მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა, დარჩენილი შანსი მესამე ადგილით მომევნო ეტაპზე გასვლის
მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა, დარჩენილი შანსი მესამე ადგილით მომევნო ეტაპზე გასვლის
13.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე თამაში წააგო. ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო ტურში, ჩვენი ნაკრები ხორვატიის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა და 7-18 წააგო (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


პირველი თამაშიდან განსხვავებით, დღეს, ქართველთა გუნდმა პირველ პერიოდში მოახერხა გოლების გატანა, ჩვენმა მეკარემაც, ირაკლი რაზმაძემ მეტი ბურთი მოიგერია, თუმცა, დაცვაში ჩავარდნების გამო, მონაკვეთში, რომელშიც ანგარიში ჩვენმა ნაკრებმა გახსნა, სტეფან პიეშივაცის გოლით, მაინც წავაგეთ 2-3. ამ მონაკვეთში, ქართული გუნდიდან ანდრია ბითაძემ გაიტანა და შესაბამისად, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, გოლების ათვლა დაიწყო. აი, მეორე მეოთხედში კი, ცხრა ბურთი არა, მაგრამ ოთხი უპასუხო გოლი გავუშვით და 0-4 წავაგეთ. რეალურად, ამ თამაშის ბედიც, მეორე მეოთხედში გადაწყდა, ვინაიდან მეორე ტაიმის წინ ანგარიშში (2-7) სხვაობა უკვე სოლიდური იყო.  


დარჩენილ დროში ტიტულოვანმა ხორვატებმა ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა და დარჩენილი ორი პერიოდი 2-5, 3-6 მოიგოს. ქართველთაგან მეორე ტაიმში ორი გოლი  ნიკა შუშიაშვილმა  გაიტანა, დუბლი შეასრულა ანდრია ბითაძემ, კიდევ თითო გოლი კი ანდრია ვლაჰოვიჩმა და მეკარე ირაკლი რაზმაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გოლის გარდა რაზმაძის ანგარიშზე 9 „სეივი" დაგროვდა.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხორვატებთან მატჩში ასეთი იყო: ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 1 გოლი), ანდრო ბითაძე (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, ვატო დადვანი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).


ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 იანვარს სლოვენიის ნაკრებთან გამართავს, რომელიც დღეს ბერძნებს დაუპირისპირდა. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატის შესაბამისად, ჯგუფიდან მეორე ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. ასე, რომ ბოლო შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია