
დიუსელდორფის გრანდ-სლემის ბოლო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების ხუთი წარმომადგენელი გამოდიოდა - ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), ლაშა ტაველური (-100 კგ), ონისე ბუღაძე (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
90 კგ წონითი კატეგორია
ჩვენდა სამწუხაროდ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტურნირზე გამოსვლა მაღალი სიცხისა და ანგინის გამო ვერ შეძლო. ქართველი მსოფლიო ჩემპიონი რუს მიხაილ იგოლნიკოვს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო, ის შეჯიბრებიდან მოიხსნა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრების წევრმა - ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90 კგ) საპრიზო ადგილის დაკავება ვერ შეძლო. ნიკო ჯერ მეოთხედფინალში, ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან დამარცხდა; რეპეშაჟში კი, რუს მიხაილ იგოლნიკოვს ვერ აჯობა.
-100 კგ წონითი კატეგორია
ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. პირველ მეტოქედ მას ბულგარელი დანიელ დიჩევი ერგო, რომელსაც ლიპომ ლამაზი გდებით მოუგო. თუმცა, შემდეგ, მოულოდნელად ვაზარით დამარცხდა იაპონელ კენტარო იიდასთან.
პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში ლაშა ტაველური, რომელსაც მეტოქედ ლატვიელი იევგენის ბოროდავკო ჰყავდა. აქტიურად დაწყებული შეხვედრა, საბოლოოდ, ლაშას მარცხით დასრულდა და ტაველური ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
+100 კგ წონითი კატეგორია
ონისე ბუღაძის მეტოქე პირველ წრეში ყირგიზეთის წარმომადგენელი - იური კრაკოვეცკი იყო, რომელიც ქართველთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა. მომდევნო წრეში, ბუღაძეს უკვე იაპონური ბარიერი შეხვდა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჰისაიოში ნარასავა. შეხვედრის დასაწყისში, სპორტსმენებმა ორ-ორი შიდო მიიღეს. თუმცა, ამის შემდეგ, იაპონელმა მალევე გატეხა ბუღაძის წინააღმდეგობა და ქართველი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა.
ლევან მატიაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო. მისი პირველი მეტოქე გამოცდილი ბრაზილიელი - რაფაელ სილვა გახლდათ. სამწუხაროდ, მატიაშვილმა გოლიათ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო; ძირითად დროშივე მიიღო სამი გაფრთხილება და მისთვის ტურნირი ამ ეტაპზე დასრულდა.
ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრანდ-სლემი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








