„მშრალი“ ქართული ტური ჩვენი ლეგიონისთვის
„მშრალი“ ქართული ტური ჩვენი ლეგიონისთვის
15.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქართული ლეგიონერების მორიგი სათამაშო დღე იყო. თავიდანვე გეტყვით, რომ ესპანეთში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის" თამაში „ლევანტესთან", ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ლალიგის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული სირთულეები, რომლის შესახებაც AEMET-მა (ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლიგიური სამსახური) RFEF-ი გააფრთხილა და Ciutat de València-ზე დაგეგმილი მე-16 ტურის შეხვედრა „ლევანტესა" და „ვილიარეალს" შორის გადადო. ამ დროისთვის, „ვილიარეალს" 15 თამაშის შემდეგ, 35 ქულა აქვს და მესამე ადგილია. რაც შეეხება „ლევანტეს" ის 9 ქულით ბოლო ადგილზეა.


დღეს კი, ქართველებიდან პირველი სათამაშოდ ლუკა ლოჩოშვილი გამოვიდა, რომლის „ნიუნბერგმაც" გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრა, „შალკესთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო. „ლოჩომ" სრული შეხვედრა ჩაატარა და თამაში ყვითელი ბარათით დაასრულა. მისი გუნდი კი, ამ მომენტისთვის, კვლავ 19 ქულით არის და მე-11 ადგილს იკავებს.


იტალიის სერია A-ში „უდინეზემ", მე-15 ტურის საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, 1-0 „ნაპოლი" დაამარცხა. საბა გოგლიჩიძე თამაშში, შეხვედრისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთიდან ჩაერთო და ბუნებრივია, ვერც ვერაფრის გაკეთება მოასწრო. „უდინეზე", ამ მომენტისთვის 21 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა.


იტალიის სერია B-ში გასვლითი შეხვედრა მოიგო გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ". მე-16 ტურის შეხვედრაში, ქართველის გუნდი, გასვლაზე „პსკარას" დაუპირისპირდა და 1-2 გაიმარჯვა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, პირველივე ხუთ წუთში ორი სწრაფი გოლი გავიდა. თავიდან, ანგარიში პირველივე წუთზე ტონინიმ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, სტუმრებმა ოთხ წუთში, კუცუპიასის გოლოთ გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი კი, „ფროზინონემ" 56-ე წუთზე გაიტანა. რაც შეეხება კვერნაძეს ის, 74-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონე" 34 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია.


ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა ნოდარ ლომინაძე. პორტუგალიის ლიგის მე-14 ტურში, „ეშტორილი" დიდი ანგარიშით 4-0 დამარცხდა „ფარმალისაოსთან". ქართველი, სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მისი მოედანზე შესვლისას, „ეშტორილი" 2-0-ს აგებდა. „ლომინა" მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შემოვიდა.


შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-17 ტირში გაბრიელ სიგუას „ლოზანამ" მშრალი ფრე ითამაშა „ბაზელთან" გასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ლოზანა" 59-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩა, თამაში კი, საერთოდ, 9 ფეხბურთელით დაასრულა, ორი გაძევების გამო, ამასთან გასვლაზე თამაშობდა, „ბაზელმა" ვერ მოახერხა ქულების მაქსიმუმის აღება. რაც შეეხება 20 წლის ქართველს, „სიგუმ", ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და თითქმის მთელი მატჩი ითამაშა. სიგუა, მატჩისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.


ავსტრიული ბუნდესლიგის მე-17 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი", გასვლით შეხვედრაში „აუსტრია ვენასთან" 3-1 დამარცხდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში, მე-7 წუთზე, მალიჩის გოლით, სწორედ გრაცელებმა გახსნეს. ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა, სხვა შეხვედრებთან შედარებით სუსტი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. 17 ტურის შემდეგ, „კიტეს" „შტურმი", 28 ქულით, მესამე ადგილზეა.


ბოსნია და ჰერცეგოვინას WWIN ლიგის მე-19 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ" შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა. ბოსნიური კლუბის ქართველი, სხვა ქართველი ლეგიონერებისგან არ გამოირჩა და მანაც, დღეს, ყვითელი ბარათი დაიმსახურა.  მისმა გუნდმა კი, რომელიც ამ მომენტისთვის 29 ქულით მესამე პოზიციაზეა, მეორე ადგილოსანი „ზრინსკი", მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა და ქულების სხვაობა შეამცირა.


კვიპროსის ლიგის მე-14 ტურში, „აპოლონისა" და „არისის" დაპირისპირება გიორგი ქვილითაიას გუნდის გამარჯვებით, 0-2 დასრულდა. საკმაოდ უცნაური პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ანგარიში მე-4 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი, ლიმასოლელებმა პენალტი გააფუჭეს, „ქვილითას" თანაგუნდელებმა მეორე გოლის გატანა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე გაიტანეს. რაც შეეხება ქართველს, რომელიც კვიპროსის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. 14 ტურის შემდეგ, „ქვილითას" „არისი" 29 ქულით მე-3 ადგილზეა.


რუმინეთის სუპერლიგის მე-20 ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ", გასვლით შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფი „ჰერმანშტადტი" 0-2 დაამარცხა. ქართველის გოლები პირველივე ტაიმში გაიტანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულებაც მოახერხა. რაც შეეხება „მექვაბას", მან სრული შეხვედრა ჩაატარა. 20 ტურის შემდეგ „უნივერსიტატია" 37 ქულით, მეოთხე ადგილზეა.


და ბოლოს, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - კიდევ ერთი ჩვენი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.