ზოგჯერ, თავხედობაც ამართლებს
ზოგჯერ, თავხედობაც ამართლებს
03.09.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2018-ის შესარჩევი, რიგით მე-7 შეხვედრა, მართლაც ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო. თამაშის დაწყებიდან მე-4 წუთზე, ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ სტანდარტს, სრულიად არასასურველი გაგრძელება მოჰყვა. ქართველთა მეკარე, არადამაჯერებლად გამოვიდა კარიდან, მომენტი კი გოლით დასრულდა. თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ ვაისი აღნიშნავს, რომ ეს იყო ბავშვური შეცდომა და ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. თუმცა, ამ შეცდომის გამო, საქართველოს ნაკრები რამდენუმე წუთი თითქოს პარალიზებული გახდა. არა და, დღეს გუნდმა 90 თუ არა 75 წუთი ფეხბურთი ითამაშა.

თამაშის შემდეგ, შერეულ ზონაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი აღნიშნავს, რომ „დღეს ბიჭებმა, კლასი დადეს". „ხარისხით, რომელიც დღეს ვაჩვენეთ, კმაყოფილები ვართ. თუმცა, შედეგით არა. მატჩისწინა  პრესკონფერენციაზე იმედიანად იმიტომ არ ვიყავი, რომ ირლანდიისგან უფრო ხისტ თამაშს ველოდით, განსაკუთრებით  საჰაერო ორთაბრძოლებში, მაგრამ დღეს, ამ ორთაბრძოლებში კარგად ვითამაშეთ. მოგეხსენებთა, ბრიტანელები და ირლანდიელები ძალიან ძლიერი არიან ამ კომპონენტში, ჩვენ კი პირიქით. დღეს კი იმდენი ორთაბრძოლა მოვიგეთ, ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო და ბიჭებმა კლასი დადეს. ბევრი იძახის, რომ ბოლომდე იბრძოლა. ეს ყოველთვის ასეა, ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება თამაშის დროს, მაგრამ ზოგისთვის ამ 100%-ში იგულისხმება, რომ ვირბინო 15 კმ-ა და სხვისთვის, 100% - 8კმ. ფიზიკურ მომზადებას გააჩნია. რამდენად სწრაფი ხარ, რამდენად შეგიძლია მეორე სართულზე თამაში. ქართველი გულშემატკივარი იძახის, ბოლომდე იბრძოლეთ, რას გულისხმობთ ბოლომდე ბრძოლაში, ყველასთვის განსხვავებულია ეს. ჩემი 100% არის ფიზიკური ორთაბრძოლები, სადაც მე ვარ მაგარი. ჭანტურიას უპირატესობა არის იმაში, რომ ბურთი ქონდეს და მოატყუოს მოწინააღმდეგე", - ამბობს გურამ კაშია.

მაშინ, როდესაც დასაკარგი აღარაფერი გაქვს, თავდაჯერება ის ერთადერთი იარაღია, რამაც შესაძლოა წარმატებაც კი მოგიტანოს. „ზოგჯერ თავხედურადაც უნდა ითამაშო, მერე რა, რომ ირლანდიის ნაკრებია და მასში, პრემიერლიგის ფეხბურთელები თამაშობენ", თვლის ქართველთა კაპიტანი და ასეთ დროს, თავადაც და გუნდსაც, მოუწოდებს თავს მოერიოს.

„დღეს, თითქმის ყველა ფეხბურთელმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა. ასეთი თამაში იმედს გაძლევს და, უფრო პოზიტიურად ვუყურებთ ყველაფერს. დიდი მნიშვნელობა აქვს, მომავალში, გულშემატკივარი როგორ დაგვიჭერს მხარს. რა თქმა უნდა,  იმედგაცრუებულნი არიან, დიდი ხანია არ მოგვიგია. მაგრამ ცოტა უნდა დაგვეხმარონ. არა, გვეხმარებიან კიდეც და ამისთვის მადლობა, მაგრამ ინტერნეტშიც, გაზეთებში, კიდევ ცოტა დადებითი მუხტიც არ გვაწყენდა", - ამბობს გურამი.

რა დაგვაკლდა დღეს გამარჯვებამდე? უფრო ხისტი თამაში? ნაკრების კაპიტანს მიაჩნია, რომ თამაში ხისტიც არის და ხისტიც. თუმცა, რამდენად „ჩვენი" თამაში იქნებოდა ხისტად თამაში? კაშია თვლის, დღეს ხისტად რომ ეთამაშათ, წააგებდნენ,  საქართველოს ნაკრებისთვის უფრო მისაღები ბურთის დაჭერაა. სწორედ ის კომპონენტი, რაზეც მატჩისწინ ო'ნილი აპელირებდა, რომ ქართველებს, სწორედ ბურთს დაუმალავდა.

„გამარჯვებამდე დაგვაკლდა მხოლოდ გოლი. იღბალს არასდროს არ ვაბრალებ, იმიტომ რომ ბოლო მომენტში კარგი შანსი, რომ გაქვს ეს შენ უნდა გააკეთო. ვერავის სთხოვ, ვერც ღმერთს, ვერც იღბალს და ვერც ბედს. საერთო ჯამში, თამაშს პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან „ძალიან მაღალი სათამაშო ხარისხი ვაჩვენეთ. სწორედ, ასეთი თამაში უნდა „წავიღოთ" ყველგან. ირლანდიის ნაკრებთან თუ ასე შეგვიძლია თამაში, მოლდოვას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. პლიუს 4 ქულა რომ გვქონდეს, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა, სულ სხვა კომენტარი იქნებოდა, მაგრამ... ირლანდიასთან, შეიძლება ითამაშო 1:1, მაგრამ არ შეიძლება მოლდოვასთან დაკარგო ქულები", - ამბობს კაშია.

ამ შესარჩევი ციკლის დასრულებამდე საქართველოს ნაკრებს, მხოლოდ 3 თამაში დარჩა. ასე, რომ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სინანულის დრო აღარ არის. ახლა მთავარია დარჩენილ თამაშებში ქულათა მაქსმუმი ავიღოთ. ამიტონ, ავსტრიასთან მატჩში, ქართველთა კაპიტანი პირობას დებს, რომ მხოლოდ მოსაგებლად გავალთ. რა გამოვა და როგორ, ამას 5 სექტემბრის თამაში დაგვანახებს. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს. ასეთ დროს კი ფსიქოლოგიური ბარიერიც საბოლოოდ მოხსნილია და მიმდინარე ციკლშიც, პირველი 3 ქულის შანსებიც უფრო ნათლად იკვეთება.