
ანასტასია გუბანოვამ 2025 წლის გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა. საქართველოს გუნდის მოციგურავემ, პოპულარული ფილმის „მოჩვენებას" საუნდთრქეზე შექმნილი პროგრამა დღეს, უშეცდომოდ შეასრულა და 136.62 (69.58/67.04) ქულა დაიმსახურა რაც, თავისუფალ პროგრამაში დღის მეორე შედეგი აღმოჩნდა. აღნიშნული შეფასებით, ნასტიამ ვერც სეზონის საუკეთესო შედეგი (138.15) აჩვენა და პირად რეკორდთანაც (141.39), ხუთი ქულით შორს იყო, თუმცა, გუბანოვას თავდაჯერებულობა, იმედს გვაძლევს, რომ 2025-2026 წლების მნიშვნელოვან შეჯიბრებში ჩვენი წარმომადგენელი, უფრო მეტის მიღწევას მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ლეიქ პლესიდში დასრულებულ გრან პრის ეტაპზე, გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.07 (35.25/32.82) ქულა მიიღო და მე-4 ადგილზე იყო თავისუფალი პროგრამის წინ. ორი პროგრამის ჯამში კი, ანასტასიამ 204.69 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს წარმომადგენელს იაპონელმა რინკა ვატანაბემ (201.96) და ამერიკელმა ალისა ლიუმ (214.27) გადაასწრეს.
ეტაპზე საერთო ჯამში 12 ქალი მოციგურავე მონაწილეობდა, რომელთაგან ოთხი ევროპის კონტინენტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან, ნასტია ევროპელებს შორის საუკეთესო იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ გრან პრის სერიის ბოლო ეტაპი ჰელსინკიში 21-23 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე ქართული გუნდიდან, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.
გრან პრის ფინალური ეტაპი კი, იაპონიაში 4-7 დეკემბერს ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ ფინალში მონაწილეობის უფლება ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას უკვე გარანტირებული აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ნაგოიაში ქართული გუნდიდან კიდევ გვყავდნენ წარმომადგენლები.





ჩვენ







