კვლავ ბრინჯაო დიუსელდორფიდან, გრანდ-სლემი, მეორე დღე
კვლავ ბრინჯაო დიუსელდორფიდან, გრანდ-სლემი, მეორე დღე
23.02.2019
ავტორი:

დიუსელდორფში გრძელდება ტრადიციული ტურნირი ძიუდოში. ტურნირზე საქართველო 7 წონით კატეგორიაში 12 სპორტსმენით არის წარმოდგენლი. ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ის ლუხუმ ჩხვიმიანის ანგარიშზეა. დღეს, კი ქართველების ყულაბაში კიდევ ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო დაემატა.

 73 კგ წონითი კატეგორია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ბრინჯაოს პრიზიორმა - ლაშა შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან, ჩეხ იაკუბ იესმინეკთან სუფთა გამარჯვებით დაიწყო. მისი მომდევნო მეტოქე სამხრეთ კორეელი ჰეონჩეოლ კანგი იყო. ლაშამ შეხვედრა მაღალ დონეზე, დამაჯერებლად ჩაატარა, მეტოქე ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრს - მუსა მოგუშკოვს დაეჭიდა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსთან ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, სადაც მასპინძელი ენტონი ზინგი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 19 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა. ლაშამ ბრძოლა საკმაოდ იოლად, იპონით მოიგო და დიუსელდორფის გრანდ-სლემის მესამე ადგილზე გავიდა.

წილისყრაში არ გაუმართლა ფრიდონ გიგანს, რომელსაც პირველივე წრეში იაპონელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონთან - შოჰეი ონოსთან მოუწია შეხვედრა. შეხვედრის ძირითად დროში, გიგანმა სახელოვან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო. თუმცა, ონომ მაინც შეძლო მომგებიანი გდების გაკეთება და ამით, გიგანისთვის დიუსელდორფის გრანდ-სლემი დასრულდა.  

81 კგ წონითი კატეგორია

ამ წონით კატეგორიაში, პირველ წრეში ბექა დონღვანის მეტოქე აზერბაიჯანელი ფაგან გულუზადა იყო. დონღვანი მეტოქესთან გაფრთხილებებით დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

გიორგი კაციაშვილის პირველი მეტოქე კი, სლოვაკი ფილიპ სტანცელი იყო. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც გამოცდილ ბულგარელთან, ივაილო ივანოვთან მოუწია შეხვედრა. სამწუხაროდ, გიორგი ბოჭვაზე მოყვა და იძულებული გახდა, მეტოქეს დანებებოდა. 

***

შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფის გრანდ-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე გასული საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტიდან, საპრიზო ადგილის მოპოვება მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) შეძლო. გერმანულ ტატამზე დღეს გაცილებით მეტი ქართველი გავიდა, თუმცა, ამაზე მოგვიანებით შევჩერდებით.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ასპარეზობა B ჯგუფიდან დაიწყო და მეორე და მესამე წრეში სირიელი მოჰამად აკაში და აზერბაიჯანელი დავუდ მამაცოი დაამარცხა. მეოთხედფინალში, ჩხვიმიანისა და საფრანგეთის ნაკრების წევრის, ქართველი ლუკა მხეიძის გზები გადაიკვეთა. მხეიძემ მსაჯისგან სამი შიდო მიიღო და ნახევარფინალში ჩხვიმიანი გადავიდა, სადაც ურთიერთობის გარკვევა კიდევ ერთ წარმოშობით ქართველთან - რუსეთის ნაკრების წევრთან, რობერტ მშვიდობაძესთან მოუწია. მშვიდობაძე 60 კგ წონითი კატეგორიის ქართველი ძიუდოისტებისთვის უხერხული მეტოქეა და თითქმის სულ ახერხებს ჩვენი სპორტსმენების დამარცხებას. სამწუხაროდ, ამჯერადაც ასე მოხდა. ლუხუმი მეტოქესთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც სამხრეთ კორეელ ჰარიმ ლის შეხვდა, მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ზედიზედ მეორე წელს, დიუსელდორფის ბრინჯაოს დაეუფლა.

ამავე წონაში გამოდიოდა ჯაბა პაპინაშვილი. რომელმაც მეორე წრეში ფრანგი ვალიდე ხიარი დაამარცხა. თუმცა, უმცროსმა პაპინაშვილმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და მომდევნო წრეში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიგო კიდევ ერთმა ქართველმა. ჰოლანდიის ნაკრების წევრი - თორნიკე ჭკადუა ჩხვიმიანთან ერთად, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი  - გიორგი გუგულაშვილი ჰყავდა. გიორგიმ პირველ შეხვედრაში სერბი სტრაინია ბუნჩიჩი დამაჯერებლად დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი, თავად წააგო ვაზარით სლოვენიელ ადრიან გომბოჩთან.

***

ხვალ, ტურნირის ბოლო დღეა და ტატამზე ვაჟთა შორის სამი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ - 90 კგ, - 100 და +100 კგ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან ველოდებით ავთანდილ ჭრიკიშვილის, ვარლამ ლიპარტელიანის, ლაშა ტაველურის, ონისე ბუღაძისა და ლევან მატიაშვილის გამოსვლას.


მასალა მომაზადა ეკა ელოშვილმა