
თბილისის „ივენთ ჰოლში" დღეს, წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა დღეს, პირველად ახალ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც, სამომავლოდ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და საანგარიშო წლის მიწურულს გაიმართება.
დაჯილდოებულთა შორის საქართველოს საუკეთესო პარაოლიმპიელები ირმა ხეცურიანი და ზვიად გოგოჭურიც იყვნენ. შეგახსენებთ, რომ მათ გუშინ, რუსთაველის თეატრში გამართული წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ღონისძიებისას 2018 წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი ქალისა და კაცის პრიზები, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. 13 ოქროს მედლის მფლობელმა ქართველმა ქალმა პარაოლიმპიელმა სამადლობელო სიტყვაში აღნიშნა, მერიის როლი პარაოლიმპიზმის განვითარებაში და საერთაშორისო სარბიელზე, მათ მიღწევებში.

თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერიის სპორტის სამსახურის პირველი დაჯილდოებულთა შორის მოხვდნენ ევროპისა და მსოლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები (მათ შორის ასაკობრივ ტურნირებში), დაახლოებით 4 ათეულზე მეტი სპორტსმენი (ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობის წარმომადგენლები), რომელთათვისაც ახალი წამოწყება სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.

მერიის წამოწყებას მიესალმა ცნობილი ქართველი სპორტსმენი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე. ყველაზე ტიტულოვანმა ტყვიით მსროლელმა ქალმა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მაშინ, როდესაც წლებია, რეგიონები, საკუთარი კუთხის სახელოვან სპორტსმენებს აჯილდოებდნენ, თბილისი ჩუმად იყო. ახლა, კი მერიის ახალი წამოწყების შემდეგ, თბილისელ სპორტსმენებსაც ექნებათ დამატებითი სტიმული შედეგების გასაუმჯობესებლად.
დღეს, „ივენთ ჰოლში" წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს სიმბოლური პრიზები გადაეცად. მოგვიანებით კი, ყველა მათგანი, ფულადი ჯილდოსაც მიიღებს.
გურანდა გურასაშვილის ფოტოები





ჩვენ








