ბრძოლის მიუხედავად მსოფლიო თასის II დივიზიონი მეორე ადგილით დავასრულეთ
ბრძოლის მიუხედავად მსოფლიო თასის II დივიზიონი მეორე ადგილით დავასრულეთ
13.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, მსოფლიო თასის II დივიზიონი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-2 ადგილით დაასრულა. მალტაზე გამართული ტურნირის ფინალში, ჩვენი ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და ნავსი ვერც ამ ჯერზე გატეხა. შეგახსენებთ, რომ გუნდები დღევანდელ შეხვედრამდე სხვადასხვა შეჯიბრზე ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ და დღევანდელი უკვე, მეცხრე შეხვედრის შემდეგ, ცხრავე თამაში მონტენეგროელებს აქვთ მოგებული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი ფინალისტები 22-26 ივლისს ავსტრალიაში, მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ, სადაც მასპინძელი ავსტრალიის გარდა, II დივიზიონიდან მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მსოფლიოს უძლიერეს ხუთ ნაკრებთან (ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი) ერთად იასპარეზებენ. ავსტრალიაში ვერ მოხვდნენ სერბეთის, აშშ-ს, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ნაკრებები.


დღევანდელ მატჩში კი, რომელშიც ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა ჩვენი გუნდი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში ორი ბურთის სხვაობით, 19-17 (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს დღეს ვატო დადვანი გერმანიასთან შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის და შესაბამისად დისციპლინარული სასჯელი გამო აკლდა. რაც შეეხება დუშან ვასიჩს, ის იმავე შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო დააკლდა გუნდს. მათი ადგილი უმნიშვნელოვანეს ფინალურ დაპირისპირებაში ლუკა ჩიქოვანმა და საბა მაჭავარიანმა დაიკავეს.


ბუნებრივია, მონტენეგროსთვის მსგავსი დანაკლისი დიდად შესამჩნევი არ იქნებოდა, თუმცა, ვატოს და დუშანის არყოფნამ გავლენა დღევანდელ შეხვედრაზე მაინც იქონია. თუმცა, ისევე, როგორც გრძელი ტურნირის ბოლოს დაღლამაც, რომელმაც განსაკუთრებით თავი ბოლო პერიოდში იჩინა.


რეალურად, ჩვენმა მეტოქემ მოგვიგო ყველა მეოთხედი, მეორეს გარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო, დასკვნითი მონაკვეთი წინ, ჩვენ ერთი ბურთით ვიყავით წინ. თამაშში კი, ანგარიში მონტენეგროელებმა გახსნეს და პირველ მეოთხედში ერთი ბურთით სულ წინ იყვნენ საწყის წუთებზე, როცა ნიკა შუშიაშვილმა გაათანაბრა (1-1), შემდეგ კი, ველიკო ტანკოსიჩმა (2-2), რომელმაც მალევე დაგვაწინაურა (2-3). ამის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია გათანაბრება და ეს, ამჯერად კარგად ანდრია ვლაჰოვიჩმა გააკეთა (4-4). მონტენეგროელებმა პერიოდის ბოლოს 2 გოლი გაგვიტანეს. ამ მონაკვეთში ჩვენი გუნდის თამაშში, რა ხარვეზიც გამოიკვეთა, გაუკონტროლებელი დრო იყო - სირენამ სამჯერ მოგვისწრო. რაც შეეხება დარტყმებს, ამ მხრივ, კარის მიმართულებით ორივე გუნდს ათჯერ ჰქონდა დარტყმული. მონაკვეთი 6-4 წავაგეთ.


მეორე მეოთხედი ხვიჩა ჯახაიას გატანილი პენალტით დაიწყო, ერთი ბურთი შევამცირეთ (6-5), ამ გოლს ბესო ახვლედიანისა  გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა, რის შემდეგაც სტეფან პიეშივაცის გოლის წყალობით დავწინაურდით 6-7. საქართველოს ნაკრების ამ სამმა უპასუხო გოლმა, მონტენეგროთა მიერ აღებული  წუთშესვენება გამოიწვია, რომლის შემდეგაც, მეტოქემ გაგვითანაბრა, თუმცა, საბა ტყეშელაშვილმა კვლავ დაგვაწინაურა (7-9), შუშიაშვილის გოლის შემდეგ კი, ორი ბურთით ვიყავით წინ ანგარიშში (7-9). საბოლოოდ, პერიოდი 2-6 მოვიგეთ, ტაიმის დასრულებამდე 35 წუთით ადრე კი, ახვლედიანის პენალტით, ტაიმიც ორბურთიანი სხვაობით, 8-10 მოვიგეთ.


მესამე პერიოდი არეულად დავიწყეთ. მონტენეგროელებმა მალე გაგვითანაბრეს და ჩვენ გარკვეული მონაკვეთი, დაწინაურებას, ჯერ ჯახაიას, შემდეგ ახვლედიანის და ბოლოს, პიეშივაცი გოლებით. საბოლოოდ, პერიოდი კი წავაგეთ 4-3, მაგრამ საერთო ანგარიშში ჯერ კიდევ წინ ვიყავით, 12-13.


აი ბოლო, მონაკვეთში კი, „კალაპოტიდან ამოვვარდით", თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, იმატა შეცდომებმა დაცვაში და შეტევის ბოლო ფაზაშიც. მონტენეგრომ მეოთხე პერიოდის საწყის წუთებში სამი ბურთით გაქცევა მოახერხა. ზემოთხსენებულ შეცდომებს, დაემატა გაფუჭებული პენალტიც. თუმცა, ახვლედიანმა მაინც მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა (15-14). შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მონტენეგროელები 3 ბურთით გვისწრებდნენ, თუმცა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ორ ბურთზე მეტად აღარ მისცეს მეტოქეს საშუალება უპირატესობა გაეზარდა - გოლები ახვლედიანმა (17-15), ჯახაიამ (18-16) და ბოლოს ვლაჰოვიჩმა (19-17) გაიტანეს.


ჩვენი ნაკრები საქართველოში ზეგ გამთენიისას დაბრუნდება.