დღეს საუკეთესოს, 15 თებერვალს კი საპრეზიდენტო არჩევნებია
დღეს საუკეთესოს, 15 თებერვალს კი საპრეზიდენტო არჩევნებია
28.12.2018
ავტორი:

რამდენიმე საათში თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს გამოავლენენ. GFF AWARDS 2018-მდე კი, საქართველოს ფეხბურთის მმართველი ორგანო ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეო.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 29-ე საარჩევნო ყრილობა სფფ-ს პრეზიდენტს აირჩევს.

„წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების არჩევა. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული, განპირობებულია იმით, რომ მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდეს ვიდრე აქტიურ ფაზაში შევა სეზონი, რათა გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

აპირებს თუ არა ლევან კობიაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ წლის საუკეთესო მენეჯერად აღიარეს, ახალი ვადით იყაროს კენჭი, სფფ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის, სფფ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას".

ამ მომენტისთვის, აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ ორშაბათიდან, სფფ-ს გენერალური სამდივნო ფეხბურთის ფედერაციის წევრებს მიაწვდის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადებს. „ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ში ლევან კობიაშვლის გუნდის მმართველოსბი პერიდოში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის მთავარმა სპორტულმა მმართველმა უწყებამ და სპორტულმა „მეოთხე ხელისუფლებამ" 2018 წლის საუკეთესო გუნდად აღიარა. ჟურნალისტებმა კი გუშინ, სწორედ სფფ გამოარჩიეს იმ ორგანიზაციად, რომელიც მედიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.