
საქართველოში, ფეხბურთი, მისთვის ჩვეულ, პირველ ადგილზე, პოზიციებს იმყარებს. ამის დასტური დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დარბაზში ჩატარებული 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომლის დროსაც 14 ნომინაციიდან ორი და ერთიც, სპეციალური პრიზი, სწორედ, ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებს ერგოთ. მოსწონთ თუ არა, სცენაზე ასულ ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებს, ტაში დაუკრეს თუ არა (ტაშის დაკვრის სიზარმაცე, ეს კიდევ ახალი ფენომენია, ქართულ რეალობაში და იყო, დღეს ეს დანაკლისიც), ფაქტია, რომ ფეხბურთი „თამაშში", საიდანაც არც გასულა, თავაწეული „დაბრუნდა".
„მე არ ვიტყოდი, რომ ფეხბურთი როდისმე „თამაშში არ იყო". უბრალოდ, იყო ჩავარდნები. ადრეც გვქონია წარმატებები. უბრალოდ, ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბით, რაც უეფა-ს ერთა ლიგაზე ნაჩვენებმა შედეგმა გამოიწვია, ჩვენ არ გვქონია. კარგია, რომ ის შანსი, რაც მოგვეცა, გამოვიყენეთ. ბუნებრივია, შესაძლოა, არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ეს, ყველაფერი იყო ადვილი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ადვილი არაფერი არ არის. თუნდაც, იმ ტურნირზე, სადაც ვითამაშეთ და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატება და თუნდაც, დღევანდელი გუნდის აღიარება, თითოეული ფეხბურთელისთვის, ქართული ფეხბურთის გუნდის თითოეული წევრისთვის იქნება კარგი მოტივაცია. მოტივაცია, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენც გვაფასებენ და ჩვენც, ეს რაღაცით უნდა დავაბრუნდოთ. ვგულისხმობ, ზუსტად იმას, რომ მომდევნო წლებში, კიდევ უფრო მეტად უნდა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი"- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდენტმა TSFF.GE -სთან საუბარში.

2018 წლის საუკეთესო გუნდი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებია, რომელიც ამ ნომონაციაში სწორედ, უეფა-ს ერთა ლიგაში მოპოვებული წარმატებისთვის მოხვდა. საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში, ფეხბურთელთა ნაკრებს, ერთბაშად ორი სარაგბო გუნდი, ეროვნული და 18-წლამდე ნაკრები და ერთიც, ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები ეცილებოდნენ. მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული მითოლოგიური „ნიკე", საქართველოს ფეხბურთელთა ერვოვნული ნაკრების მცველს სოლომონ კვირკველიას, ოლიმპიური თამაშების ქართველმა ოქროსმედალოსანმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა გადასცა.
„სასიხარულოა, ჩვენთვის ფეხბურთის ასეთი აღიარება. მე, არ მახსოვს, ასე, როდის იყო ბოლოს. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ. მინდა ვთქვა, რომ მართლაც, 2018 წელი ჩვენთვის იყო წარმატებული წელი, როგორც სანაკრებო დონეზე, ისევე იმ პროექტების კუთხითაც, რომელიც ამ წლის მანძილზე განვახორციელეთ და რომლეთა აღიარება, მოხდა ქვეყნის გარეთაც. თუმცა, დღეს რაც მოხდა, როდესაც შენს ქვეყანაში გაღიარებენ და გაფასებენ, ეს ჩემთვის, პირადად ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდი სტიმულია იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი გავაკეთოდ. მინდა, მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ფეხბურთელებს, მწვერთელებს, ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელს. რომ არა მათი შრომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატებები არ იქნებოდა. მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ჩვენი სჯერა და ეიმედება, რომ ნამდვილად არ გავუცრუებთ იმედებს და ყველას ვარწმუნებთ, რომ მომავალში, კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ვინაიადან, არა მარტო ქართულ ფეხბურთს და სპორტს, არამედ ჩვენს ქვეყანას სჭირდება წარმატება"- ამბობს ლევან კობიაშვილი, რომელმაც დღევანდელ საღამოზე 2018 წლის საუკეთესო მენეჯერის ნომინაციაში გაიმარჯვა.

