
დღეს ოფიციალურად დასრულდა ქალთა ლიგა 2, რომელშიც 2025 წლის სეზონის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან სტარტი ქალთა თოთხმეტმა კლუბმა აიღო, თუმცა, დასრულებით მხოლოდ, ცამეტმა დაასრულა. ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული, სოხუმის „დინამო" გახდა, რომელმაც 67 ქულით, აღნიშნული ლიგის მოგება მოახერხა და ორწლიანი „შესვენების" შემდეგ, ქალთა ლიგა-ს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ სოხუმელებმა ამის გაკეთება, გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოახერხეს, მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს, 24-ე ტურში, გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხეს „თეთრიწყარო".
ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში კი, მეორე ადგილზე, 62 წულით სწორედ, „თეთრიწყარო" გავიდა, რომელიც მომავალი, 2026 წლის სეზონში ასევე ითამაშებს ქალთა ლიგაში. საქმე ისაა, რომ ჩემპიონატის დებულების თანახმად, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის მეხუთე ადგილოსანთან ფლეი ოფი უნდა ეთამაშა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბერში ქალთა ლიგის გათამაშებას საკუთარი სურვილით გამოეთიშა „სამეგრელო", ფლეი ოფის ჩატარების აუცილებლობაც აღარ დადგა დღის წესრიგში. შესაბამისად, ქალთა ლიგას 2026 წლის გათამაშებაში „თეთრიწყაროს" სახით, დებიუტანტი ეყოლება.
სეზონის მიმდინარეობისას, ერთი გუნდი გამოაკლდა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშებასაც. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების ერთ-ერთმა ძველმა ბინადარმა, „ზარზმამ" ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ოქტომბერში განაცხადა. შესაბამისად, დარჩენილ ტურებშიც, „ზარზმასთან" დაგეგმილ კალენდარულ შეხვედრებში მათ მოწინააღმდეგე გუნდებს ტექნიკური მოგებები ჩაეთვალათ.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალთა ლიგა 2-ს ჰყავს თავისი ბომბარდირი - 16 წლის ლიზი კაკულიაა, რომელიც სოხუმის „დინამოს" ღირსებას იცავდა ქალთა ლიგა 2-ში და ამას გარდა, საქართველოს გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების წევრია. ლიზის ანგარიშზე 2025 წლის სეზონში 104 გოლი დაგროვდა.
ფოტო: დინამო სოხუმი / ლიზა კუპრაძე





ჩვენ







