
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, ერთი თვით ადრე, მოსამზადებელი ციკლის ბოლო ეტაპი დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი და ძირითადად, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე დაიწყო ასპარეზობა. ტურნირში, მასპინძელი სომხეთისა და საქართველოს გარდა, მოლდოვასა და ყირგიზეთის ნაკრებებიც ასპარეზობენ. თამაშები კი, წრიული, ერთ ეტაპიანი სისტემით უნდა გამართულიყო.
შესაბამისად, გუნდებს, 21-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, 3-3 შეხვედრის გამართვა უწევდათ და ჩვენებსაც, პირველი თამაში გუშინ, 21 დეკემბერს უნდა გაემართათ. თუმცა, უამინდობის გამო, ყირგიზეთის ნაკრებმა ერევანში ჩასვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, თამაში არ შედგა. ახლა, საინტერესოა, ორგანიზატორები, გუნდის გამოუცხადებლობის გამო, ყირგიზებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან თუ არა, რადგან სამი დღე მიჯრით თამაში, საწვრთნელ პროცესში მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის შესაძლოა, მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზებით დასრულდეს. ასე, რომ დღევანდელი, მოლდოვასთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს, 6 ქულა აქვს და სომხეთისა და ყირგიზეთის ნაკრებების მატჩამდე, ტურნირის ლიდერია.
დღევანდელი შეხვედრა კი, რომელიც ავთანდილ ასათიანის გუნდმა 5-1 მოიგო, ჩვენი ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველთა გუნდმა, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ბოლო დეტალების დახვეწას ცდილობს, თამაში შემდეგი ხუთეულით - თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე დაიწყო. ანგარიში კი, თოდუას გადაცემით, 03'00'' წუთზე გიორგი ღავთაძემ გახსნა. 11'03'' ქართველთა გუნდის აქტიურობას მოლდოველთა ავტოგოლი მოჰყვა და ჩვენები, ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. 16'00'' წუთზე ღავთაძემ, ამჯერად, ჩიმაკაძის გადაცემის შემდეგ დუბლი გაიფორმა. 17'54'' წუთზე კი, გამოცდილმა არჩილ სებისკვერაძემ, ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემით, მეტოქეს მე-4 გოლი გაუტანა. ტაიმის მიწურულს, 19'16'' წუთზე, ქართველთა გუნდის კარის აღება, მეტოქემ მოახერხა, თუმცა, შესვენებაზე საქართველოს ნაკრები, კომფორტული სხვაობით, 4-1 გავიდა.
მეორე ტაიმი ძირითადად უხეში თამაშით გამოირჩა, აქ, მეტოქემ „გვაჯობა", თუმცა, მატჩის მიწურულს, 39'18'' ვახტანგ კეკელიას გადაცემით, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ერევანში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, ჩვენი გუნდი 17 ფეხბურთელის შემადგენლობით არის გამგზავრებული: მეკარე: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ალი ასლანი (კსუ); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ჯანო კვარაცხელია („ფაკელი"), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი"), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").
ტურნირის ბოლო მატჩს, ავთანდილ ასათიანის გუნდი, 24 დეკემბერს, ერევნის დროით (რაც ჩვენი დროის თანმხვედრია) 20:00 საათზე გამართავს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი გუნდის მსგავსად, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მონაწილეა. დიდი ალბათობით, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც, ამ მატჩში გაირკვევა. ტურნირის პირველ ტურში, სომხეთის ნაკრებმა 2-1 სძლია მოლდოველებს.





ჩვენ










