
საახალწლო დღეების მიუხედავად, ბათუმის სტადიონის მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს. სტადიონი, რომელიც 20 000 მაყურებელზე არის გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და საბოლოო სახეს 2020 წლის დასაწყისში მიიღებს. დაახლოებით ამ დროისთვის იქნება მზად მინდვრის საფარიც და საფეხბურთო ცხოვრებაშიც, საქართველოში, კიდევ ერთი კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტადიონი სწორედ მაშინ ჩაებმება.
ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა, ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე მიმდინარეობს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით შენდება. კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. როგორც ცნობილია, სტადიონზე ჩასატარებელი მატჩების შესაბამისად, ახალი სპორტული კონსტრუქცია ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერებით განათდება.
ბათუმის ახალი სტადიონი, რომელზეც საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იგეგემება, შესაბამისად იქნება აღჭურვილი. კერძოდ, მოეწყობა დამოუკიდებელი შესასვლელები ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიისთვის. მათ შორის ტერიტორიაზე 1000-დან 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი.
სტადიონის კონსტრუქციის და მიმდებარე პერიმეტრის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. შემდეგ კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად 2020 წლისთვის, საქართველოში ახალი სპორტული ნაგებობა, სრულად მზად იქნება. სტადიონს, სამშენებლო კომპანია „ანაგი", აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენებს. საერთო ჯამში მშენებლობისთვის 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








