ზამთრის ამბები ორედან
ზამთრის ამბები ორედან
15.02.2019
ავტორი:

შვედეთში, სამთო დასახლება ორეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო  სპორტში, ქართველმა ქალმა მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 52-ე ადგილი დაიკავა. ქართველი სამთო მოთხილამურის სპორტულ კარიერაში ეს, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენმა ორივე ცდა დახურა და აღნიშნული დისციპლინის რეიტინგში მოხვდა. ნინოს მიერ ნაჩვენები დრო, საბოლოო ჯამში +14.83 წმ-ით ჩამორჩა ტურნირის გამარჯვებულის დროს (იხილეთ შედეგები). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი სპორტსმენი იძულებული იყო დაახლოებით 5 კვირა შეესვენა და მხოლოდ, ნოემბრის ბოლოდან განაახლა ვარჯიში, არც თუ ურიგოა.

მსოფლიო ჩემპიონი კი, ორეში სლოვაკი პეტრა ვლჰოვა გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიპოვა, რომელიც პირველ ცდაში ლიდერობდა, თუმცა, საბოლოოდ მან გამარჯვებულთან +0.14 წამით წააგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, მან პეტრასთან +0.28 წამი წააგო.

ხვალ, 16 თებერვალს, ორეში სტარტი ქალთა შორის სლალომში მიეცემა, სადაც ნინო წიკლაური კვლავ იასპარეზებს.

ორეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზევე გიგანტურ სლალომში იასპარეზა ალქესი ბენიაიძემ. ქართველი სამთო-მოთხილამურის სასტარტო ნომერი იყო 77. აღნიშნულ დისციპლინაში 55 ქვეყნიდან 98 სპორტსმენს ჰქონდა ასპარეზობის უფლება. სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენმა პირველი ცდა ვერ დაასრულა (იხილეთ შედეგები).

ერთი დღით ადრე, 14 თებერვალს, გაიმართა სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრი გიგანტური სლალომი, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები იასონ აბრამაშვილმა, ალექსი ბენიაიძემ, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეებმა მიიღეს მონაწილეობა.  შეჯიბრში, რომელშიც 57 ქვეყნის 120 მონაწილემ იასპარეზა, ალექსი ბენიაიძემ 27-ე, სოსო ჯაფარიძემ 28-ე, იასონ აბრამაშვილმა 30-ე და ბესარიონ ჯაფარიძემ 47-ე ადგილები დაიკავეს. სტარტი კი,  შვედმა ალექსი ლინდქუისთმა მოიგო (იხილეთ შედეგები).

ხვალ გაიმართება სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრება ვაჟთა შორის.