისეც, პირველ ტაიმში, ჩვენი ნაკრები, თითქოს გიპნოზის ქვეშ იყო. ის იშვიათი გადაცემებიც კი, რომლითაც ქართველთა გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას დატვირთვას ცდილობდა წყლის ნაყვა უფრო იყო. ასეთი გამოკვეთილი მომენტი პირველ ტაიმში ორი იყო და ორივეში, გადაცემა იმდენად ძლიერი გამოდგა, ბურთი აუტში გადავიდა. საინტერესო იყო, ის გარემოებაც, რომ ქართველთა მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება მოუხდა. დებიუტი ჰქონდა იური ტაბატაძესაც. საქართველოს ნაკრებს კი, შეგახსენებთ ჩაკვეტაძის, მიქაუტაძის, ქოჩორაშვილისა და კაკაბაძის არყოფნა დაეტყო.


„შედეგი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ახალი დაცვის აწყობა საკმაოდ რთულია. ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ოქტომბერთან შედარებით დღევანდელ თამაშში დავინახე ბევრი ნიშანი, რაც იმედის მომცემია, განსაკუთრებით ბურთის ფლობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დიდ გუნდებთან თამაშისას, დაცვაში უფრო თავგამოდებით უნდა ითამაშო, სხვა შანსი არ გვაქვს... ბევრი ფეხბურთელი მატჩის მსვლელობისას, ცდილობდა თავი გამოეჩინა და ეს არის დადებითი მხარე", - ამბობს ვილი სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ.


თუმცა, აქ ოდნავ მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ იქნებ, სანიოლს, გუნდში, მეორე ტაიმში კარგად შემოვიდნენ ალბათ, იმ ნაკრების მთავარი ფიგურანტები, რომლებსაც მომავალში ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ხედავს. თუმცა, ვიდრე მინდორზე ოთხი გიორგი (კვერნაძე, წიტაიშვილი, ქვილითაია და აბუაშვილი) გამოვიდოდა, როგორ უკვე აღვნიშნეთ, ჩვენმა ნაკრებმა თამაში პირველ ტაიმში წააგო.


11-ე წუთზე 11-მეტრიანი მიკელ ოიარსაბალიმ გაგვიტანა, კიდევ 11 წუთში, მარტინ სუბიმენდის გოლის შემდეგ, ესპანელები 0-2 დაწინაურდნენ. 35-ე წუთზე კი, ფერან ტორესმა გაგვიტანა. ალბათ, არ მიწყენენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, თუმცა, პირველ ტაიმში დაცვა, უფრო ზუსტად დაცვაში თამაში ჩაგვივარდა.


როდესაც სწავლობ, უნდა გაიარო რთული პერიოდებიც, მხოლოდ ასე გაძლიერდები. დრო ამასთან გაახლოებს. უკვე ხუთი წელია რაც აქ ვარ, არ ვარ მატყუარა, თუ ვიძახი რომ გავაკეთებ ძლიერ დაცვის სისტემას, ამისთვის დროა საჭირო და ამას, მძიმე შრომით მივაღწევთ. შემდეგ კვალიფიკაციაში, მარტი-ივნისში, ვიქნებით უფრო ძლიერები ვიდრე ახლა. სექტემბრის თამაშებისთვის, უკეთეს ნაკრებს იხილავთ", - ამბობს სანიოლი.


დღეს, როდესაც დაცვაში პრობლემებზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა საკითხი, სანიოლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბევრმა ფეხბურთელმა დაასრულა ასპარეზობა, მეორე ნაწილმა, ამოწურა რესურსი...  ჩვენ გვიწევს გადაწყობა და ეს დროს საჭიროებს. ვინმე სხვა რომ მოვიდეს, ამას ჩემზე სწრაფად ვერ გააკეთებსო, ამბობს სანიოლი.



საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა, ეს გარემოება, მაინც იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ესპანეთს, თავი უკვე ქუდში ჰქონდა. ამას გარდა, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, „კვარასაც", რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან საუკეთესო იყო, ოდნავ შეუმსუბუქეს მეურვეობა. რეალურად, განსაკუთრებით ამ მონაკვეთში, ხვიჩა იყო ყველგან. თუმცა, ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა სართო ჯამში სამი თუ ოთხი შანსი გოლად ვერ გარდასახეს. რეალურად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ეს შესარჩევი, ის გამონაკლისია, როდესაც ვილი სანიოლის გუნდმა ესპანელებს ვერ გაიტანა. სხვათა შორის ამის შესახებ, ვილის მატჩის შემდგომ პრესკოზე შეეკითხნენ.


„საქართველოსა და ესპანეთს შორის სხვაობა დიდია. შიეძლება, 10 სხვადასხვა ვარიანტი განიხილო, მაგრამ 3-4 ნაბიჯით ესპანეთი ყოველთვის წინ იქნება. სიმართლე, რომ ვთქვათ, წინა თვესთან შედარებით საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა. ასე მოვახერხებთ დინამიკური პოზიციის შენარჩუნებას", - ამბობს სანიოლი, რომლის გუნდმაც მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაგვიტანა, 63-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალიმ მეოთხე გოლი გაგვიტანა. ამის შემდეგ, მატჩის ბოლო 15 წუთში მამარდაშვილმა ორი „მკვდარი" ბურთი აიღო. ამ მონაკვეთში კი, თავი წიტაიშვილმა დაგვამახსოვრა.  


ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი წაგებით 0-4 (იხილეთ სტატისტიკა), მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის იმედი სამომავლოდ გადადო. თუმცა ვილი სანიოლის გუნდს, მიმდინარე შესარჩევი ციკლი, ჩასამთავრებელი აქვს. ჩვენი ეროვნული ნაკრები ორშაბათს გამთენიისას სოფიაში გაემგზავრება და ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავს. დღეს, რომ ესპანეთთან მოგვეგო, ანდა სულაც, ფრე გვეთამაშა ვიტყოდით, რომ „კარი გამოვიჯახუნეთ", თუმცა, ხასიათის გამოსასწორებლად, 18 ნოემბერს, სოფიაში კარგი შანსი გვაქვს.


და ბოლოს, ერთი ინფორმაცია, რომელიც დღეს პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი - ბულგარეთში ეროვნულ გუნდს „მტკ ბუდაპეშტის" 27 წლის მცველი, ილია ბერიაშივილი შეუერთდება.