ახალი საფეხბურთო სეზონი სუპერთასით იწყება
ახალი საფეხბურთო სეზონი სუპერთასით იწყება
22.02.2019
ავტორი:

კვირას, გორში თენგზის ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საქართველოს სუპერთასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლებს. საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი  „საბურთალო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

ეროვნული ლიგის ახალი, 2019 წლის სეზონის დაწყებამდე ეს იქნება პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩი, რომელიც მომდევნო სეზონის ათვლას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „საბურთალო", ქვეყნის სუპერთასის მოსაპოვებლად პირველად იბრძოლებს.

„შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, დღეს, პირველი ვარჯიში გვაქვს. ხვალ, თამაშამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. საბედნიეროდ, ტრავმირებულები არ გვყავს. შეკრების შემდეგ, პირველი თამაში ადვილი არ არის. მთლიანობაში, ახალი სეზონისთვის სამზადისმა კარგად ჩაირა. შემადგენლობაში, პატარა ცვლილებები არის, თუმცა ეს თამაშსს არ უნდა დაეტყოს, რადგან ძირითადი შემადგენლობა შევინარჩუნეთ. შეკრებამ კარგად ჩაიარა. მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციონალურად კარგად არიან ბიჭები მომზადებულები და ტრავმები არ გვქონია. ამხანაგურ შეხვედრებში ბევრი რაღაცეები ჩანდა.  ჩანდა ხარვეზები. ოპტიმალური შემადგენლობით თამაში დავინახეთ. მარტო ფიზიკურადაც არ მოვემზადეთ, დავალაგეთ თამაში ტაქტიკურადაც. სუპერთასის წინ გუნდში, კარგი განწყობაა. თამაში, აუცილებლად მოსაგებია. შემართებით ვართ", - ამბობს გია ჭიაბრიშვილის, საფეხბურთო კლუბის „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი და ელიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი.  

რაც შეეხება „ტორპედოს", ქუთაისელები სუპერთასისთვის საბრძოლველად მეოთხედ გამოვლენ. წინა 3 მცდელობიდან, „ტორპედომ" ორჯერ, 1999 წელს „დინამო თბილისთან" 0-1 და 2017 წელს „სამტრედიასთან" 1-2  წააგო, 2018 წელს კი, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა თასისთვის ბრძოლაში „ჩიხურ"ა დაამარცხა 2-1 და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული.

TSFF.GE შეეცადა სუპერთასის მზადების შესახებ საფეხბურთო კლუბისგან ქუთაისის „ტორპედოსგანაც" მიეღო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებზე „ტორპედოს" წარმომადგენლებმა არ გვიპასუხეს.

სუპერთასის შეხვედრა „საბურთალოსა" და „ტორპედოს" შორის გორში, კვირას, 24 თებერვალს, 16:00 დაიწყება. სუპერთასის წინა გათამაშებებისგან განსხვავებით, თასი, რომელსაც 2019 წლის 12 თებერვლიდან, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი ჰქვია (ეს გადაწყვეტილება სფფ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო), ვიზუალითაც განახლებულია.