
საქართველოში, ხშირად ხმაური უფრო გვიყვარს, ვიდრე იმაზე ფიქრი, რეალობაში რა ხდება. ვაკვირდებით ბუქმეიკერებს, ვგეგმავთ მოგებებს, გვაქვს სურვილი, მაგრამ ამავე დროს მოკლე სკამი. ვაიგნორებთ დენი შროდერს, რომელიც ერთ თამაშში 32 ქულას (ევრობასკეტის სტარტზე, უკრაინასთან) აგროვებს, მასთან საომრად ვტოვებთ მაიკლ დიქსონს და ველოდებით, რომელი რომელს და უფრო მალე „აჰკიდებს". მინდა აქვე, ვთქვა, რომ დიქსონმა თავი სულაც არ შეირცხვინა და ისევე, როგორც სხვა თამაშებში, შავ სამუშაოს კარგად გაართვა თავი. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ შროდერთან მიმართებაშიც. ამ ბრძოლაშო, დიქსონს შერმადინიც კარგად დაეხმარა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მოკლედ, ასე თუ ისე, NBA-ს ვარსკვლავმა ევრობასკეტის სასტარტო მატჩთან შედარებით, ქართველებთან 10 ქულით ნაკლები, მხოლოდ 23 ქულა დააგროვა, თუმცა ამ მაჩვენებლითაც კი ის საქართველოსა და გერმანიის შეხვედრაში, ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი იყო. აქვე, შროდერის თემა რომ ამოვწუროთ, იმასაც ვიტყვით, რომ მთელი თამაშის მანძილზე, მაშინ, როცა"ატლანტა ჰოუქსელი" სკამზე იჯდა, ქართველებს კი „გაქცევის" თუ არა, გათანაბრების შანსი მაინც გქვონდა, ისიც ვერ გამოვიყენეთ.
„ჩვენ დღეს, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ცუდად დაცვაში და ცუდად თავდასხმაში. არ ვიყავით კონცენტრირებულები. ამიტომ ვუთხრაი ბიჭებს პირველი თამაშის შემდეგ, რომ თავმდაბლობა და კონცენტრაცია გვჭირდებოდა. პირველი თამაშის მოგება, არ უნდა იზეიმო ისე, თითქოს მსოფლიო ჩემპიონობა მოგეგოს. ჩვენ, მხოლოდ ერთი თამაში მოვიგეთ, ტურნირის სტარტზე, მეტი არაფერი. ახლა 2 მატჩი უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი და ამის შესახებ ვუთხარი პირველ დღეს. კალათბურთში, თუ ასე ზეიმობ, როგორც წესი, ბოლომდე ვერ გადიხარ," - ამბობს ილიას ზუროსი, მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერეციაზე.
ევრობასკეტამდე, თბილისის ტურნირის შემდეგ, ილიას ზუროსი ამბობდა, რომ გუნდს დაცვაში პრობლემება ჰქონდა. თუმცა, ჯერ საბერძნეთში სამიდან 2 შეხვედრაში და შემდეგ, ევრობასკეტის სტარტზე საქართველოს ნაკრების თამაშიდან შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდა და ერთადერთი, რაზეც შეიძლება გვედარდა, ისედაც მოკლე სკამი და ამას დამატებული ტრავმირებული ცინცაძე იყო. თუმცა, გიორგი ცინცაძემ, გერმანიასთან თამაში სასტარტო ხუთეულში დაწიყო. აქვე ვიტყვი, რომ ისევ და ისევ ტრავმის გამო ცინცაძე უფრო ფრთხილი იყო, ვიდრე სხვა დროს. შეხვედრა კი თანაბარი თამაშით და მსაჯების მხრიდან, ჩვენთვის საზიანოდ არ დანახული დარღვევებით დაიწყო. სხვათა შორის, მატჩის ბოლოს, ზუროსი ამ დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას. „კი, ჩვენ დავტვირთეთ სამწამიანი, იმიტომ, რომ ამ ევრობასკეტზე ამ კომპონენტში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ვართ. როდესაც მსაჯი, ამ ზონაში „ვერ ხედავს" აშკარა დარღვევებს, თამაში სხვა სახეს იღებს. რასაც ვხედავ, ტურნირის დაწყებიდან, მსაჯები ბევრ შეცდომებს უშვებენ. არაფრის თქმა არ მინდა, ყველაფერი ნათელია და თამაშის მსვლელობისას, ამას ყველა ხედავს", ამბობს ზუროსი, რომელიც დღეს მსაჯებმა, შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრებისთვის ფატალური ტექნიკურით „დააჯილდოვეს".
ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ქულების უმეტესობა ფარქვეშიდან ჩავარდა. გერმანელებმა, პერიმეტრიდან გამოიჩინეს თავი. მთლიან შეხვედრაში „ფარი" გახდა ის გადაუჭრელი პრობლემა, რომელსაც დაემატა „დაკარგვები" და საბოლოოდ მარცხი. 19-19 / 17-22 / 16 -14 / 5-12 ეს არის ოთხი პერიოდის სტატისტიკა და აქედანაც ნათლად სჩანს, თუ როგორი იყო თამაშის მიმდინარეობა. პირველ მეოთხედში შროდერი 9 ქულას აგროვებს, თორნიკე შენგელია 8-ს. მე-2 მოეთხედში გერმანელები სამქულიან სროლებზე აკეთებენ აქცენტს და უმართლებთ. ამ პერიოდიში დუდა სანაძე გამოირჩევა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს რიგ მომენტებში თამაშს. ევრობასკეტის პირველი მატჩის მსგავსად, ზუროსი 2 „მაღალს" ფაჩულიას და შერმადინს ერთდროულად უშვებს მოედანზე, თუმცა ეს, მხოლოდ იმ მომენატმე ამართლებს, სანამ გერმანელები, ზემოთხსენებული შორი სროლებით არ წინაურდებიან. პირველი ტაიმი გერმანელების სასარგებლოდ 41-36 მთავრდება. მე-3 პერიოდში, თითქოს, ჩვენი ნაკრები ახერხებს თამაშის შემობრუნებას. ამ პერიოდს ვიგებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო მე-4 მეოთხედში, მხოლოდ 5 ქულას ვაგროვებთ. ეს იყო სრული კრახი. შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, სხვაობა 13 ქულამდე ავიდა. ბუნებრივია, ქართველი კალათბურთელები შეეცადნენ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ამისთვის არც ძალა და აღარც დრო არ ეყოთ. საბოლოოდ, ევრობასკეტის მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით, 57-67 დასრულდა.
„ხან მოიგებ და ხან წააგებ. ეს კალათბურთია და ამას, ვერ გაექცევი. ჩვენ ვართ გუნდი და გუნდი არის ერთად, მოგების და მარცხის დროს. ერთი და იგივე მოთამაშეებმა ერთი შეხვედრა კარგად ჩაატარეს, დღეს ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, დღეს ჩვენ არ ვიყავით პროცესში, ჩვენ არ ვიყავით კონცენტრირებულები. კონცენტრაციას კი ბევრის გაკეთება შეუძლია" , - ამბობს ზუროსი.
ამ მატჩში ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო 14 ჩაგდებული ქულით. 12 ქულა დააგროვა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ევრობასკეტის მესამე საშეჯიბრო დღის, საუკეთესო ხუთ კალათბურთელში მოხვდა. გერმანელებთან შეხვედრაში, ორი ეფექტური „ჩატენილი" ბურთიდან, ერთ-ერთმა მე-4 პოზიცია დაიკავა. ამ დღეს და ამ მატჩიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო, სწორედ ეს მომენტი იყო.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ხვალ, 3 სექტემბერს ჩაატარებს. თბილისის დროით 16:45 საათზე, ის, უკრაინას დაუპირისპირდება.





ჩვენ








