ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მედლები შეიძლება ფიგურულ ციგურაობაში დავგეგმოთ
ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მედლები შეიძლება ფიგურულ ციგურაობაში დავგეგმოთ
12.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ალბათ, მედლების მოგების შანსი, ყველაზე მეტად ფიგურულ ციგურაობაში გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების წევრები ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) იმ სპორტსმენების კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წელია, სტაბილურად ასპარეზობენ. 


ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2026 წლის 6-22 თებერვალს იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდება და  აქ ფიგურული ციგურაობის შეჯიბრი გვაქვს მხედველობაში, საქართველოს ნაკრების წევრები, ინდივიდუალურ პირველობაზე ასპარეზობის გარდა, გუნდურ ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას და იქაც, მედლების მოპოვების კანდიდატ გუნდებს შორის არიან.


„დამსახურებულად მოპოვებული ოლიმპიური ლიცენზიები კიდევ ერთი  დასტურია ოლიმპიურ  ციკლში  ჩვენი ნაკრების  წევრი სპორტსმენების მოსამზადებელ პერიოდში შედეგზე  ორიენტირებული აქტივობების  მიზნობრივად და  ეფექტურად წარმართვისა, ბოლო სამ  სპორტულ სეზონზე მიღწეული იმ  წარმატებებისა, რომელთა ჯამური  შედეგიც აისახა   ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ლიცენზიების  რაოდენობაში. ისეთი  ქვეყნების  გვერდით, როგორებიცაა  აშშ, იაპონია, კანადა და  იტალია, მსოფლიო  რეიტინგულ  სიაში წამყვან პოზიციაზე  ყოფნა, დიდ  სტიმულს  მისცემს  ჩვენს სპორტსმენებს მილანში ოლიმპიურ  თამაშებზე   მეტი  შემართებით  , თავდაუზოგავად  იბრძოლონ  წარმატებებისათვის. მართალია ,იყო სირთულეებიც, რისკებიც, დიდი გამოწვევებიც, მაგრამ უფრო დიდი იყო ოლიმპიადაზე მონაწილეობის  სურვილი , რათა ერთიანი გუნდით ღირსეულად  დაგვეცვა      მდიდარი სპორტული ტრადიციების  მქონე ჩვენი  ქვეყნის ღირსება და მისი  საუკეთესო  ინტერესები", -  ამბობს მარიამ გიორგობიანი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.


გუშინ, ISU-მ (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია), ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების გუნდური შეჯიბრის მონაწილეთა სია ოფიციალურად გამოაქვეყნა და ამ ჩამონათვალში საქართველოს კიდევ ცხ, აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და პოლონეთი იასპარეზებენ. ალბათ, აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდური ასპარეზობის მიღმა, ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, ფიგურული ციგურაობის ყველა, ოთხივე კატეგორიაში ოთხ-ოთხი ლიცენზიის მოპოვება, საქართველოსთან ერთად, აშშ-ს, იტალიის, ჩინეთისა და კანადის გუნდებმა მოახერხეს. ამავე გვერდზე დაყრდნობით, თავდაპირველად მედლები, სწორედ გუნდურ შეჯიბრში გათამაშდება, ასე რომ პირად ჩათვლებში, ჩვენები უფრო „გახურებული" გამოვლენ.


და კიდევ, ქართველმა მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და ჩვენმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამა და ლუკა ბერულავამ საკმაოდ საინტერსო მოსამზადებელი ფაზა გაიარეს თბილისში. ჩვენებს, ცნობილი ფრანგი მოციგურავე და ქორეოგრაფი რიშო ბენუა სტუმრობდა, რომელსაც ნიკას პროგრამები, ასევე ნასტიას და ლუკას თავისუფალი პროგრამა აქვს დადგმული - ეს კი, ის პროგრამებია, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ქართველი მოციგურავეები, სწორედ ოლიმპიური თამაშებისთვის ხვეწენ. ასე, რომ ბენუამ ქართველების პროგრამებში, ბოლო შესწორებები და შტრიხები შეიტანა და დღეს, სამშობლოში გაემგზავრა.