
დიდი ალბათობით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მაჟორულ ნოტაზე დაასრულებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასასრულის სურვილი და შემართება ქართველ კალათბურთელებს, დღეს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ ბოლო ვარჯიშზე, ნამდვილად ჰქონდა. სხვა საკითხია, რამდენად გამოჰყვათ, სერბეთან გამარჯვების შემდეგ ეიფორია ესტონელებს და რამდენად მოახერხებენ ისინი, ამ მუხტის შენარჩუნებას თბილისის სპორტის სასახლის გადატენილი ტრიბუნების წინაშე. ტრიბუნები კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგული აქვს, მაინც დარწმუნებულნი ვართ, რომ სავსე იქნება. მითუმეტეს, რომ ერთი შესარჩევით არაფერი სრულდება, ილიას ზუროსის გუნდში კი ხვალ, საინტერესო სიახლეებიც იქნება.
"ხვალ, ორწლიანი ციკლის ბოლო შეხვედრა გვაქვს. ჩვენ უნდა მაქსიმალურად კონცენტრირებულები და ფოკუსირებულები ვიყოთ თამაშზე. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, იმისთვის რასაც ამ დროის მანძილზე, თავდაუზოგავად და გულმოდგინედ აკეთებდნენ. ისინი მოედანზე ყოფნისას ყოველ ჯერზე, მთელს გულს დებდნენ. სამწუხაროდ, წავაგეთ თამაშები. ალბათ, საბერძნეთთან, თბილისში, ბოლო წამებზე წაგებულ შეხვედრას გამოვარჩევ, რაც დიდი ალბათობით, გარდამტეხი იყო, მაგრამ ეს კალათბურთია და ასეც ხდება. ხვალ, უნდა კარგად დავასრულოდ. ჩვენ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უნდა მოვიგოთ და კიდევ ერთხელ ისე ვითამაშოდ, როგორც შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ დარბაზი სავსე იქნება, რადგან ამ ციკლის ბოლო თამაშია, თან სახლში", - ამბობს ილიას ზუროსი.
კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის ბოლო, 24 თებერვალის მატჩზე დასასწრები ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში და ელექტრონულად, ჯერ კიდევ იყიდება. საქართველოსა და ესტონეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. თამაშის დღეს, 24 თებერვალს, გულშემატკივრებისთვის სპორტის სასახლეში შესასვლელი კარი 17:30 საათიდან გაისხნება. კალათბურთის ფედერაცია, გულშემატკივარს სთხოვს, მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც მობრძანდნენ თამაშზე.
„ხვალინდელი თამაშისთვის მომზადებულები ვართ. ძალიან კარგი ერთკვირიანი შეკრება გავიარეთ. დასანანია, რომ ხვალინდელი თამაში აღარაფერს წყვეტს. ვერ გავდივართ მსოფლიოზე. ხვალინდელ თამაშსს, მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს - მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროდ. ყველანაირად ვეცდებით, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხვალიდნელი თამაში მოვიგოთ. ამ ციკლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რაღაც დაგვაკლდა. გვქონდა დასანანი მომენტები. მათ შორის გამოვყოფდი მომენტს, როდესაც თავიდან, ციკლის დასაწყისში, მოთამაშეები ვერ ჩამოვედით. მერე იყო ტრავმები. პირველ ეტაპზე ბევრი თამაში წავაგეთ. ყველაზე დასანანი კი, ის არის, რაც თბილისში, საბერძნეთთან, ბოლო წამებზე მოხდა. ის, წაგებული თამაში დღეს გვაკლდება. ის თამაში, რომ მოგვეგო, ბევრს შეცვლიდა", - ამბობს გიორგი შერმადინი.
2018 წელს, თბილისში, ბერძნებთან ბოლო წამზე წაგებული თამაში, დღეს, იმ ხავსს წააგავს, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად, კალათბურთელებიც, გულშემატკივარიც და ჟურნალისტებიც ვებღაუჭებით. ციკლის დასაწყისში, ილიას ზუროსმა, მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, კალათბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, ფედერაცია, მედია და ჟურნალისტები ერთი ოჯახი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით. ბუნებრივია, ეს ასეა და ამიტომ, ზოგჯერ, ოჯახში, ერთი წევრის მიერ თქმული, მეორემ აგრესიულად არ უნდა აღიქვას, რადგან მიზეზით თუ უმიზეზოდ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თამაშში, რიგ შემთხვევებში არის ხარვეზები. თითქოს უმნიშვნელო, რომლებსაც იმავე თამაშში ასწორებენ, მაგრამ რეალურად, სწორედ, იმ მომენტში დაშვებული უყურადღებობის გამო, საბოლოოდ ხელში, წაგებული თამაში გვრჩება. ამიტომ, ვიცით ვისთან და რასთან გვიწევს „ბრძოლა". როცა შესაქებია, არც საქებარ სიტყვებს ვიშურებთ, მაგრამ ზოგჯერ, განსხვავებული პოზიციაც, საბოლოო წარმატებისთვის, უბრალოდ მოსასმენია. ეს ისე, გადახვევა, რადგან თბილისის სპორტის სასახლეში, ეროვნულის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჩვენთან მედიასთან საუბრისას, ილიას ზუროსს შევნიშნე, რომ ჩემმა დასმულმა შეკითხვამ, ოდნავ გააღიზიანა.
