
საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა დღეს „მინსკის საფეხბურთო მანეჟში - АБФФ", პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ბელარუსის 17-წლამდე ქალთა ნაკრების წინააღმდეგ. შეხვდრა ქართველი გოგონების გამარჯვებით 0-1 დასრულდა. 2019 წლის სადებიუტო მატჩში ერთად-ერთი გოლი მეგი ეჯიბიამ გაიტანა.
დღევანდელი შეხვედრა კი, ძირითადად ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით შეხვედრის პირველი 20 წუთი, მათი კარნახით მიმდინარეობდა. თუმცა, ქართველებმა გოლის გატანა, მხოლოდ 82-ე წუთისთვის მოახერხეს, 0-1. მატჩის დანარჩენი დრო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძელი გუნდი გააქტიურდა და მასიურ შეტევაზე გადმოვიდა. თუმცა, ქართველ 17-წლამდე გოგონათა ნაკრები დამატებული ცენტრალური მცველის ხარჯზე გაძლიერდა, კარის მშრალად შენახვაც მოახერხა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც.
„იქიდან გამომიდნარე, რომ ჩვენმა 17-წლამდე ნაკრებმა 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა ბოლოს ერთად, დღეს, როგორც ველოდით რთული შეხვედრა გამოვიდა. მითუმეტეს, რომ ბელარუსი, რომელიც სპეციალურად, ელიტ-რაუნდის მოსამზადებელი ეტაპისთვის შევარჩიეთ სპარინგად, საკმაოდ ძლიერი გუნდია. უპირველესად ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. ამიტომ, დღევანდელ მატჩს და შედეგს, დადებითად ვაფასებთ. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, დავინახეთ ბევრი შეცდომა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროდ. ელიტ-რაუნდში ბელარუსთან შედარებით, ძლიერი მეტოქეები გველის და გუნდი ყველა თვალსაზრისით, ფორმაში უნდა იყოს. დღეს, ნამდვილად კარგი სპარინგი იყო. მინდა, გოგონებს, ეს გამარჯვება მივულოცო", - ამბობს, ლევან ბაჯელიძე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი (კაპიტანი), მეგი ეჯიბია, ანა წულაია (ანა ძაძუა), ნათია დანელია, მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე (ანა აკობიძე), ლიზი მწყერაშვილი (მეგი გოცირიძე), ნათელა წოწერია (მარიამ რომანჩუკი).
სათადარიგო მოთამაშეები: ლანა მჟავია, სალომე თოდუა, ქეთევან ცაავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის გადის მოსამზადებელ ეტაპს. მის ფარგლებში ქართველი გოგონები 21-25 თებერვლის ჩათვლით მინსკში იმყოფებიან და დღევანდელი შეხვედრის გარდა, კიდევ ერთ სპარინგს 24 თებერვალს გამართავენ. შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდებიან და მცირედი შესვენების შემდეგ, მომდევნო, ამჯერად აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა გუნდის წინააღმდეგ თამაშებისთვის, კვლავ თბილისში, 9 მარტიდან შეიკრიბებიან.
საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად შესძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.
მასალა მომზადებულია სფფ-ს ინფორმაციების მიხედვით/ ფოტო სფფ-სი





ჩვენ








