
დღეს, სასტუმრო ჰუალინგში გამართული სფფ-ს 29-ე ყრილობის დროს, ოლივერ იუნგიმ, ფიფა-ს განვითარების პროგრამების კოორდინატორმა, საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე საუბრისას 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე ახსენა. მსოფლიო ფეხბბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხარაბაძემ, რომელიც ქართული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ერთი კვირის წინ შვეიცარიულ „ციურიხში" თავი გამოიჩინა, 14 თებერვალს, ევროპა ლიგის მატჩის სასტარტო განაცხადშიც მოხვდა და მინდორზე 90 წუთი დაჰყო. ეს კი, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
ლევან ხარაბაძის შესახებ, ქართული მედიის შეკითხვას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმაც უპასუხა. მედიის ინტერესი 19 წლის ხარაბაძისა და გამოცდილი გიორგი ნავალოვსკის შესაძლო, მოსალოდნელ კონკურენციას ეხებოდა.

„ლევანმა დიდ ფეხბურთში, დაიწყო პროფესიული კარიერა. ის, არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც „დინამოს აკადემიის" აღზდრილია. სწორ გზას ადგას. არის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი. თუმცა, პოზიციურად, მის ფლანგზე, არა მხოლოდ ნავალოვსკი იგულისხმება. მარცხენა ფლანგზე არის დვალი, ტაბიძე. ბუნებრივია, არავინ „ერჩის" ნავალოვსკის, რომელიც ნაკრების „მაისურს" იმსახურებს. ხარაბაძისთვის, შესაძლებლობა - მოხვდეს ნაკრებში, ყოველთვის არის. ერთ შეკრებაზე იყო კიდევაც გამოძახებული, ავსტრიაში. მართალია, არ უთამაშია, მაგრამ გამოავლინა მონდომება. ვუსურვებ, რომ ჩაკვეტაძის გზას დაადგეს, განიცადოს პროგრესი, ისწავლოს, იყოს თავმდაბალი და გახდეს პროფესიოანლი. უცხო ქვეყანაში, თავიდან მას გაუჭირდება, მაგრამ ის, უკვე მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, რაც - უკვე კარგია", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
შეგახსენებთ, რომ ვაისმა, ლევან ხარაბაძის შესახებ, 2018 წელს, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული პრეს-კონფერენციის დროს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 18 წლის ფეხბურთელი იმ 40-კაციან სიაში გამოჰყო, რომელსაც ეროვნულის სამწვრთნელო შტაბი აკვირდება.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოში სფფ-ს რიგით 29-ე ყრილობას დაესწრო. ქართველთა ნაკრების თავკაცმა, ყრილობის დასრულების შემდეგ, ლევან კობიაშვილს ახალი ვადით არჩევა მოულოცა და აღნიშნა: „მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა ლევანისთვის და მისი გუნდისთვის ამ საარჩევნო კამპანიის დროს. ის იყო ერთადერთი პრეტენდენტი და მიმაჩნია, რომ დაიმსახურა ის, მხარდაჭერა, რაც ჰქონდა და აქვს, რადგან მუშაობის 4 წლის მანძილზე შეძლო და გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში. არამხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქართულ ფეხბურთზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მე მჯერა, რომ ლევანი ზუსტად ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო. ის იყო გენიალური ფეხბურთელი და იმსახურებს იმ ნდობასა და მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს", - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.






ჩვენ








