„ტორპედომ“ ტიტული შეინარჩუნა
„ტორპედომ“ ტიტული შეინარჩუნა
24.02.2019
ავტორი:

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 2019 წლის საფეხბურთო სეზონის პირველი მატჩი გაიმართა. ტრადიციულად, ეროვნული ლიგის დაწყებამდე, საქართველოს ორი საფეხბურთო მარათონის 2018 წლის გამარჯვებულებმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ" და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა ქუთაისის „ტორპედომ", ერთმანეთში სუპერთასი გაითამაშეს.

ალბათ, ის ვინც 2018 წლის საფეხბურთო სეზონის მიწურულს და ეროვნული ლიგის დაწყებამდე გუნდების სამზადისს ადევნებდა თვალს, დღეს, ქუთაისელთა გამარჯვებას იწინასწარმეტყველებდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სეზონებს შორის, ორივე გუნდმა მეტ-ნაკლები ცვლილებები განიცადა, იმერლები მატჩის დაწყებამდეც კი, უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ.

კახა ჩხეტიანის გუნდმა, შეხვედრა შეტევებით დაიწყო და  პირველ ტაიმში, რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა. მათ შორის ალბათ, ორს გამოვარჩევდით.  პირველს, როდესაც გრიგოლ დოლიძის დარტმული ხარიხას მოხვდა და ქვეყნის ჩემპიონი აშკარა გოლს გადაურჩა და ტორპედოელთა შესრულებით, მომდევნო სახიფათო მომენტს, რომლის დროსაც, ნოდარ ქავთარაძის დარტყმული, საბურთალოელთა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედო" „თენგიზ ბურჯანაძეზე" მთელი შეხვედრის მსვლელობისას დომინირებდა და „საბურთალოს" ელემენტარული თამაშის საშუალებას არ აძლევდა. „საბურთალო" კი თავის მხრივ, დღეს უჩვეულოდ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში არ გამოიყურებოდა სახარბიელოდ. ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრა, მიმდინარე სეზონში პირველია და ამდენად, თბილისელთა ქომაგების გასამხნევებლად, ერთი შეგვიძლია ვისურვოთ, რომ ჩემპონმა მოძებნოს ის რესურსი და თამაში, რომელიც არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას, არამედ, ზაფხულში ევროტურნირების დროსაც აუცილებლად დასჭირდება.

ქუთაისელთა შემადგენლობაში კი, კარგად ჩაჯდა გუნდში დაბუნებული ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ასევე შეეძლო დღეს, „ტორპედოში" დაბრუნება გოლით აღენიშნა. თუმცა, საქართველოს 2018 წლის ერთ-ერთი ბომბარდირი, ამჯერად მხოლოდ, საგოლე გადაცემით შემოიფარგლა. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე, მერაბ გიგაურმა გაიტანა.

„რა თქმა უნდა მოხარულები ვართ, რომ სეზონი ტიტულით დავიწყეთ და ქუთაისის „ტორპედოს" კიდევ ერთი თასი შევმატეთ. ბედნიერი ვართ იმითაც, რომ ჩემი გოლის წყალობით მოვიგეთ. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთედ, შევასრულეთ მწვრთნელის ყველა დავალება და წარმატებას მივაღწიეთ. ქუთაისის „ტორპედოს" ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ გამარჯვებას", - ამბობს მერაბ გიგაური, მატჩის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ" პირველად სუპერთასი 2018 წელს მოიპოვა, წელს კი ტიტულის შენარჩუნება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას, ამაღლებული განწყობით ხვდება.

„ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს ამ გამარჯვებისთვის. მინდა ჩვენს გულშემატკივარს, მორიგი ტიტული მივულოცო. დაძაბული თამაში იყო. „საბურთალო" ნამდვილად კარგი გუნდია. ვთვლი, რომ ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ  საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი, რომელიც წელს ახალი დიზაინიათ არის დამზადებული, ამიერიდან სახელობითია და ის, სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.

***

მატჩის ტექნიკური მონაცემები:

„საბურთალო": მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, გი (გვარაძე 59), გორგიაშვილი, დიასამიძე (გოშთელიანი 75), ტერა (ალთუნაშვილი 70) გონსალვეში, კოხრეიძე

„ტორპედო": კვასხვაძე, ცინცაძე (ჩაჩუა 77), გიგაური, ქავთარაძე, ზივზივაძე (კაპანაძე 85), აზაცკი, სტიეპოვიჩი, გეგჭკორი, დოლიძე (წიქარიძე 63), ქიმაძე, კობახიძე

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი ასისტენტები: დავით ჩიგოგიძე, გიორგი ელიკაშვილი  დამატებითი ასისტენტები: გიორგი ვადაჭკორია, ჯენერი ხორავა მეოთხე მსაჯი: ზაზა მენთეშაშვილი

გაფრთხილება: ტერა (34), კოხრეიძე (43), გორგიაშვილი (73), ქიმაძე (55), გეგეჭკორი (80)

ჩვენი ფოტო-რეპორტაჟი