„ძველი“ თუ „ახალი“ „ლაინ-აფი“ - რას გადაწვეტს ვაისი
„ძველი“ თუ „ახალი“ „ლაინ-აფი“ - რას გადაწვეტს ვაისი
04.09.2017
ავტორი:

თბილისის დროით 14:00  საათზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩაფრინდა. ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება, ვენის „ერნსტ ჰაპელის სტადიონზე" ხვალ, 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.  ჩვენს ჯგუფში სერბეთი ლიდერობს - 15 ქულით. ავსტრია კი, რომელმაც 1 სექტემბერს უელსში წააგო 1:0, 8 ქულით მე-4 საფეხურზეა და ახლა, მთელ აქცენტებს, სწორედ ხვალინდელ მატჩზე აკეთებს.

„ახლა, მთელი ფოკუსირება სამშაბათის თამაშისკენაა. საქართველოსთან შეხვედრის მერე, გავარკვევთ გვრჩება, თუ არა შანსი, გავაგრძელოთ ბრძოლა 2018 წლის მსოფლიო ფინალისკენ", - განაცხადა 1 სექტემბერს კარდიფში, წაგებული მატჩის შემდეგ მარსელ კოლერმა, ავსტრიელთა მთავარმა მწვრთნელმა.

რამდენიმე დღის წინ, კარდიფში ჩატარებული თამაშის შემდეგ, ავსტრიის ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი, ერთხმად აღნიშნავდა, რომ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ აკლდათ, დამაგვიგვინებელი ფაზა, რომელსაც საქართველოსთან თამაშში, აუცილებლად გამოასწორებდნენ. დამაგვირგვინებელი ფაზა, არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მინუსიც. ეს კარგად იცის გიორგი ქვილითაიამაც, რომელსაც ირლანდიასთან მატჩში, ეს საქმე ევალებოდა და თანაც, ავსტრიაში შესაძლოა მას უფრო მეტად დააკვირდნენ.

„დამაგვირგინებელ ფაზაში გვიჭირს. დღეს, ეს იყო ჩემი უშუალო მოვალეობა. თუმცა,  ტრავმის შემდგომი პერიოდი არც თუ დიდი ხანია, რაც გავიდა და ჯერ მაქსიმალურ ფორმამდე არ ვარ მისული. კლუბშიც, მხოლოდ 2 შეხვედრის ჩატარება მოვასწარი. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ  მჭირდება სანაკრებო გამოცდილებაც, რომელიც ნელ-ნელა, თამაშით უნდა მოვიდეს. ვთვლი, რომ არ ვარ ბოლომდე გახსნილი, თუმცა შემდეგში ყველაფერი კარგად იქნება", - ეს, გიორგი ქვლითაიას მოსაზრებაა ირლანდიასთან მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, „ერნსტ ჰაპელის სტადიონზე" ბოლო ვარჯიშს გამართავს. 2 სექტემბრის მატჩის შემდგომი პრესკონფერენციიდან გამომდინარე, არაა გამორცხული, ქართველთა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვალინდელ შემადგენლობაში, მცირედი კორექტივებიც შეიტანოს. მითუმეტეს, რომ ჯაბა კანკავას დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა, ირლანდიასთან თამაშშის შემდეგ კი ვაისმა, რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება: „ავსტრიასთან მატჩისთვის, შემადგენლობაში იქნება რამდენიმე ცვლილება. გვიბრუნდება ჯაბა კანკავა, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. ეფექტური ფეხბურთელია გიორგი მერებაშვილი, რომელიც შესაძლოა, ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში იყოს. ვფიქრობ, ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, მაგრამ გიორგი მაკარიძემ დღესაც და მოლდოვაშიც შეცდომები დაუშვა. გეთანხმებით, რომ ბევრ საგოლე მომენტებს ვანიავებთ და ეს პრობლემაა. ირლანდიასთან შეხვედრამ გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ორი ტაიმის თამაში, უბრალოდ ეს დამოკიდებულია ფიზიკურ კონდიციებზე. მე, სამი დღის განმავლობაში არაფერი შემიძლია შევცვალო ფიზიკური მონაცემების მხრივ, როდესაც ფეხბურთელი უთამაშებელია" - ამბობს ვაისი.  

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ვენაში 25 ფეხბურთელით ჩაფრინდა. ვაისის გუნდში არიან: მეარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).