2018 წლის დასრულებამდე „დინამო თბილისმა“ ორი ახალწვეული წარადგინა
2018 წლის დასრულებამდე „დინამო თბილისმა“ ორი ახალწვეული წარადგინა
25.12.2018
ავტორი:

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი"  2019 წლის სეზონისთვის შეკრებას ახალი წლის შემდეგ, სავარაუდოდ 8-10 იანვრიდან დაიწყებს. სწორედ, ამ დროიდან გახდება ცნობილი თუ, რომელ ფეხბურთელებთან გააგრძელებს კლუბი ურთიერთბას ახალი სეზონიდან და ვის დაემშვიდობება. ამ დროისთვის, იქნება გარკვეული თუ, საბოლოოდ რა სახით დაიწყებს მუშაობას ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სამწვრთნელო შტაბიც.

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კი, კლუბმა ამ დრომდე „დინამო თბილისიდან" არც ერთი ფეხბურთელის წასვლის შესახებ არ განაცხადა. თუმცა, ახალი სეზონისთვის ორი ახალწვეული უკვე დააანონსა.

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბს 29 წლის შემტევი, ლევან კუტალია შეუერთდა. ფეხბურთელმა „დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ტორპედოდან" თბილისში ფეხბურთელის გადმობარგებას, იმერული კლუბის ქომაგთა მხრიდან, დიდი აჟიოტაში მოჰყვა.




„ამაყი ვარ, რომ ისეთ ისტორიულ კლუბში ჩავირიცხე, როგორიც „დინამო თბილისია". მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო.  „დინამო თბილისი" ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ასე იყო სულ. მომავალ წელსაც ასე იქნება. მე, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა მივიღე, მზად ვარ იმისთვის, რომ გუნდს გვერდში დავუდგე და დავეხმარო წარმატების მიღწევაში. ზაფხულში, ევროტურნირებზე გამოვდივართ. „დინამო თბილისისთვის", რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვა იქნება მთავარი. ვიცი, კარგი გუნდი კეთდება და სავსებით რეალურია ის, რომ ევროპალიგაზე ეტაპები გადავლახოდ. მითამაშია, ამ გუნდის წინააღმდეგ და ვიცი, გულშემატკივარი, როგორ უდგას გვერდში.  „დინამოს" გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველა თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯები", - ამბობს ლევან კუტალია, „დინამო თბილისის" მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლში.

შეგახსენებთ, რომ ლევან კუტალიამ საფეხბურთო კარიერა „ზუგდიდში" დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე სეზონი ბოსნიურ „სლავიასა" და „ზრინსკიში" გაატარა. საქართველოში დაბუნების შემდეგ კი, „ზუგდიდის", „ზესტაფონის", „შუქურას", „მერანის" და ბოლოს „ტორპედოს" ღირსებას იცავდა.

სოციალურ ქსელში, კუტალიას „დინამოში" გადასვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟისგან განსხვავებით, სრული სიმშვიდე იყო „დინამო თბილისის" კიდევ ერთი ახალწვეულის, 25 წლის მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილის გადასვლის შემდეგ. იაშვილმა, „დინამოსთან", წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელმა „ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო საფეხბურთო კარიერა, 2014 წლიდან კი „საბურთალოს" ღირსებას იცავდა.




„ძალიან გახარებული ვარ „დინამოში" მოსვლით. დიდი პატივია ამ კლუბში თამაში და შევეცდები, იმედები გავამართლო. ჩვენი, „დინამოს" მიზანი, როგორც ყოვლეთვის იქნება ჩემპიონობა, შემდეგ აუცილებლად, თასის მოგებაც. ყველაზე დიდი სურვილი ალბათ, რაც „დინამოს" უნდა, არის ევროსარბიელზე თავის წარმატებულად წარმოჩენა და ამ წარმატებას, აუცილებლად მივაღწევთ. „დინამო თბილისი" ფანებს, გულშემატკივარს, მინდა ვუთხრა, რომ მინდორზე ყველა ჩემი გამოსვლა იქნება 100%-ით დახარჯვა", - ამბობს, ნოდარ იაშვილი.