არც თუ შორეულ წარსულში საამაყო ფეხბურთელსა და სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ეს ჯილდო, იმავე პერიოდის არანაკლებ სახელოვანმა ფეხბურთელმა და თანაგუნდელმა, დღეს, ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ გადასცა. რუსთაველის თეატრის სცენაზე დღეს, წარსულში ამ ფეხბურთელთა კიდევ ერთ თანაგუნდელს, სფფ-ს გენმდივანს დავით მუჯირსაც მოუხდა ასვლა. დავით მუჯირმა, ის ჯილდო ჩაიბარა, სპეციალური პრიზი - „წლის აღმოჩენა", რომელსაც რამდენიმე დღეში 2018 წლის ქართული ფეხბურთის გამორჩეულ სახეს, გიორგი ჩაკვეტაძეს გადასცემს.

ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეს, კიდევ ერთ ნომინაციაში ჰქონდა გამარჯვების შანსი. საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის მებრძოლთა შორის ვლდიმირ ვაისიც იყო დასახელებული. თუმცა, ქართული სპორტის მთავარმა ორგანომ, პირველობა ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს მიანიჭა.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისი მერი, სპორტული სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის მოქმედი სპორტსმენები ესწებოდნენ, საუკეთესოები უკვე ჩამოთვლისის გარდა, კიდევ 10 ნომინაციაში დაასახელეს:
2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსნობაში უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, რევაზ დავითაძე გახდა.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში, მკლავჭიდში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი აღიარეს.
2018 წლის საუკეთესო მსაჯად აღიარეს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მხატვრულ ტანვარჯიშში, ელისო ბედოშვილი.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ნინო ოძელაშვილი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს სამბოში, პირველი ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალს საჭიდაო სახეობებში, კონკურენციას არანაკლებ ძლიერი ქალები - ელენე ქებაძე - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, ნანა ძაგნიძე - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ანასტასია გოტფრიდი - ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, ლიზი კილაძე - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში და ნინო ხუციბერიძე - ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში უწევდნენ.
სხვათა შორის, დღეს კიდევ ორი ქალი დაჯილდოვდა. ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი მარიამ გიორგობიანს გადასცეს.

„მნიშვნელოვანი დღე და ღონისძიება იყო. მოხარული ვარ, რომ მოვხვდი გამარჯვებულთა შორის. 2018 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. ვთვლი, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა შედეგების მხრივ დასრულებულიყო. თუმცა, წინ 2019 და 2020 წლებია და ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად, თავდაუზოგავად ვშრომობთ. კარგად დავიწყეთ. 2018 წლის მიწურულს, საქართველოს შეჯიბრით, დაიწყო უკვე ოლიმპიური ქულების ათვლა. შესაბამისად, გვაქვს სერიოზული შედეგები და ტოკიოში, ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით", - ამბობს ირმა ხეცურიანი.
საქართველოს ისტორიაში პირველმა ქალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სწორედ 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის 5-გზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანი დააჯილდოვა. მანვე გადასცა ჯილდო 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცს, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოში, ზვიად გოგოჭურს.

,,ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ქართული სპორტის სიძლიერით ჩანს ქართული სახელმწიფო და მისი სიძლიერე. თქვენ, ამ სახელმწიფოს დიდი იმედი ხართ. სახელმწიფო დგას ბევრ რამეზე, მათ შორის, კულტურასა და სპორტზე. ამდენად, თქვენ ძალიან ძვირფასი ხართ ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ვისურო, რომ არა მხოლოდ 2019 წელს, არამედ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საერთო ჯამში 3 ნომინაციაში დაჯილდოვნენ ქართველი მოჭიდავეები. 2018 წლის საუკეთესო ფედერაციად, სწორედ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დაასახელეს, 2018 წელს მოპოვებული განსაკუთრებული სპორტული შედეგებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ 2017-18 წლების მიჯნაზე სპორტის სამინისტროს სხვა უწყებებთან შერწყმა მოჰყვა, 2017 წლის ბედი, „გადაყოლილი გამოცდასავით" წელს გაირკვა. 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტიაშვილი აღიარეს.
თუმცა, ალბათ, ყველაზე მთავარი და არა მხოლოდ 2018 წლის, არამედ მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიო დონის მოვლენა იყო ქართული ჭიდაობის აღიარება UNESCO-ს მიერ. შეგახსენებთ, 2018 წელს UNESCO-მ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. დღევანდელ გალა-დაჯილდოებაზეც ნომინაციაში წლის აღიარება, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დაჯილდოვდა.
ნომინაციაში „სპორტისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია", 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო წლის წინ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაჯილდოვეს.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სპეციალური პრიზით, ჭადრაკის ფედერაცია დაჯილდოვდა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: 2018 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის - გიორგი იანტბელიძე (საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი), საერთაშორისო აღიარებისთვის - ზვიად პატარიძე (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი (120 კგ) ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი). სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო შტაბი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრ, თორნიკე შენგელიას 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზი ერგო. მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რჩეული ერთდროულად 3 სპორტსმენი გახდა: ტოჩინოშინი (სუმოისტი - ლევან გორგაძე), ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი).