„ყველა თამაში განსხვავებულია. ჩვენ, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზდებულ, ათლეტურ გუნდებს ვეთამაშეთ. თუნდაც ისეთს, რომელმაც სერბეთს მოუგო. ზოგმა, შესაძლოა ვერც გაანალოზოს, რას ნიშნავს მოუგო სერბეთს. ესტონელებმა საწყიში თამაშები კარგად ჩაატარეს. ჰყავთ, აგრესიულად მოთამაშე კალათბურთელები. ჩვენის მხრივ, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ხვალ, შევეცდებით გავაკეთოდ მაქსიმუმი. საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა, ვათამაშოთ ახალგაზდრა კალათბურთელები. გოგა ბითაძემ ამ წლის 4 თამაში ითამაშა და ახლა, ჩვენთან ერთად არაა. არ არის თორნიკე შენგელია. არც სანდრო მამუკელაშვილი იქნება. რატი ანდრონიკაშვილმა საბერძნეთში ითამაშა და ხვალიდნელ მატჩში უფრო მეტი დრო გვინდა დავუთმოთ, რადგან მომავალში მოახერხოს დახმარება", - ამბობს ილიას ზუროსი.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთში განცდილი მარცხის მიუხედავად, ჩვენმა გვერდმა სწორედ, ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი გამოარჩია, გიორგი შერმადინისა და თად მაკფადენის შემდეგ. ბუნებრივია, იმ მატჩშიც და საერთოდ მთელს შესარჩევ ციკლშიც, ჩვენ უფრო მეტს ველოდით დუდა სანაძისგან, რომელსაც, ტრავმების გამო არც თუ ძლიერ გაუმართლა. თუმცა, თავად დუდა, შესარჩევი ციკლის შეჯამებისას, ბოლო მატჩამდე კიდევ სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„რთული ციკლი იყო ჩვენთვის, რადგან ყველა შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები გყვავდა. შესაბამისად, ერთი და იგივე გუნდი თითქმის, არც ერთ თამაშზე არ გვყოლია. ამიტომ, სხვა გუნდებთან თამაში ძალიან ძნელი იყო. მაგალითად, ჩეხეთი, რომელმაც ყველა მატჩი, სტაბილურად, ერთი შემადგენლობით ჩაატარა და შეიძლება ითქვას, გზა ადვილად გაიარეს, რადგან შეთამაშებულები იყვნენ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ძნელია, ყველა შესარჩევის დროს ახალ შემადგენლობასთან შეთამაშდე. ასეთ დროს რთულია იპოვნო შენი თამაში, ტაქტიკა. ამიტომ, არა მარტო პერსონალურად მე, ყველას უჭირდა. თუმცა, შემდეგ, მომდევნო თამაშებში გამოგვდიოდა. ეს კალათბურთის ნაწილია. ვფიქრობ, ეს პირველადი ექსპერიმენტი გამოვიდა. გვქონდა კარგი თამაშებიც. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ყველას ჰგონია, რომ ესტონეთთან ადვილი თამაში იქნება, მაგრამ ასე არაა. იმ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშები არიან, მოწყურებული არიან თამაშს. პირველად გამოიძახეს ნაკრებში და დაამტკიცეს, რომ სერბეთთან თამაში მოახერხეს. სამი მეოთხედი, მხოლოდ ახალგაზრდებმა ითამაშეს, 20-23 წლის ბიჭებმა. ამიტომ, იგივეს გააკეთებენ აქაც. ველოდებით ძლიერ, აგრესიულ თამაშსს. ჩვენთვის მიზანი კი, არის მოგება. ბოლო თამაშია ციკლის და ვთხოვთ ხალხს, მხარი დაგვიჭიროს", - ამბობს დუდა სანაძე.
შეგახსნებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა, საბერძნეთში განცდილი მარცხის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. თუმცა, საერთაშორისო რეიტინგისთვის ესტონეთთან გამარჯვება გვჭირდება. მსოფლიოს შესარჩევის ბოლო მატჩამდე, ზუროსის გუნდმა, თბილისის სპორტის სასახლეში კომბინაციებში ივარჯიშა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზუროსის დაქვემდებარებაში, ესტონეთთან თამაშისთვის გამოძახებული ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალიდნელი მატჩისთვის მზად.
მასალა მოამზადა თამარ ჯიშკარიანმა
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








