
ვიდრე 14 დეკემბრის ევროპული სათამაშო დღე დაიწყება ქართული ლეგიონისთვის, მოკლედ გადავხედოთ რა მოხდა 13 დეკემბერს. ბუნებრივია, აქ მიმოხილულის გარდა, ჩვენი ლეგიონის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის გუნდმა ჩაატარა მორიგი საკლუბო ტურის შეხვედრები, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ ქართველების გარეშე, რომლებიც, ვისაც ტრავმა არ ჰქონდა კი იყვნენ განაცხადში, თუმცა სათადარიგო სკაზე, აი ჩვენი მეკარეები (!) კი, სამწუხარო-ტრადიციულად სტატისტების როლში.
ქართული ლეგიონის მორიგი უქმები ყველა საინტერესო საფრანგეთში გამოდგა. თუმცა დავიწყოთ ლიგა 1-ით, სადაც მე-16 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა", ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა. ქართველებიდან, სასტარტო შემადგენლობიდან „წიტამ" დაიწყო და მასპინძელი გუნდის შემადგენლობიდან, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ყველაზე შესამჩნევი ის იყო მინდორზე. თუმცა, მისი გადაცემების დაბოლოებას, პარტნიორები ვერ ახერხებდნენ. ამასობაში კი, პსჟ ნელ-ნელა წინ გაიჭრა და პირველი ტაიმი 1-2 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მოდენაზე „კვარას" შემოსვლამდე სამი წუთით ადრე, 63-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა და თავი ქუდში იგრძნო. თუმცა, წიტაიშვილი არ ნებდებოდა და მე-80 წუთზე საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. (იხილეთ გოლი). "წიტა" კი, კიდევ ერთი ქართველია, ვინც პსჟ-ს გაუტანა! მიუხედავად ქართველის აქტიურობისა, 85-ე წუთზე, „წიტა" მეორე ქართველით, აბუაშვილით ჩაანაცვლეს. მოედანზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად, „კვარამ" კარის მიმართულებით ერთხელ გაისროლა, აი, „აბუ" კი, ცდილობა გუნდის თამაშის გამწვავებას, თუმცა, „მეცი", რომელიც სატურნირო ცხრილში 11 ქულით ბოლო ადგილზეა, მაინც დამარცხდა ლიდერთან, რომელსაც შესაძლოა დღეს „ლანსი" დაეწიოს.
დუბლი საფრანგეთის ლიგა 2-ში - ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რიცხვი რვამდე გაზარდა. მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში, ქართველის „სენტ ეტიენი", მე-19 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, „ბასტიასთან" 0-1-ს აგებდა, თუმცა, ზურიკომ 24-წ წუთზე გაათანაბრა. კიდევ 10 წუთში, სტუმრებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, 1-2. შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე კი, დავითაშვილმა კიდევ გაიტანა, ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა 2-2 (იხილეთ გოლები) და თამაშიდან გამომდინარე, გუნდს ლოგიკური დასასრულისკენ უბიძგა, მითუმეტეს, რომ სტუმრების კარში, პენალტი დაინიშნა, თუმცა, ფლორიან ტარდიუ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა და ქართველის გუნდმაც სამი ქულა ხელიდან გაუშვა. 17 ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენი" 30 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგაში დიდი ანგარიშით 4-1 წააგო გასვლითი შეხვედრა „ჰოფენჰაიმთან", გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა". ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. იმ მომენტისთვის „გოჩოლას" გუნდი უკვე, 2-0-ს აგებდა. 14 ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. აქვე, შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო, თამაშები უცდება ბუდუ ზივზივაძეს, რომლის „ჰაიდენჰაიმსაც"11 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის „ზირას" 15 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველებიდან, მე-15 ტურის შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ჩაატარა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც კიდევ ერთხელ განვმეორდებით და ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, იმ გიორგი პაპუნაშვილს „დაუბრუნდა", რომელზეც ქართული ფეხბურთი, წლების წინ სოლიდურ ავანსს იძლეოდა, შესაბამისად, არ იქნება ურიგო, თუკი ფეხბურთელს, ამხანაგურ შეხვედრებში მაინც ექნება შესაძლებლობა, კვლავ მოირგოს ეროვნული ნაკრების მაისური. „შამახის" წინააღმდეგ შეხვედრაში კი, „პაპუნამ", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკუთარ გუნდში, სტანდარტულის შემდეგ, კარგად ისარგებლა მეტოქის შეცდომით და უძლიერესი შორეული დარტყმით მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში (იხილეთ გოლი). მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 2-1 წააგო.
საბედნიეროდ, ქართველი გულშემატკივრის შიში არ გამართლა და გიორგი ჩაკვეტაძემ, ინგლისის ჩემპიონშიპის 21-ე ტურში ითამაშა. მართალია, „ჩაკვემ" სათადარიგო სკამიდან დაიწყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ მთავარია რომ ჯანმრთელადაა და სათამაშო დროც მიეცა. ქართველის „უოტფორდმა", გასვლაზე ფრედ, 2-2 ითამაშა „ვრექსჰემთან" და 29 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
როგორც იქნა, პორტუგალიაში და მას შემდეგ, რაც რეალური გახდა გიორგი ქოჩორაშვილის შესაძლო წასვლა „სპორტინგიდან", ქართველს სრული სათამაშო დრო მისცეს და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა დიდი ანგარიშით, 6-0 გაანადგურა აფს, „ქოჩორა" მოედანზე კარგად გამოიყურებოდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი, სწორედ მისი გადაცემით გაიტანა მესამე გოლი გენი კატამომ. „სპორტინგი" ამ მომენტისთვის 35 ქულით მე-2 ადგილზე.
დღეს, თბილისის დროით 16:30 საათიდან „ლოჩოს" „ნიურნბერგი" დაიწყებს და 22:30 საათზე „კრაიოვა უნივერსიტატია" გავა ბოლოს მოედანზე, იმ 12 გუნდიდან, სადაც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატები შეგვიძლია ვიხილოთ. ასე, რომ დანარჩენს უკვე ხვალ გიამბობთ.

|
|
|





ჩვენ








