
დღეს შეფილდში, ევროპის ჩემპიონატის მესამე საასპარეზო დღეა. პირველ სახეობაში, რიტმულ ცეკვებში ყინულზე სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე 28 წყვილი გამოვიდა, რომელთა შორის იყვნენ ჩვენი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. ასპარეზობის დასრულების შემდეგ, გლები ერთ-ერთ მედიასთან ლაპარაკისას იტყვის, რომ „ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ. გვგონია, ჩვენი მწვრთნელი კმაყოფილია და ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ასპარეზობისას ცოტა ხარისხი დაგვაკლდა ტვიზლებში, ამის გამო ვერ მოვახერხეთ 80 ქულის აღება. თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, კარგი იყო. ვფიქრობ, ფინეთში გამართული ბოლო შეჯიბრის შემდეგ მომატებული გვაქვს. კარგი იყო. გულშემატკივარი კი, ჩინებული იყო".
აქვე ვთქვათ, რომ რიტმულ ცეკვებში ქართული წყვილის პირადი რეკორდი 81.30 ქულაა, რომელიც წყვილმა 2021 წელს, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, ვარშავის თასზე დაამყარა. 2025 წლის ოქტომბერში, თბილისში გამართულ ასევე ჩელენჯერის სერიის ტურნირზე კი, დიანამ და გლებმა 80.35 ქულა დაიმსახურეს.
ქართული წყვილი, ყინულზე 22-ე ნომრად გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ზედიზედ ჩართული სხვა ფონოგრამის გამო, წესით უნდა აღელვებულიყვნენ, საკმაოდ მშვიდად, ცივ გონებაზე და კარგად შესრულებულ პროგრამაში 78.67 (44.66 /34.01) ქულა დაიმსახურეს რაც საბოლოოდ, თავისუფალი პროგრამის წინ, მე-6 შედეგი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ცეკვებში წყვილებს რიტმულ ცეკვებში სთავაზობენ თემას (მუსიკალური გაფორმება), რომელშიც სუფთა სპორტული ელემენტების გარდა, სპორტსმენები ხასიათშიც უნდა „ჩაჯდნენ". 2025-2026 წლების სეზონზე, აღნიშნული თემა 90-იანი წლების მუსიკა იყო. დიანამ და გლებმა კი, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი, ამერიკული როკ ჯგუფის The Offspring-ის კომპოზიცია (Pretty Fly (For a White Guy) / Come Out and Play) შეარჩიეს.
სხვათა შორის დღეს დიანას დაბადების დღე არის, ასე, რომ სპორტსმენმა საკუთარ თავს, საკმაოდ კარგი საჩუქარი მიუძღვნა.
ხვალ დიანა და გლები, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ და შეეცდებიან, საპრიზო სამეულში შევლასაც. ხვალვე, უმაღლესი მედლისთვის იბრძოლებს ნიკა ეგაძეც, რომელიც კაცთა შორის შეჯიბრს, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობს.
დღეს, კიდ დაახლოებით საათნახევარში, ქალთა შორის ანასტასია გუბანოვა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე პროგრამაში მე-11 პოზიციაზეა, შეეცდება საპრიზო სამეულში შესვლას.

|
|
|





ჩვენ









