გიორგი ქვილითაია - ახალი სეზონის მოლოდინში
გიორგი ქვილითაია - ახალი სეზონის მოლოდინში
01.01.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „გენტის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, ახალი 2019 წლისთვის შემართებით და ოპტიმისტურად არის განწყობილი. საახალწლოდ, ფეხბურთელმა, საკუთარ სოციალურ ქსელში განვლილი, 2018 წელი შეაჯამა და იმედი, გამოთქვა, რომ ახალი, 2019 წლის სეზონში „დაღმასვლას", რაც მისი ტრავმით იყო გამოწვეული, „აღმასვლა" მოჰყვება.

„ვაცილებ ყველაზე საინტერესო 2018 წელს! ყველაფრის მიუხედავად მე ამ წლით ძალიან კმაყოფილი ვარ! 2018 წელმა მასწავლა, ბრძოლა, საკუთარ თავზე გამარჯვება და ყველა სიტუაციაში დამენახა რაღაც დადებითი! 2018 წელი ჩემთვის 2 ნაწილად იყოფა! ძალიან შედეგიანი და წარმატებული 6 თვის შემდეგ, იყო ტკივილებით სავსე 6 თვე! მე პირადად ტკივილებმა უფრო მეტი მასწავლა, უფრო გამაძლიერა და დამანახა ტკივილსა და განსაცდელში დადებითის დანახვა! დადებითი კი ამ ყველაფერში იყო თქვენი მოულოდნელად დიდი სიყვარული! მე ვერ გადმოგცემთ სიტყვებით როგორი ემოციური წასაკითხი იყო თქვენი თითოეული მესიჯი, როგორ გამაძლიერა და 2 ჯერ მოტეხილი ფეხის მიუხედავად, მაინც ძალიან ოპტიმიზმით ამავსო! მჯერა რომ ყოველ დაღმასვლას აუცილებლად მოყვება აღმასვლა! მოთმენლად ველოდები ახალ წელს, ახალ სეზონს და ახალ გამოცდილებებს! მოკლედ ძალიან ოპტიმისტურად ველოდები 2019 წელს და მინდა მინდვრიდან გადაგიხადოთ მადლობა სიყვარულისთვის! გილოცავთ ახალ 2019 წელს და მინდა გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული წელი!!!"- აღნიშნა გიორგი ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 2018 წელს უეფა-ს ერთა ლიგის მეორე კალენდარული, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების მატჩამდე, ბოლო ვარჯიშზე მიიღო. თბილისში, სკ „ზესტაფონის" ბაზაზე მიღებული დაზიანება სერიოზული გამოდგა და ფეხბურთელს, 4 თვე სეზონი „ჩაუვარდა".