
წელს პირველად და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება, ჩვენმა სპორტულმა ვებ-გვერდმა TSFF.Ge-მ, კოლეგებთან, სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად, გადაწყვიტა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელები გამოევლინა. აღნიშნულ გამოკითხვას კი, ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, გვინდოდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ქალი, ვინაიდან, გულშემატკივარი ძირითადად მათ იმახსოვრებს, ვისაც ყველაზე მეტი გოლი გააქვს. თუმცა, ამ გოლებს მიღმა, ძალიან ბევრი ადამიანის შრომა ხშირად, შეუმჩნეველია. მეორე მიზანი კი, რაც შეიძლება მეტი ქალი ფეხბურთელის წახალისება იყო.
გამოკითხვაში მონაწილეობა ოცმა სპორტულმა ჟურნალისტმა, მათ შორის იმ კომენტატორებმა მიიღეს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე, ქალთა ეროვნული ნაკრებისა თუ, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის მატჩებს უძღვებოდნენ. მათი დახმარებით ჩვენ საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ასევე, საუკეთესო ლეგიონერი და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გამოვავლინეთ.
ხმის მიცემა და შემდგომ, მათი დათვლა შემდეგი წესით ხვდებოდა - ზემოთხსენებულ ნომინაციებში, ჩვენ თავად მივაწოდეთ მედიის წარმომადგენლებს კანდიდატები, გამომდინარე წლის მანძილზე მათ მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობიდან, ხარისხიდან. პირველიდან ათი დეკემბრის ჩათვლით, ჟურნალისტებმა I ადგილს 5 ქულა მიაკუთვნეს, II ადგილს - 4, III ადგილს - 3, IV-ს 2 და ბოლო, V ადგილს 1 ქულას. აქვე გეტყვით, რომ ზემოთხსენებული ნომინაციებიდან 5-5 კანდიდატი, მხოლოდ ორ ნომინაციაში წარვუდგინეთ მედიას და ეს გადაწყვეტილებაც, იმიტომ მივიღეთ, რომ მეტი გუნდი და ქალი ფეხბურთელი ჩაგვერთო გამოკითხვაში.
ამ ნომინაციების გარდა, ჩვენმა ვებ-გვერდმა, TSFF.Ge-მ ასევე გამოავლინა საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში. თავისი რჩეულები გამოავლინეს საქართველოს ეროვნული ნაკრებების ქომაგების ქალთა ფრთის წარმომადგენლებმაც. დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათიდან ყოველ 45 წუთში, ჩვენ გაგაცნობთ, სპორტული მედიის ვერსიით, 2025 წლის რჩეულებს. შემაჯამებელ სტატიაში კი, შემოგთავაზებთ, თუ რომელი მედიის, რომელმა წარმომადგენელმა როგორ გაანაწილა საკუთარი ხმები.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტი და დაჯილდოება, ბიზნეს სექტორშიც ჰპოვებს თანამოაზრეებს.
და ბოლოს გეტყვით, რომ დაჯილდოებას სახელიც დავარქვით და მას „დალი" ვუწოდეთ. „დალი", როგორც ნადირობისა და ველური ბუნების ქალღმერთი, იდეალური სიმბოლოა სპორტული დაჯილდოებისთვის. ქალ ფეხბურთელებთან მიმართებაში, ეს სახელი განასახიერებს სისწრაფეს, ძალას, მიზანსწრაფულობას და მადლს. ბუნებრივია, ჩვენ შეგვეძლო ფეხბურთთან ასოცირებულ სხვა დეტალზე და სახელზე გაგვეკეთებინა აქცენტი, თუმცა, ქართული მითოლოგიური პერსონაჟი, ჩავთვალეთ, რომ ყველაზე ახლო სული იყო ქალ ფეხბურთელებთან.





ჩვენ










