
ხვიჩა კვარაცხელიას სულ 29 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ორი გოლი გაეტანა, ერთი საგოლე გადაცემა გაეკეთებინა, მიეღო ერთი ყვითელიც და გამხდარიყო მატჩის MVP. დღეს ლუის ენრიკეს მთავარი „ჯოკერი" ბოლოსკენ ჰქონდა შემონახული, როცა ყველა კოზირი და მაღალი კარტი გაიხსნა და პარკ დე პრენსზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი რაუნდის მატჩმა დაძაბულობის კულმინაციას მიაღწია, როდესაც პარიზელთა ყველა წვრილმანი შეცდომაც კი, შესაძლოა ლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის სავალალოდ დასრულებულიყო და როდესაც ტაბლოზე ანგარიში საყაიმო იყო 2-2, ქართველი მოედანზე მაშინ გამოჩნდა.
„საკმაოდ რთული თამაში იყო, მაგრამ ვფიქრობ ყველა ბედნიერია. შედეგი დიდებულია, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ორივე გუნდს უნდოდა ფეხბურთის თამაში, თუმცა, ვთვლი, რომ მოგებას ვიმსახურებდით. გათამაშებაში ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგას. „ჩელსისთან" გასვლაზე გვაქვს სათამაშო და ვიცით, რა სირთულეებთან მოგვიწევს შეხვედრა. დღეს მაღალ დონეზე ვითამაშეთ და მაინც რთული იყო რადგან „ჩელსი" მაღალი დონის გუნდია. ჩვენ ვეცდებით გავაკეთოთ მატჩის ანალიზი. ჩვენ ვეცდებით, ასეთივე, დღევანდელი შემართებით ვითამაშოთ მეორე რაუნდის შეხვედრა. ვეცდებით მოვიგოთ თამაში. ასე ფიქრი საუკეთესოა, რადგან თუ ვეცდებით დავიცვათ ჩვენი ლიდერობა, ეს იქნება ჩვენი დიდი შეცდომა", - ამბობს ლუის ენრიკე მატჩის დასრულების შედმეგ, უეფა-ს ფლეშ კომენტარში. თუმცა, ამავე კომენტარში ის, რაც ალბათ, ქართველ ქომაგებს გვაინტერესებს ყველაზე მეტად, პსჟ-ის ესპანელ თავკაცს არ გაუმახვილებია ყურადღება.
პსჟ-სა და „ჩელსის" დაპირისპირება კი, მე-10 წუთზე ბარკოლას გატანილი გოლით დაიწყო, რასაც 28-ე წუთზე გუსტომ გოლით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დემბელემ, სტუმრებს ბურთი „გასახდელში გაატანა". 57-ე წუთზე ფერნანდესმა კვლავ აღადგინა წონასწორობა და თუ არ ჩავთვლით, სტუმართა კარის მცველის რიგ მომენტებში გაუაზრებელ მოქმედებებს თამაშს, ყაიმის სუნი ასდიოდა, სანამ 62-ე წუთზე მინდორზე ქართველი არ შემოვიდა. ცოტა გაბრაზებული რომ ერთი საათი სკამიდან უყურა თამაშს და მოწყურებული - ყველას უნდა ენახა, რომ მისი ადგილი სკამზე ნამდვილად არ არის.
„რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელივით, არავის უნდა დაწყება სკამიდან, თუმცა, ჩვენ გუნდში გვყავს ფეხბურთელები, ასე რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე ვიყავი კონცენტრირებული, არ ჰქონდა მნიშვნელობა ათი წუთი მომიწევდა თამაში თუ ოთხმოცდაათი, უნდა დავხარჯულიყავი 100%-ით, რაც მე დღეს გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო, დღეს ეს მთლიანი გუნდის იყო. ჩვენ „ჩელსისთან" დავწინაურდით სამი გოლით და ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი თამაში. ჩვენ ახალა ვიწყებთ და ჯერ არაფერი დასრულებულა.
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გავიტანეთ ორზე მეტი გოლი. მატჩის ბოლო მონაკვეთში გუნდმა კარგად ითამაშა, გვქონდა კარგი კონტრ-შეტევები. ვთვლი რომ ეს არის კარგი მიზეზი, რომ სამომავლოდ გავაგრძელოთ მუშაობა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად", - ეტყვის ქართველი CBS Sports Golazo-ს წარმომადგენელს, რომელიც ამ ჯერზე ლეგენდარული პეტერ შმეიხელი იყო. თუმცა, მანამდე, 29 წუთში ხვიჩა კვარაცხელია 3.6 კმ მანძილს, განავითარებს 29.1 კმ/სთ სიჩქარეს, 74-ე წუთზე ვიტინიას საგოლე გადაცემას გაუკეთებს, 86-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, დუბლს გაიფორმებს. ორივე გუნდში ყველაზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს და საბოლოოდ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, MVP გახდება.
პსჟ, საუკეთესო 16 გუნდში მოსახვედრად ჩატარებული ფლეი-ოფის შემდეგ, დღეს, საშინაო შეხვედრას „ჩელსისთან" 5-2 მოიგებს და ამაში დიდი დამსახურება სწორედ ქართველზე მოდის. თამაშის შემდეგ, ზემოთხსენებული მედია საშუალების წარმომადგენელი ხვიჩას ჰკითხავს ხედავს თუ არა, ის შარშანდელ სეზონთან მსგავსებას, რაზეც ქართველი ასე უპასუხებს: „კი, რა თქმა უნდა. შარშანაც დასაწყისში ძალიან რთული იყო. თუმცა, შემდეგ გუნდმა მოახერხა ამის გაკეთება. ვიმედოვნებ, წელსაც იგივე იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ფოკუსირებულები ვიქნებით თამაშებზე და ყველაფერს გავაკეთებ გასამარჯვებლად".
დღევანდელი ორი გოლით ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით, ათიანის ნიშნულს გადააცილა. „კვარას" ანგარიშზე, დღეს, „ჩელსის" კარში გატანილი გოლების ჩათვლით 11 გოლი აქვს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი, მათ შორის ორი გოლი „აიაქსის" კარში, თითო „ასტონ ვილას", „ინტერის", „ატალანტას", „ლევერკუზენის", „სპორტინგის", „მონაკოსა" და „ბრესტის" კარში.
„ვფიქრობ, კოლექტიურად დიდი სამუშაო ჩავატარეთ. 3-2-ზე, 4-2-ზე ჩვენ გვინდოდა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა. ჩვენ ვიმუშავეთ დაცვიდან შეტევაზე და პირადად ვარ ძალიან ბედნიერი რათა მოვახერხე გუნდს დავხმარებოდი. ასე უნდა გავაგრძელოთ. წინ ბევრი თამაშია. რთული იქნება, რადგან ვიცით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ დავრჩეთ კონცენტრირებულები, მოვემზადოთ 100 %-ით და ვეცადოთ იქაც გავიმარჯვოთ. ვნახოთ რა მოხდება", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ის ლონდონში 18 მარტს, „სტემფორდ ბრიჯზე" თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
და ბოლოს გეტყვით, რომ დღესვე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" ქართველის გარეშე გასვლით შეხვედრაში „ბოდო/გლიმტთან" 3-0 დამარცხდა.





ჩვენ