სხვათა შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამ დღეს, კიდევ ერთ ნომინაციაში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის კანდიდატებს შორისაც იყო წარმოდგენილი. წლის საუკეთესოს ტიტულისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP (ეიტიპის) ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონის, მსოფლიოს 21-ე ჩოგანის კონკურენტები მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე იყვნენ.
რამდენიმე დღის წინ, „ივენთ ჰოლში" გამართული დაჯილდოების მსგავსად, დღესაც, რუსთაველის თეატრის სცენაზე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი რაგნგში, უკვე სამინისტროს ვერსიით, კვლავ ძალოსან ლაშა ტალახაძეს უხმეს. „ყველაზე ძლიერ ადამიანს დედამიწაზე" ჯილდო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადასცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც ჩემს მიერ მსოფლიო ასპარეზეე მიღწეულ შედეგებს ჩემი ქვეყანა აფასებს. ნებისმიერი ჩემი წარმატება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემს მზადებაში არის ჩართული. მინდა, სამომავლოდ, ქართველ სპორტსმენებს ბევრი წარმატება ვუსურვო", - ამბობს ლაშა ტალახაძე, რომელიც ხვალ სპორტული მედიის რჩეულთა დაჯილდოებისას გაირკვევა მოახერხებს თუ არა, 2018 წელს ჰეთ-თრიკის შესრულებას.

„დღეს წილად მხვდა პატივი 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დამეჯილდოებინა. წლის სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ვამაყობ, რომ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია! 2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო ქართული სპორტის ისტორიაში. მხოლოდ წელს, ჩვენმა სპორტსმენებმა უპრეცედენტო რაოდენობის - 870 მედალზე მეტი მოიპოვეს. ჯანსაღ ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს, თითოეული სპორტსმენი კი მაგალითია ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - ამბობს მამუკა ბახტაძე.
სხვათა შორის, სწორედ მასზე, მამუკა ბახტაძეზე და ქვეყნის სხვა სახელისუფლო რგოლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საღამოს წამყვანები მარტივად სპორტის სამინისტროს რჩეეულს წარმოთქვავენ, თუ ნომინაციებში დასაჯილდოებლებს შორის წამყვანების ტექსტრის ქრონომეტრჟის უდიდესი ნაწილი, სწორედ, ამ დამჯილდოებელი უწყების სახელწოდების წარმოთქმისას დაიხარჯება. ფაქტია, რომ ის, სპორტული შედეგები, რითაც დღეს ასე ერთად, მთელი საქართველო ვამაყობთ, სათავეს იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც სპორტზე, კონკრეტული მიმართულების სამინისტრო ზრუნდავდა. სპორტსმენები დამეთანხმებიან, რომ ნებისმიერი სპორტული შედეგი, მრავალწლიანი და ხანგრძლივი შრომის ნაყოფია. სპორტის სამინისტროს კვლავ ცალკე სტრუქტურად გარდაქმნის იდეით კი, დღეს, 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიის დროს, რუსთაველის თეატრში მყოფ საზოგადოებას, ვეტერანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, დავით ქლიბაძემ მიმართა, დარბაზში მყოფ სპორტსმენთა აპლოდისმენტების თანხლებით.

მასალაში გამოყენებულია: ლაშა კუპრაშვილის, ხატია ჯიჯეიშვილის, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურების ფოტო-მასალა





ჩვენ








