
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ISU-ს გრან პრის ფინალში იასპარეზებენ. ექვსი სერიისგან შემდგარი მარათონი, იაპონიაში, ნაგოიაში დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.
მანამდე კი, ქართულმა სპორტულმა წყვილმა, ლეიქ პლესიდში, მეორე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. როგორც ჩვენ ვიუწყებოდით, მოკლე პროგრამის შემდეგ, ნასტიასა და ლუკას წყვილი პირველ ადგილზე იყო და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარას წყვილს ოთხი ქულითაც უსწრებდა. თავისუფალ პროგრამაშიც, მეტელკინასა და ბერულავას წყვილს, ბოლოს უწევდა გამოსვლა. როგორც ჩანს, ქართულ წყვილს, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს, ლიდერობის მართვა ჯერ კიდევ სასწავლი აქვს. ჩვენი აზრით, დღეს, სწორედ ეს მღელვარება ემჩნეოდათ ჩვენებს, განსაკუთრებით, იმ ელემენტის შესრულებისას რომელიც მოკლე პროგრამაში სუფთად და სინქრონში შესთავაზეს დარბაზში მისულ გულშემატკივარს. საბოლოოდ, დღეს ნასტიამ და ლუკამ სამი უხეში შეცდომა დაუშვეს, რაც დაკარგული პირველი ადგილის ტოლფასი გამოდგა. თავისუფალ პროგრამაში 116.90 (53.53 /64.37) ქულა მიიღეს, რაც მათ მაჩვენებელს მიმდინარე სეზონში 148.07 ქულა საკმაოდ ჩამორჩება და მე-4 ადგილი დაიკავეს. მიუხედავად ამისა, ორი პროგრამის ჯამში, ანასტასიამ და ლუკამ 195.73 ქულით, ვერცხლის მედლები მოიგეს.
„სამწუხაროდ, დღეს არ გამოგვივიდა, მაგრამ მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პროგრამა დავხვეწოთ, ასევე ჩვენს მენტალურ მხარეზე ვიმუშავებთ. აწევის მომენტში რა მოხდა, ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი, მაგრამ ეს არის ბიჭის მოვალეობა ასწიოს პარტნიორი გოგო და ეს, მე დღეს ვერ გავაკეთე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მიუხედავად ამისა, ძალიან მოხარულები ვართ, რომ გრან პრის ფინალში ვიასპარეზებთ იაპონიაში. იაპონია, ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანაა", - ამბობს ლუკა ბერულავა ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
დღესვე, ლეიქ პლესიდში ასპარეზობა დაიწყო ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამაც. ინდურ მოტივებზე შექმნილი ნომერი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა სუფთად შეასრულა, თუმცა, მოკლე პროგრამის შემდეგ, გუბანოვა 68.07 (35.25/32.82) ქულით ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა. ხვალ, გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მინიმუმ სამეულში მოხვედრას შეეცდება.





ჩვენ







