
ბორჯღალოსნებმა 2025 წლის ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში კანადას ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე" 6 ლელო გაუტანეს და 38-17 დაამარცხეს.
შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა შალვა აფციაურმა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით მესამედ ითამაშა, 3 ლელო გაიტანა და საერთო მონაგარი 5-მდე გაზარდა. თითო ლელო დემე თაფლაძის, გიორგი კვესელაძის და თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა, რასაც თედო აბჟანდაძემ 4 გარდასახვით 8 ქულა შემატა.
პირველი 60 წუთის განმავლობაში საქართველო ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. ბორჯღალოსნები სრულად დომინირებდნენ შერკინებასა და კონტაქტის არეში. კარგი იყო დაცვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მეტოქეს უკან ახევინებდა, მათ შორის რამდენჯერმე მთელი 20 მეტრით. მაგრამ მოვიკოჭლებდით დისციპლინაში, რის შედეგადაც სამჯერ დავისაჯეთ სინბინით, დასკვნითი წუთები მოედანზე 13 კაცის ამარა გავატარეთ.
სამწუხაროდ, კანადასთან მატჩში დაშავდა რამდენიმე ჩვენი მორაგბე. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ.

აგრესიული დაცვით და კარგი შეტევით
თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა კარგი დაცვა დაახვედრეს, მე-8 წუთზე დერეფნიდან შეუტიეს, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, დავით ნინიაშვილმა გრძელი გადაცემით ფრთაზე შალვა აფციაური მოძებნა, რომელმაც სამ მცველს გვერდი აუარა და ლელოთი ანგარიში გახსნა. თედო აბჟანდაძეს გასატანი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.
ჩვენი დომინაციის მიუხედავად, კანადამ 23-ე წუთზე შეძლო ჯარიმის გამომუშავება და პიტერ ნელსონმა 20 მეტრიდან ჩამორჩენა შეამცირა. საქართველომ სწრაფად უპასუხა. აბჟანდაძის ფეხით კარგი თამაშის შემდეგ მეტოქის ლელოდან 7 მეტრში დერეფანი მივიღეთ. სტუმრებმა შეძლეს ჩვენი მოლის შეჩერება, რასაც ფორვარდების ორი დარტყმა მოყვა, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.
36-ე წუთზე ჩვენი კაპიტანი ბექა გორგაძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ კაცნაკლულებმა ორი ლელო იქით გავიტანეთ. ტაიმის ბოლოს აბჟანდაძემ ჩვენს ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან გაჭრა ხაზი, მას მარჯვენა ფრთიდან კარგად მიყვა შალვა აფციაური, ცრუმოძრაობის შემდეგ ბოლო მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა და ლელოს უწია. მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მოლის შემდეგ ხაზზე გავიტანეთ ბურთი, ნინიაშვილმა ის კიდესთან შალვა აფციაურს გაატანა და მანაც თავისი მესამე ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ძელის გავლით გარდასახა, 24-3.

დისციპლინამ გვიმტყუნა
თამაში მასპინძლების შეტევებით გაგრძელდა და 53-ე წუთზე შალვა აფციაურის ჩართულობით მორიგი ლელო გავიდა. ბურთის ხელდახელ კარგად გათამაშების შემდეგ, მან ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ზედ ლელოს ხაზთან ოვალი გიორგი კვესელაძეს გადააწოდა, რომელმაც ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და აბჟანდაძემ გარდასახა.
55-ე წუთზე კანადელებმა სუფთად გაგვიჭრეს ხაზი, ბურთი კარგად გაათამაშეს, მათი სახიფათო იერიში ზედ ლელოს ხაზთან შევაჩერეთ, თუმცა რაქიდან გამოტანილი ბურთი ლელოში ბროქ გალაგერმა მაინც გადადო და პიტერ ნელსონმა გარდასახა. 63-ე წუთზე შონ პარი სალელოვე შეტევის ჩაშლისთვის სინბინით დაისაჯა, საქართველომ იქვე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია და თორნიკე ჯალაღონიამ ჩვენი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.
70-ე წუთზე კანადამ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ნინიაშვილმა საოცარი ბოჭვით გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, თუმცა სტუმრებმა იერიში ფორვარდებით გააგრძელეს და ლუკა ივანიშვილი თამაშგარედან თამაშისთვის სინბინით დაისაჯა. კანადელებმა 5-მეტრიანთან ბურთი გაათამაშეს, ამჯერად წესი დემე თაფლაძემ დაარღვია, 1 წუთში მეორე ყვითელი ბარათი მივიღეთ და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით.
ამის მიუხედავად შემდეგ ეპიზოდში მეტოქეს ბურთი ჩავუხურეთ, მერე ჩვენი 5-მეტრიანიდან კარგი შეტევა წამოვიწყეთ, ჯალაღონიამ შერკინების შემდეგ 22-მდე იარა და გელა აფრასიძეს ოფლოუდი გაუხერხა, მანაც ცენტრამდე ირბინა და ფეხით ითამაშა, თუმცანინიაშვილმა მოედნიდან ასხლეტილი ბურთი ვერ დაიმორჩილა და მეტოქე 100%-იან ლელოს გადაურჩა. მიუხედავად ამისა შერკინებამ შეძლო ჯარიმით ბურთის დაბრუნება, მაგრამ მოედანზე გაწევ-გამოწევის გამო რეფერიმ ოვალი მეტოქეს გადაულოცა.
ამას ჩვენს 5-მეტრიანთან ჩვენსავე დერეფანში ბურთის დაკარგვა მოყვა, რითაც შონ პარიმ ისარგებლა და ლელო გაიტანა, ნელსონმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 38-17 საქართველოს სასარგებლოდ.
ბორჯღალოსნები 2025 წლის ბოლო ტესტ-მატჩს 22 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე" ტიერ1-ის გუნდ იაპონიასთან გამართავენ.

ტესტ-მატჩი. 15 ნოემბერი
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა".
საქართველო - კანადა 38-17 (17-3)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი
6 ლელო: შ. აფციაური (3), თაფლაძე, კვესელაძე, ჯალაღონია
4 გარდასახვა: აბჟანდაძე
3 სინბინი: გორგაძე, ივანიშვილი, თაფლაძე





ჩვენ







